პირველი გალაქტიკები

ბუნებაში თითქმის ყველაფერს აქვს დაჯგუფებისკენ მიდრეკილება. მაგალითად – ადამიანებს. აიღეთ რუკა და ნახავთ ალაგ-ალაგ დასახლებულ ადგილებს, ზოგან დიდს, ზოგან მცირეს, რომელთაც ერთმანეთისგან უზარმაზარი სრულიად უკაცრიელი სივრცე აშორებს. ასე არიან ცხოველებიც, მცენარეებიც. ასეა არაცოცხალი ბუნებაც, მათ შორის კოსმოსში, ვთქვათ – ვარსკვლავები. ისინი ხშირად გვხვდება წყვილ-წყვილად (მათ ორმაგი ვარსკვლავები ჰქვიათ), რამდენიმე ერთად (ჯერადი ვარსკვლავები), ათასი ან მილიონი ვარსკვლავისგან შემდგარ ჯგუფებად (მათ, შესაბამისად, ღია და სფერულ გროვებს უწოდებენ). და ბოლოს, გალაქტიკები – ისინი, როგორც წესი, მხოლოდ ჯგუფებად არსებობენ. ამ შეჯგუფებებს გრავიტაციის ძალა განაპირობებს. სამყაროში ეულად მოხეტიალე, „მარტოსული” გალაქტიკები ძალზე დიდი იშვიათობაა.

ჩვენი გალაქტიკა – ირმის ნახტომი – ასევე გალაქტიკური „ოჯახის” წევრია, რომელიც 30-ზე მეტი წევრისგან შედგება და რომელსაც „ადგილობრივ ჯგუფს” უწოდებენ. ვარსკვლავთ სისტემების სხვა დაჯგუფებებს, რომელთაც გალაქტიკათა გროვები ჰქვია, ან თანავარსკვლავედების მიხედვით არქმევენ სახელებს, ან კატალოგის ნომრის მიხედვით. ჩვენს „ოჯახში” შედის ირმის ნახტომის ორი თანამგზავრი – დიდი და მცირე მაგელანის ღრუბლები (ისინი ჩანან მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროდან), ასევე სახელგანთქმული ანდრომედას ნისლეული – გალაქტიკა, რომელიც შეუიარაღებელი თვალით ჩანს ცაზე, და სხვები, რომელთაც საკუთარი სახელები, სამწუხაროდ, არა აქვთ (თუმცა არსებობს უამრავი გალაქტიკა, რომელთაც „ზედმეტსახელებით” მოიხსენიებენ, როგორც წესი, ფორმის მიხედვით, მაგალითად, „სომბრერო”, „სიგარა”, „კომეტა”, „ბორბალი” და სხვა).

ადგილობრივი ჯგუფის ერთი ბოლოდან მეორემდე მანძილი 10 მილიონი სინათლის წელია. ანდრომედას გალაქტიკას 2.5 მილიონი სინათლის წელი გვაშორებს. ის პირდაპირ ჩვენკენ მოემართება დაახლოებით 100-150 კმ/წმ-ში სიჩქარით. დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს დავეჯახებით, ორი გალაქტიკის ვარსკვლავები ერთმანეთს შეერევა და ერთ გიგანტურ ელიფსურ გალაქტიკად იქცევა. მსგავსი შეჯახებები სამყაროში ჩვეულებრივი მოვლენაა.

ამით დაჯგუფება არ მთავრდება. გალაქტიკათა გროვები თავად ერთიანდება და უფრო მაღალი იერარქიის სისტემებს – ზეგროვებს ქმნის. ასეთია, მაგალითად, ქალწულის ზეგროვა – Virgo supercluster (მდებარეობს ქალწულის თანავარსკვლავედში), რომელშიც ჩვენი ადგილობრივი ჯგუფიც შედის. ის აერთიანებს გალაქტიკათა 100-მდე ჯგუფს და გროვას, ხოლო დიამეტრი დაახლოებით 100 მილიონი სინათლის წელია. გალაქტიკათა ზეგროვები ყველაზე დიდი იერარქიული სტრუქტურაა სამყაროში.

გროვები და ზეგროვები სამყაროში უჯრედისებრ სტრუქტურას ქმნის, სადაც გროვები განთავსებულია კვანძებში, ხოლო მათ შორის სივრცე თითქმის ცარიელია.

ახლახან ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა, უზუსტესი ხელსაწყოების დახმარებით, აღმოაჩინა ყველაზე შორეული და, შესაბამისად, ყველაზე ადრეული ვარსკვლავთ სისტემები, რაც კი დღემდეა ცნობილი – „ბნელი ეპოქის” შემდგომი პირველი გალაქტიკები. „ბნელ ეპოქას” (dark ages) ხატოვნად უწოდებენ დიდი აფეთქების შემდგომ პერიოდს, როდესაც სამყარო ცივი და ბნელი იყო, ვარსკვლავები კი ჯერ არ არსებობდა. შემდგომ, პირველმა ვარსკვლავებმა ხელახლა აანთეს სამყარო, ასე ვთქვათ, ახალი სიცოცხლე შთაბერეს მას.

Hubble Ultra Deep Field (HUDF) – ჰაბლის ულტრა-შორი ველი – ასე ჰქვია ჰაბლის ტელესკოპით მიღებულ სივრცის გამოსახულებას ორიონის თანავარსკვლავედის სამხრეთით, ღუმლის თანავარსკვლავედში (ეს თანავარსკვლავედი მე-18 საუკუნეში შემოიყვანეს ფრანგი ქიმიკოსის ლავუაზიეს პატივსაცემად, რომელიც ქიმიურ ცდებს ღუმლებში ატარებდა). ჰაბლის ტელესკოპმა შეაღწია დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 400-800 მილიონი წლის შემდგომ ეპოქაში, რაც ყველაზე შორეული ადგილია, რასაც კი ოდესმე ოპტიკური ტელესკოპის ხედვის არე გაწვდომია. HUDF-ის გამოსახულებას უჭირავს ფართობი, რომელიც სავსე მთვარის ერთი მეათედის ტოლია, რაც მთელი ცის ფართობის დაახლოებით ერთ ცამეტმემილიონედს შეადგენს. ასე ჩანს ერთი კვადრატული მილიმეტრის ზომის ოთხკუთხედი ერთი მეტრის მანძილზე. ამ გამონასახში 10 ათასი გალაქტიკაა მოთავსებული. კამერის ექსპოზიცია მილიონ წამს გრძელდებოდა (დაახლოებით 11.6 დღე). იმავე მგრძნობიარობით მთელი ცის დაკვირვებას ჰაბლის ტელესკოპი მილიონ წელს მოანდომებდა.

სამყაროს ულტრა-შორი გამოსახულების ანალიზმა აჩვენა, რომ გალაქტიკათა წარმოშობის ადრეულ ეტაპებზე ვარსკვლავების ფორმირება უფრო სწრაფად ხდებოდა, ვიდრე ამჟამად. „თანამედროვე” გალაქტიკების უმრავლესობას მოწესრიგებული ფორმა აქვს – ძირითადად ელიფსის და სპირალის (როგორც ანდრომედას). პირველი გალაქტიკები კი უმეტესწილად ქაოტური, არაწესიერი ფორმის აღმოჩნდა – წესრიგი და სტრუქტურა სამყაროს ფართომასშტაბიან წარმონაქმნებში ჯერ კიდევ არ იყო დამყარებული. თვით გალაქტიკებიც უფრო სწრაფად ევოლუციონირებდნენ. HUDF-ის მონაცემებმა მეცნიერებს საშუალება მისცა, უკეთ შეესწავლათ გალაქტიკების ევოლუცია.

HUDF-ი დღესდღეობით სამყაროს ყველაზე შორეული ობიექტების ოპტიკურ გამონასახს წარმოადგენს. 2014 წლისთვის დაგეგმილია სამყაროში კიდევ უფრო შორს შეღწევა (შესაბამისად, უფრო მიახლოება დიდი აფეთქების დროსთან) – გაცილებით დახვეწილი კოსმოსური ტელესკოპებისა და ხელსაწყოების საშუალებით.

კომენტარები