ჩრდილოეთ ირლანდიის არჩევნები: ყოფილი მტრები კვლავ ერთიან მთავრობას ქმნიან

თუ გაერთიანებული სამეფოს მთელ რიგ რეგიონებში, 5 მაისის ადგილობრივ არჩევნებზე კონსერვატიული, ლიბერალ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ჩრდილოეთ ირლანდიაში მათ გამარჯვების შანსიც კი არ ჰქონდათ. შინ ფეინი და დემოკრატიული უნიონისტების პარტია (DUP) მცირე ზომის პოლიტიკური გაერთიანებების მხარდამჭერების გადაბირებას წარმატებით განაგრძობენ. მთავარი ინტრიგა ის იყო, მოაგროვებდა თუ არა შინ ფეინი DUP-ზე მეტ ხმას და მოახერხებდა თუ არა მისი ლიდერი მარტინ მაკგინესი, DUP-ის ლიდერის, პიტერ რობინსონის პირველი მინისტრის პოსტის დაკავებას. 

ჩრდილოეთ ირლანდიის აღმასრულებელ ხელისუფლებაში მინისტრებს ხუთი პარტია ნიშნავს. მათი რაოდენობა, არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მიერ მოპოვებული ხმების პროპორციულად ნაწილდება. საკანონმდებლო ასამბლეის  წევრები პროპორციული საარჩევნო სისტემით შეირჩევიან. სენსაცია არ მოხდა და ხელისუფლება მმართველობაში უცვლელად დაბრუნდა. თუმცა არჩევნებმა, რეგიონის შედარებით პატარა ზომის პოლიტიკური გაერთიანებებისთვის საგრძნობი ცვლილებები აჩვენა.
 
ჩრდილოეთ ირლანდიის 26 საბჭოს 582-ვე ადგილის ბედი უკვე გარკვეულია. ულსტერელმა უნიონისტებმა და სოციალ-დემოკრატიულმა ლეიბორისტულმა პარტიამ (SDLP) მანდატები DUP-ისა და შინ ფეინის სასარგებლოდ დაკარგეს. DUP-მა 175 ადგილი მოიპოვა, შინ ფეინმა – 138, ულსტერელმა უნიონისტების პარტიამ – 99, SDLP-მ – 87, ალიანსმა კი – 44.
 
მარტინ მაკგინესი და პიტერ რობინსონი, საკუთარი პარტიების შედეგებით კმაყოფილნი უნდა იყვნენ. ამგვარი შედეგები DUP-სა და შინ ფეინს შორის ახალი, უჩვეულო ალიანსის შექმნას განაპირობებს. ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსებს წარმოადგენენ: პირველი ბრიტანეთთან კავშირს ემხრობა, მეორე კი გაერთიანებული ირლანდიის ქომაგია. გარდა იდეოლოგიური დაპირისპირებისა, აღსანიშნავია ერთი ფაქტიც: მაკგინესი რადიკალური მოძრაობის, ირლანდიის რევოლუციური არმიის შტაბის უფროსი იყო. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, რეგიონის სოციალურ-
ეკონომიკური საკითხების მოსაგვარებლად, ეს ორი პარტია სულ უფრო ახლო თანამშრომლობას ამჯობინებს. 
 
არჩევნებამდეც, DUP-ი და შინ ფეინი, ჩრდილოეთ ირლანდიას ერთი გუნდივით მართავდა. სხვა პარტიები ჩიოდნენ, მათ ორპარტიული ადმინისტრაცია შექმნესო. წელს ისინი ბიუჯეტის შეკვეცაზეც შეთანხმდნენ და ბელფასტური ტრადიციისთვის უჩვეულოდ, კომპრომისულ ვარიანტზე შეჯერდნენ. აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, ისინი ცდილობდნენ, გადაწყვეტილებების მიღება საერთოდ გადაედოთ. ამას კრიტიკოსები საკითხებისადმი თავის არიდებად აფასებდნენ.
 
DUP-ის და შინ ფეინის დაახლოება მათი ლიდერების პიროვნულმა კავშირებმა განაპირობა. რობინსონი და მაკგინესი ერთმანეთს მეგობრებს უწოდებენ. წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც კი მათ დაუწერელი კოდექსი შემოიღეს: თავისუფლად გამოხატავდნენ განსხვავებულ აზრებს, მაგრამ სერიოზული კონფრონტაციის აცილებას ცდილობდნენ.
 
ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკური პროცესები, 1998 წელს გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების გაგრძელებაა. ამ შეთანხმებამ რეგიონის ასამბლეას საკანონმდებლო უფლებამოსილება მიანიჭა. ნაციონალისტებსა და უნიონისტებს შორის წლების მანძილზე მიმდინარე სისხლიანი დაპირისპირება, რომელსაც „უსიამოვნებების” სახელითაც მოიხსენიებდნენ, დასრულდა.  

კომენტარები