გორდონი: მოსკოვთან ურთიერთობა მეგობრების ხარჯზე არ მოხდება

აშშ-ს მიზანია რუსეთთან ურთიერთობა საერთო ინტერესების სფეროში, თუმცა არა ვაშინგტონის მეგობრების ხარჯზე. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ გორდონმა გააკეთა. აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის საკითხთა ქვეკომიტეტის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გორდონმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია ისეთი პრობლემებით, როგორიც არის რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა და რუსეთ-საქართველოს საკითხი.

ევროპაში მშვიდობისა და დემოკრატიის კუთხით მიღწეულ „მნიშვნელოვან წარმატებებზე“ საუბრისას გორდონმა აღნიშნა, რომ აშშ „მტკიცედ უჭერს მხარს“ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნებში - საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში დემოკრატიის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას. გორდონის თქმით, აშშ ამ კუთხით აქტიურად მუშაობს.

ფილიპ გორდონი კავკასიის რეგიონში არსებულ მდგომარეობასაც შეეხო. მისი თქმით, ევროკავშირის, აშშ-სა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, რეგიონში პროგრესი შეინიშნება. თუმცა, გორდონმა აღნიშნა, რომ ტერიტორიული დისპუტები, ასევე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების საჭიროება საერთო სტაბილურობისთვის „სერიოზულ დაბრკოლებად“ რჩება.

 

 „ჩვენი მტკიცე ჩართულობა და გულუხვი მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს გამხდარიყო დემოკრატიისკენ მსწრაფველი ქვეყანა და NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი ავღანეთში,“ აღნიშნა გორდონმა „ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განვაგრძობთ საერთაშორისო ძალისხმევას, რათა ვიპოვოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა.“

 

გორდონმა  საჩხერეში გუშინ მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა ცხინვალის რეგიონში იწვევს ისეთ ინციდენტებს, როგორიც 18 მაისს ადმინისტრაციულ საზღვართან მოხდა. მისი თქმით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო მონიტორების არყოფნა პრობლემას წარმოადგენს. „მაშინ, როდესაც ევროკავშირის სადამკვირველო მისიის საშუალებით საერთაშორისო საზოგადოებამ იცის, თუ რა ხდება საქართველოს არასადავო ტერიტორიაზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ ცოტა რამ იცის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე,“ თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ. 

კომენტარები