#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/rasmusennnnnn.png##fbimage#
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ალიანსის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩიკაგოს უნივერსიტეტში რუსეთ-NATO-ს ურთიერთობებზე საუბრისას, რასმუსენმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ალიანსს შორის კვლავ რჩება უთანხმოება ”ისეთ პრინციპულ საკითხზე”, როგორიც საქართველოა. ”NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს მისი საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები ამ კუთხით,” აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ”ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ მსგავსი უთანხმოებების განხილვაზე, თუმცა არ უნდა დავუშვათ, რომ ამგვარმა განსხვავებებმა ჩვენი პარტნიორობის პარალიზება მოახდინოს,” დასძინა მან.
აშშ-ი ტურნეს ფარგლებში რასმუსენი ჯორჯიას შტატში დობინსის საჰაერო ძალების ბაზასაც ესტუმრა. ამერიკელ სამხედროებთან საუბრის დროს მან ავღნეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობას გაუსვა ხაზი.




