2018 წლისთვის, საქართველოს ახალი ჰიდროელექტროსადგური – ხუდონჰესი ექნება. ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის წინასამშენებლო სამუშაოები უკვე წელს, ხოლო თავად ობიექტის მშენებლობა 2012 წელს დაიწყება და 6 წელიწადში დასრულდება. 200 მეტრამდე კაშხლისა და რეზერვუარის მშენებლობა 1 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული.
„ეს, ფაქტობრივად, ერთ ობიექტში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიციაა”, – ამბობს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი.
ხუდონჰესის პროექტი, ბევრ სხვა დეტალთან ერთად, მოიცავს კაშხლის, რეზერვუარის და 500-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობას. მისი სიმძლავრე 750 მეგავატია. ეს ყოველწლიურად 1.5 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას ნიშნავს. წინასწარი გათვლებით, ხუდონჰესის მშენებლობის შემდეგ, ქვეყნის გენერაცია დამატებით 20%-ით გაიზრდება. შესაბამისად, მოიმატებს ელექტროენერგიის ექსპორტი და დასტაბილურდება ფასი.
ხუდონჰესს საერთაშორისო კომპანია Continental Energy-ს შვილობილი კომპანია Trans Electrica Ltd ააშენებს. Trans Electrica Ltd, საკუთარი ვებგვერდის თანახმად, „არის კომპანია, რომელიც ცნობილი არარეზიდენტი ინდოელების და ადგილობრივი ქართველი პარტნიორების მიერ
დაფუძნდა და საქართველოში არსებული ჰიდროენერგორესურსების ათვისებას ისახავს მიზნად”.
კომპანია Continental Energy ხუდონის პროექტს ტექნიკურ-ეკონომიკურად 1.5 წლის განმავლობაში შეისწავლიდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგური „უნიკალური საინვესტიციო შესაძლებლობაა”.
კომპანიის შეფასებით, საქართველოში, სადაც 26 ათასი მდინარეა, წლიური 15 ათასი მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი. ეს ნიშნავს ყოველწლიურად 80 მილიარდი კილოვატსაათის ელექტროენერგიის მიღების პოტენციალს.
დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის საქართველოში სამი მდინარეა მიმზიდველი – ენგური, რიონი და მტკვარი. ხუდონის ჰიდროელექტროსადგური ენგურის კასკადების სისტემის ნაწილია. ეს სისტემა დღეს ორ ჰიდროელექტროსადგურს – ენგური (1320 მეგავატი) და ვარდნილი (220 მეგავატი) – მოიცავს. ორივე სადგურის ერთად მუშაობით 5.5 მილიარდი კილოვატსაათის ელექტროენერგიაა ათვისებული. მდინარე ენგურის ჰიდრორესურსების პოტენციალი 2-ჯერ მეტად – 10.3 მილიარდ კილოვატსაათად არის შეფასებული. ამ პოტენციალის სრულად ათვისებისთვის, ხუდონის გარდა, კიდევ სამი ჰესის – ხაიშიჰესის, ტობარისა და ფარიჰესის – აშენებაა საჭირო.
ხუდონჰესის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო – გაიყვანეს ჰესამდე მისასვლელი გზა. წყლის მიმწოდებელი ტურბინებისა და შემდეგ ამ წყლით ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის აუცილებელი გენერატორების მოსათავსებლად მოამზადეს მთა, რომლის შიგნითაც კილომეტრობით გვირაბები გათხარეს. გამოიყო ადგილიც, სადაც კაშხალს და რეზერვუარს ააშენებდნენ.
1989 წელს მშენებლობა შეჩერდა. მიზეზი გარემოსდაცვით და სეისმურ რისკებზე სხვადასხვა ჯგუფების აპელირება გახდა. სეისმური რისკები დღის წესრიგში 1988 წელს სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დადგა. მოგვიანებით, ხუდონჰესის დიზაინი ისე შეიცვალა, რომ რიხტერის შკალით 8 ბალის ნაცვლად, 9-ბალიანი მიწისძვრისთვის გაეძლო. ამ მოდიფიკაციამ ის გამოიწვია, რომ მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა თავდაპირველი 1.7 მილიარდი კილოვატსაათიდან დღევანდელ 1.4 მილიარდ კილოვატსაათამდე შემცირდა.
2006 წელს ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული რისკები მსოფლიო ბანკმა შეისწავლა. 2009 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გარემოზე ზემოქმედების რისკები მინიმალურია ჰიდროელექტროსადგურის ადგილმდებარეობის გამო – ხუდონჰესი მდინარე ენგურზე არსებულ სხვა ჰიდროელექტროსადგურებთან შედარებით, ყველაზე მაღლაა. სეისმურ რისკებთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკმა აღნიშნა, რომ თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების გამოყენებით, ადვილად შეიძლება მათი დაძლევა ისე, რომ ამან ელექტროენერგიის მოცულობის შემცირება არ გამოიწვიოს.
ხუდონჰესის მშენებლობაზე ინდურ კომპანიასთან ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება. 21 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში, კომპანია ამ პროექტის მინიჭებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 2 მილიონ დოლარს გადაიხდის.




