გამთანაბრებლობა VS შემწყნარებლობა

მთავრობისა  და თავისუფალი ბაზრის როლზე  საზოგადოებაში ბევრს დავობენ. მთავრობის მიზანია ამომრჩეველი ცხოვრებით კმაყოფილი ჰყავდეს, შესაბამისად – ხელისუფლებაში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. თავისუფალი ბაზარი მთავრობას ამ მიზნის მიღწევას ურთულებს, რადგან ცხოვრებით კმაყოფილების ერთ-ერთ ცენტრალურ კომპონენტს – შემოსავალს, თანაბრად არასდროს ანაწილებს.

Northwestern University-მ გამოიკვლია, თუ რა ტიპის ადამიანი უპირისპირდება უფრო ხშირად სხვას და ამჟღავნებს ცხოვრებით უკმაყოფილებას. ამისთვის კვლევის ავტორმა, ჯეიმს ლინდგრენმა თავისუფალი ბაზრის მომხრე-მოწინააღმდეგეების ფსიქოლოგიური პორტრეტები შეადგინა: მოწინააღმდეგეები, მომხრეებთან შედარებით, ნაკლებად ტოლერანტულები და ემოციურად უარყოფითად დამუხტულები აღმოჩნდნენ.

ლინდგრენი 1980-2004 წლებში ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ რეგულარულად ჩატარებული ზოგადი სოციალური გამოკითხვის (GSS) 16 რეპრეზენტატულ შერჩევას დაეყრდნო. მან 18 წელზე უფროსი, შემთხვევითად შერჩეული 535-დან 16 ათასამდე რესპონდენტის პასუხი გააანალიზა.
 
ტოლერანტულობის გასაზომად, რესპონდენტები ხუთ განსხვავებულ ჯგუფს (რასისტები, ჰომოსექსუალები, კომუნისტები, რადიკალი მილიტარისტები და ათეისტები) სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით აფასებენ. ლინდგრენმა ეს შეფასებები სოციალური თანასწორობისა და კაპიტალიზმისადმი არსებულ დამოკიდებულებებს შეადარა.
 
კვლევამ აჩვენა, რომ ის, ვინც ტრადიციულად რასისტულ შეხედულებებს გამოხატავს, დადებითად აფასებს სოციალური თანასწორობის იდეას და კაპიტალიზმის წინააღმდეგია. ის კი, ვინც კაპიტალიზმის მომხრეა და შემოსავლის ხელოვნურ გათანაბრებას ეწინააღმდეგება, ჩვეულებრივ, უფრო განათლებული,  შეძლებული, ნაკლებად რასისტი და არაპოპულარული ჯგუფების მიმართ ტოლერანტულია.
 
სხვადასხვა შეხედულებების გამო, კაპიტალიზმის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების ქცევებიც განსხვავებულია. კაპიტალიზმის მომხრეები უფრო ხშირად და ხელგაშლილად ეწევიან ქველმოქმედებას და ზოგადად, უფრო მიდრეკილნი არიან ალტრუისტული ქცევის განხორციელებისკენ. 
 
სოციალური გათანაბრების მოწინააღმდეგეები, მომხრეებთან შედარებით, უფრო ტოლერანტულები არიან და თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ.
GSS-კვლევის ერთ-ერთი კომპონენტის მიხედვით, რესპონდენტები თვითშეფასების კითხვარს ავსებენ. პერსონალური ანგარიშების გაანალიზებამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც მთავრობისგან შემოსავლების დონის გათანაბრებას მოითხოვენ, უფრო ძუნწები არიან და ამ მიზნის მიღწევას დამოუკიდებლად არ ცდილობენ. მაგალითად, არ აბრუნებენ ზედმეტ ხურდას, არ იმეტებენ ფულს საქველმოქმედო ან სხვა ტიპის ალტრუისტული მიზნებისათვის, გარდა ერთისა – ქუჩაში მდგომ შემწეობის მთხოვნელ ადამიანს, კაპიტალიზმის მომხრეებთან შედარებით, უფრო ხშირად ეხმარებიან.
 
სოციალური გათანაბრების მოწინააღმდეგენი თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ. 1996 წლის GSS-კვლევაში თავისი ემოციონალური მდგომარეობა 900-მა რესპონდენტმა შეაფასა. ლინდგრენმა ეს შეფასებები სოციალური თანასწორობის შესახებ არსებულ დამოკიდებულებებს შეადარა.
 
კვლევამ აჩვენა, რომ სოციალური თანასწორობის მოწინააღმდეგეები, ამ იდეის  მომხრეებთან შედარებით, უფრო ხშირად გრძნობენ თავს ბედნიერად და ცხოვრებაში მეტ ინტერესს ავლენენ. სოციალური თანასწორობის მომხრეებში ჭარბობს სიბრაზე, ნაღველი, მარტოსულობისა  და შფოთვის შეგრძნება. აქედან სიბრაზის განცდა ყველაზე ხშირია. ეს ემოციური მდგომარეობა, თავისუფალი ბაზრის მომხრეებთან შედარებით, მათში ორჯერ უფრო დიდხანს ნარჩუნდება. გაბრაზებაზე ყველაზე უფრო ხშირი საპასუხო რეაქცია, სოციალური თანასწორობის მომხრეების მხრიდან შურისძიების  დაგეგმვაა.
 
ამ შედეგებით  Northwestern University-ს უახლესი კვლევა თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ეკონომიკის ავსტრიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ლუდვიგ ფონ მიზესის თეზისს ამყარებს: სოციალური თანასწორობის მომხრეებს ძირითადად სხვისი ქონების მიმართ შური და კაპიტალისტურ სისტემაში საკუთარი ადგილით გამოწვეული ფრუსტრაცია ამოძრავებთ. 

კომენტარები