წინა კვირას, პარლამენტის გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ წელს საქართველოს მთავრობა ახალ 900-მილიონიან ვალს აიღებს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ევრობონდების გამოშვებით მოზიდული სახსრები ძველი დავალიანების დაფარვას მოხმარდება.
ახალი ვალის მოცულობა უტოლდება მარტში მედიაში დაანონსებული საპენსიო რეფორმის საწყის ღირებულებას. ზედიზედ რამდენიმე მასშტაბური ვალდებულების აღება განსაკუთრებით სარისკოდ გამოიყურება დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე. ოფიციალური შეფასებებით, წლიურმა ინფლაციამ 14%-ს მიაღწია. ეკონომიკური ზრდა კი უახლოესი 20 წლის განმავლობაში საშუალოდ 4% იქნება.
პარლამენტმა, სახელმწიფო ვალის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება, პირველი მოსმენით დაამტკიცა. მისი მიხედვით, 2011 წელს სახელმწიფო ვალის სრული მოცულობის გაზრდა დასაშვები იქნება. ცვლილება კანონის გარდამავალ დებულებებში შევა და საქართველოს მთავრობას ევრობონდებით ვაჭრობაში მონაწილეობის საშუალებას მისცემს. ევროობლიგაციებით ვაჭრობის შედეგად, სახელმწიფო 900 მილიონი ლარის ოდენობის სესხის მოზიდვას გეგმავს.
საქართველოს სახელმწიფო ვალი (საშინაო და საგარეო სახელმწიფო ვალის ჯამი) მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 47%-ია, აქედან საგარეო ვალი – მშპ-ს 38%. ქვეყანას საშინაო ვალიც აქვს – 912 მილიონ ლარამდე. ამ თანხის მეოთხედზე მეტი, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებული სახსრებია.
2005 წლიდან ეროვნულ ბანკს მთავრობისთვის ფულის სესხება ეკრძალება. თუმცა კომერციულ ბანკებზე ის რეფინანსირების სესხებს გასცემს და შემდეგ კომერციული ბანკები სახაზინო ვალდებულებებს შეისყიდიან. საბიუჯეტო დეფიციტის ამგვარი დაფინანსება ინფლაციის რისკს განსაკუთრებით ზრდის. მთავრობაზე ფულის გასესხების ახალი სქემა, პრაქტიკულად, ფულის ბეჭდვის მეთოდია. ეროვნული ბანკი ხაზინაში ახალ ფულს აგროვებს, რომელიც კერძო სექტორიდან არ გამოთავისუფლებულა. გამოდის, რომ ბაზრის ყველა მოთამაშეს იმდენივე ფული აქვს, რამდენიც ადრე ჰქონდა. მხოლოდ ხაზინას აქვს მეტი. რადგან ამ ახალ ფულზე რეალურად მოთხოვნა არ არსებობს, მისი მსყიდველუნარიანობა იკლებს. წელს გაზრდილი ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს გახდა.
ინფლაცია სახელმწიფო ვალზეც აისახება. ფულის მასისა და ინფლაციის ზრდის გამო იმატებს საშინაო ვალი. ინფლაციას იგივე ეფექტი აქვს საგარეო ვალზეც: რადგან ის ძირითადად დოლარშია დენომინირებული, ქვეყანას ვალის გასტუმრებაც ამ ვალუტაში უწევს. როცა ლარის კურსი ეცემა,
დოლარის ყიდვა სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება. შესაბამისად, ქვეყანას, ვალის გასასტუმრებლად, ბიუჯეტიდან მეტი თანხის გადახდა უწევს.
2009 წელს, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის 228.8 მილიონი ლარია გადახდილი. აქედან თითქმის ნახევარი – 112.9 მილიონი ლარი პროცენტების დაფარვას მოხმარდა. 2010 წელს იმავე მიზნით ქვეყანამ 261.3 მილიონი ლარი გადაიხადა. აქედან 135.9 მილიონი ლარი პროცენტების მომსახურებაზე დაიხარჯა. 2011 წლის ბიუჯეტში საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის 332.8 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აქედან 193.9 მილიონს პროცენტები „შეჭამს”.
სახელმწიფო ბიუჯეტს, ვალებში ყველაზე მეტის გადახდა, 2013 წელს მოუწევს. დოლარის დღევანდელი კურსით თუ ვიანგარიშებთ, ამ წელს საგარეო
ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის, ქვეყანას 1 მილიარდ ლარზე მეტი ექნება გადასახდელი. აქედან უდიდესი ნაწილი, 500 მილიონი აშშ დოლარი (დაახლოებით 800 მილიონი ლარი) სწორედ ევროობლიგაციების გამოშვების შედეგად მოზიდული დავალიანებაა. ევრობონდების საპროცენტო განაკვეთი 7.5%-ია. 2009 წლიდან მოყოლებული, ქვეყანა მათში ყოველწლიურად 37.5 მილიონ დოლარს იხდის. თანაც, თუ 2009 წელს დოლარი თითქმის 1.4 ლარამდე დაეცა, დღეს ის საშუალოდ 1.75 ლარი ღირს.
ევროობლიგაციების გამოშვების გადაწყვეტილებას, წინ რუსთავი 2-ის პროგრამა P.S.-ის მიერ გაშუქებული ფინანსთა მინისტრის ახალი ინიციატივა უძღოდა. სოციალური რეფორმის სამუშაო ვერსიის თანახმად, საქართველოს მთავრობა 2013 წლიდან, პენსიების 100 დოლარამდე მომატებას გეგმავს. ეს სახელმწიფო ხარჯებს 900 მილიონი ლარით გაზრდის – ზუსტად იმდენით, რამდენის მოზიდვაც ევრობონდების გამოშვებით იგეგმება.
ეკონომიკის წელიწადში 4%-ით ზრდის პირობებში, მთავრობის პოლიტიკური ვალდებულების – პენსიების გაზრდის დაფინანსება ბიუჯეტს გაუჭირდება. ამიტომ ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, დამატებითი რესურსის მოზიდვა, სპეციალურად შექმნილი ფონდის საპენსიო ანგარიშზე, 10%-იანი სავალდებულო შენატანის დაწესებით მოხდება.
საგადასახადო ტვირთის მკვეთრი ზრდა მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკონომიკური ზრდის ტემპს. ეს მთავრობასაც კარგად ესმის. ამიტომ საპენსიო რეფორმის დაფინანსების ალტერნატიულ ვარიანტებზე ინტენსიურად მუშაობს. ერთ-ერთ გზად შესაძლოა, ვალის ზრდაც განიხილებოდეს.
თუმცა მთავრობა ამას კატეგორიულად უარყოფს. სახელმწიფო ვალის შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტის მიხედვით, საგარეო ფასიანი ქაღალდების ემისიით მიღებული დამატებითი შემოსულობები, ბიუჯეტში გაწერილი ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის დასაფინანსებლად არ იქნება გამოყენებული.
მეორე საკითხია რეალურად რამდენად შეიძლება ამის გაკონტროლება. ბიუჯეტის უნივერსალურობის პრინციპიდან გამომდინარე, მთელი თანხა, მათ შორის ვალიც, ხაზინაში გროვდება და შემდეგ კონკრეტულ ამოცანებზე ნაწილდება. შესაბამისად, რთული იქნება იმის გარკვევა, რომ პენსიების ზრდას სწორედ სესხებით მოზიდული თანხა არ მოხმარდა.
საპენსიო რეფორმის მედიით გავრცელებულ ვერსიაში, 2012-2013 წლებში საპენსიო პაკეტის ეტაპობრივი ზრდაა გაწერილი. საბოლოოდ, 2013 წლის
ბოლოდან, დაპირებული 100-დოლარიანი პენსია მხოლოდ გაჭირვებულ მოსახლეობას შეხვდება. ამასთან, 2015 წლის 1 იანვრიდან, პენსია ყველა იმ ადამიანს, ვისაც იმ დროისთვის საპენსიო ასაკი მოუწევს, აღარ დაენიშნება – მას მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფები მიიღებენ. დანარჩენებზე თანხა სავალდებულო დანაზოგებიდან განაწილდება, რაც შესაძლოა, დაპირებულ 100 დოლარზე ბევრად ნაკლები იყოს.
ფინანსთა სამინისტროს კარგად ესმის, რომ ამ რეფორმის პოლიტიკური ფასი მაღალია – დოკუმენტში აღნიშნულია: „პენსიების გაუქმება მოსახლეობის უმეტესობის უკმაყოფილებას გამოიწვევს”. ამდენად, ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება, რომ ყველა პენსიონერი 100-დოლარიან პენსიას მიიღებს, ახალი სქემის მიხედვითაც, მთლიანად ვერ სრულდება.
„დაგროვების” ამ მეთოდით, მთავრობა მოქალაქეს ართმევს არჩევანის საშუალებას, ფული მისთვის უფრო ხელსაყრელი ფორმით დააბანდოს – შვილის განათლებაში ჩადოს, უძრავი ქონება ან ოქრო შეიძინოს. მაღალი ინფლაციის პირობებში „დაგროვება” თავისთავად მითია: ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი ბოლო 12 წლის მანძილზე წლიურ 7.3%-ს შეადგენდა. დაბალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, „დაგროვებას” აზრი არ აქვს.
დღეს ევრობონდის განაკვეთი 7.5%-ია. მომავალი საპროცენტო განაკვეთის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, პაპუნა დავითაშვილს თუ დავუჯერებთ, „ვაჭრობის დროს პროცენტის მაჩვენებელი ჩვენთვის არახელსაყრელ ნიშნულზე თუ გაჩერდება, წესები საქართველოს მთავრობას ბონდების გამოშვებაზე უარის თქმის უფლებას აძლევს”. ეს იმას ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი 7.5%-ს არ ასცდება. ამასთან, მინისტრის მოადგილის ვარაუდით, ევრობონდების ვადა 7-დან 10 წლამდე განისაზღვრება. ამდენად, სახელმწიფოს ბევრად უფრო იაფი დაუჯდებოდა, პენსიები ევროპული საფონდო ბირჟიდან ნასესხები თანხით გაეზარდა.
სამინისტროს განმარტებით, „დაუშვებელია ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებული სახსრების, კრედიტების ან სხვა დეფიციტური წყაროებიდან მიღებული სახსრების მიმართვა მიმდინარე ხარჯების – მათ შორის, პენსიების ან ხელფასების გასაზრდელად”. ფინანსთა სამინისტროს არგუმენტია: რადგან პენსიების ზრდა ერთჯერადი ხარჯი არაა, ამიტომ მისი დეფიციტური წყაროდან დაფინანსება მიმდინარე დეფიციტს კიდევ უფრო მეტად გაზრდის, რაც ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება.
არგუმენტი ერთი შეხედვით საღია, თუმცა დამაჯერებლობას და თანმიმდევრულობას კარგავს, თუ რამდენიმე გარემოებას გავითვალისწინებთ.
საქართველომ ევრობონდი პირველად 2008 წელს გამოუშვა, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 1.6 მილიარდი აშშ დოლარი, მთლიანი შიდა პროდუქტი 12.8 მილიარდი აშშ დოლარი იყო, მშპ-ს ზრდამ კი – 9.6% შეადგინა. 2006-2007 წლებში სახელმწიფოს სტრატეგია საგარეო ვალდებულებების შემცირება იყო. ფართომასშტაბურმა პრივატიზაციამ, ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებამ თუ დიდმა დაბანდებებმა, ბიუჯეტი იმ პერიოდში პროფიციტულიც კი გახადა. შესაბამისად, ქვეყანას რეალურად ჰქონდა შესაძლებლობა, ძველი ვალები დაეფარა და დამატებითი სესხი არ აეღო. საქართველომ, პირიქით, ევროობლიგაციების ბაზარზე განთავსებით, 2013 წელს გადასახდელი ვალი გააორმაგა.
ფინანსთა სამინისტრო შეშფოთების საბაბს ვერ ხედავს. მინისტრმა, დეკემბერში, წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა: „[ვალის] თანხა ახლავე ხელმისაწვდომი ჩანს, რადგან დღესაც კი ქვეყანას 1 მილიარდამდე ნაშთი გააჩნია. დამატებითი რესურსების მოზიდვის გარეშეც ამისთვის მზად ვართ”. გაუგებარია, მილიარდამდე ნაშთის არსებობის პირობებში, რატომ არ ხდება დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირება: მოკლევადიანი შოკი გრძელვადიან ეკონომიკურ გაჯანსაღებას მოიტანდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ 2008 წელს ევრობონდების გამოშვებით მიღებული სახსრები, ძირითადად რუსეთის აგრესიის შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის ლიკვიდაციას და გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებას მოახმარა. ამ ზოგადი განმარტების გარდა, ფინანსთა სამინისტრო ვერ აკონკრეტებს, დეტალურად რა მიზნებისთვის დაიხარჯა ეს ფული.
მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე ვალის აღებამ და ქვეყნის ეკონომიკაში დამატებითი თანხების „ჩასხმამ” – არ გაამართლა. აშშ-ში ქვეყნის საგარეო ვალის მოცულობა კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი საგანია. ევროპის უმეტეს ქვეყნებს პრობლემები არა ეკონომიკურმა ვარდნამ, არამედ ვალის დიდმა მოცულობამ შეუქმნა. ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ამ ქვეყნებმა ქამრების მოჭერის პოლიტიკა არჩიეს – ვალის აღების ნაცვლად, ხარჯები მკვეთრად შეკვეცეს.
ფინანსთა სამინისტროს სოციალური რეფორმის სამუშაო ვერსიის მიხედვით, პენსიებთან ერთად, სოციალური დახმარებების ზრდაც იგეგმება. სრულიად შესაძლებელია, გაზრდილი ვალდებულებების დასაფარავად, სახელმწიფოს გადასახადის მომატება კიდევ მოუწიოს. ეს კერძო ინვესტიციებს შეამცირებს და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის მიღწევას გაართულებს. ზომიერი ინფლაციის პირობებშიც კი, „დაგროვება” ვერ მოხერხდება. შესაბამისად, გაზრდილი ხარჯის დაფინანსება მთავრობას ისევ დეფიციტური წყაროებიდან მოუხდება. ამდენად, ევრობონდებით მოზიდული სახსრებით პენსიის ზრდის პოლიტიკური ვალდებულების დაფინანსება, მაინც უფრო მომგებიანი გამოვა.
პირველად, სახელმწიფო ვალის სრული მოცულობის გაზრდის გამონაკლისი, საქართველოს მთავრობამ 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ დაუშვა. უახლესი ცვლილებებით ამ გამონაკლისს 2011 წელიც დაემატება.




