ბილდტი, Twitter-ი და საგარეო პოლიტიკა

“ცოტაც და თბილისში გავფრინდებით, ახალი საელჩო უნდა გავხსნა. მნიშვნელოვანი რეგიონია. ვიმედოვნებ, რომ ბაქოსა და ერევანშიც მალე წავალ”, – გვამცნო შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ით. აქვე იმასაც ვიგებთ, რომ სირიასა და ლიბიაში მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოში ვიზიტი, დაგეგმილი ორი დღის ნაცვლად, რამდენიმე საათს გასტანს, რომ რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი მომხიბლავია და რომ საქართველოში მოვლინებული დაიანა იანსე შვედეთის ყველაზე ახალგაზრდა ელჩია. 

კარლ ბილდტის შეტყობინებებს მაღალი თანამდებობის პირისთვის მოულოდნელი გულწრფელობა ემჩნევა. ისიც აშკარაა, რომ მათ თავად მინისტრი და არა მისი პრესსამსახური წერს. ამის მიუხედავად, გაკვირვება მაინც ვერ დავმალე, როდესაც საელჩოს გახსნისადმი მიძღვნილ მიღებაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და Twitter-ზე შეტყობინების აკრეფა დაიწყო – “ახლახან უზარმაზარი ტორტი დავჭერი”, – გვახარა მან. 

კარლ ბილდტისა და ინტერნეტის სიყვარული არახალია – 1994 წელს, შვედეთის პრემიერ-მინისტრობისას, მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბილ კლინტონს იმეილი გაუგზავნა. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოს ისტორიაში, როდესაც ერთი ქვეყნის პირველი პირი, მეორე ქვეყნის პირველ პირს ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდა. 
 
გასულ წელს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, Washington Post-ში წერილი გამოაქვეყნა, სადაც რონალდ რეიგანის სიტყვებს იმეორებს, ოღონდ ამჯერად ვირტუალური სივრცის შესაზღუდად აღმართული კედლების გარღვევას ითხოვს. ის ინტერნეტის ხელმისაწვდომობას ადამიანის თანდაყოლილი უფლებების რანგში განიხილავს. 
ბილდტი დაიბადა 1949 წელს ჰალანდში, ნორვეგიულ-დანიურ-შვედური წარმოშობის დიდგვაროვანთა ოჯახში. საგარეო საქმეთა მინისტრის დიდი ბაბუა – ბარონი გილის ბილდტი შვედეთის მე-5 პრემიერ-მინისტრი გახლდათ. ბილდტის ოჯახის ნორვეგიულ შტოს კი ამ ქვეყნის მეფესთან, ჰააკონ V-სთან მივყავართ. 
 
“კარლ ბილდტი სხვებზე ბევრად გულწრფელი და აზრიანი ადამიანია, – ამბობს ჩარლზ გრანტი, ლონდონში დაფუძნებული ინსტიტუტის, ევროპული რეფორმის ცენტრის მკვლევარი New York Times-თან საუბარში, – არაფრით გამორჩეულ მინისტრებს არ უყვართ უფრო ჭკვიანი და მცოდნე კოლეგა, რომელსაც ბევრად უკეთესი კავშირები და სტრატეგიული ხედვა აქვს, ვიდრე მათ”. 
 
ცივი ომის დროს, ნეიტრალურ  შვედეთში გაზრდილი ბილდტი არცთუ ნეიტრალურ დამოკიდებულებას ავლენდა მოსკოვის მიმართ – 1968 წელს, 19 წლის ასაკში ის შვედეთის რადიოს თხოვნით, ინფორმაციას საბჭოთა ინტერვენციის შესახებ, პრაღიდან გადმოსცემდა. მოსკოვისადმი ადეკვატური დამოკიდებულება არც პოლიტიკური კარიერის განმავლობაში შეუცვლია, რაც ხშირად გამხდარა მისი უცხოელი კოლეგების უკმაყოფილების მიზეზი. სწორედ მან შეადარა 2008 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია ნაცისტური გერმანიის ტაქტიკას და სუდეტის კრიზისს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღიად აკრიტიკებდა რუსეთის პოლიტიკას უკრაინაში. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მისი პირდაპირობა და რუსეთისადმი მკაცრი დამოკიდებულება აღიზიანებდა როგორც გერმანიას, ისე საფრანგეთს – სწორედ ეს ფაქტორები გადაეღობა ბილდტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენლის პოსტისკენ მიმავალ გზაზე. ამბობენ იმასაც, რომ გულანთებული ატლანტისტის კარიერა ევროკავშირის სტრუქტურებში, მისი და ვაშინგტონის მჭიდრო ურთიერთობამაც დააბრკოლა. 
 
მემარჯვენე-ცენტრისტმა პარლამენტარმა სახელი 80-იან წლებში გაითქვა, როდესაც მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, სოციალ-დემოკრატ ულოფ პალმეს დაუპირისპირდა საბჭოთა წყალქვეშა ნავების მიერ, შვედეთის ტერიტორიული წყლების დარღვევის ფაქტზე. 1986 წელს ის ზომიერი (იგივე მემარჯვენე-ცენტრისტული) პარტიის ლიდერი გახდა, ხოლო 1991 წელს შვედეთის პრემიერ-მინისტრი. 
 
დიდი ხნის განმავლობაში მემარჯვენეების ხელისუფლებაში ხილვა შვედეთში ეგზოტიკად ითვლებოდა. ასტრიდ ლინდგრენისა და სტიგ ლარსონის სამშობლოს, სოციალ-დემოკრატები მართავდნენ. გამონაკლისს წარმოადგენდა ტორბიორნ ფალდინის ცენტრისტული და ბილდტის ზომიერი პარტიები. 
 
კარლ ბილდტზე საუბრისას, ხშირად გაიგონებთ, რომ მან იგივე ჩაიდინა შვედეთში, რაც მარგარეტ თეტჩერმა დიდ ბრიტანეთში – შეამცირა სამთავრობო ხარჯები – გაკრიჭა სოციალური პროგრამები და მოახდინა სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია. იმავეს აგრძელებს ხელისუფლების სათავეში 2006 წელს დაბრუნებული, ზომიერი პარტიის ამჟამინდელი ლიდერი და შვედეთის პრემიერ-მინისტრი ფრედრიკ რაინფელდტი. 
ბილდტის პოლიტიკურ კარიერაში მნიშვნელოვანი  როლი ითამაშა ბალკანეთში, გაეროს სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით მოღვაწეობამ. სამშობლოში დაბრუნებისას, ის მეფეზე პოპულარული იყო.
 
ტაბულას საშუალება მიეცა თბილისში სტუმრად მყოფ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გასაუბრებოდა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
 
ევროკავშირსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესახებ წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქართული მხარისთვის მოულოდნელად, ბრიუსელმა მოლაპარაკებების დასაწყებად ახალი წინაპირობები წამოაყენა. რით ახსნით ამას?
 
ვფიქრობ, რომ ეს ევროკავშირის ზოგადი პოლიტიკის ნაწილია და არა იმდენად საქართველოს, რამდენადაც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში მიღებულ გამოცდილებას უკავშირდება – პირველ რიგში ბალკანეთის ქვეყნებს ვგულისხმობ, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ პირობებს ასრულებენ. ჩვენ მათი სიტყვები არ გადაგვიმოწმებია, ბოლოს კი გაირკვა, რომ ბევრი რამ არ შეუსრულებიათ. ის საყვედური, რაც თბილისში მოვისმინე, ისმის ანკარაში, ზაგრებში. მოკლედ რომ გითხრათ, ევროკავშირის დამოკიდებულება გამკაცრებულია, მაგრამ ეს საქართველოს არ უკავშირდება. მე ვიტყოდი, რომ ეს გაფართოების პოლიტიკის გამოცდილების შედეგი უფროა.  
 
როგორ შეაფასებდით რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის შედეგებს?
 
აბა რა გითხრათ, რამდენიმე შედეგის გამოყოფა შეიძლება. ამერიკელები იტყვიან, რომ ყველაზე აღსანიშნავი START-ის ხელშეკრულებაა. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ახლო აღმოსავლეთის და ირანის მიმართულებით – ამ დონის თანამშრომლობას აქამდე ადგილი არ ჰქონია და ესეც აღნიშვნის ღირსია. მაგრამ სხვა შედეგებიც უნდა დადგეს. ევროპაში გადატვირთვის შედეგები ნაკლებად ხელშესახებია. აქ კვლავინდებურად გვაქვს გაყინული კონფლიქტები, იქნება ეს საქართველო თუ დნესტრისპირეთი. ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ეს პრობლემები რუსეთთან ურთიერთობის განმსაზღვრელი ფაქტორია. 
 
რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და არ აკეთებს?
 
ვფიქრობ, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრობლემა მყისიერად ვერ გადაწყდება. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული კარგა ხანს იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ევროპელებმა შევინარჩუნოთ ერთიანი პრინციპული პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. თუმცა ამავდროულად არ უნდა გაგვიჩნდეს იმის ილუზია, რომ ეს საკითხი ერთი ხელის მოსმით შეიძლება მოგვარდეს. ერთადერთი, რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს, ისაა, რომ გააძლიეროს რეფორმები, იაროს დემოკრატიული კურსით და განავითაროს ეკონომიკა. ამ ყველაფერმა საქართველო მიმზიდველ ქვეყნად უნდა აქციოს და მოამზადოს იმ დროისთვის, როდესაც მსოფლიოში ცვლილებები დაიწყება.
 
დემოკრატიული კურსი ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, რა არის ქართული დემოკრატიის მთავარი გამოწვევა?
 
საქართველომ ამ კუთხით ბევრ წარმატებას მიაღწია. ვიცი, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე მიდის მოლაპარაკებები. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური სპექტრი ამ საკითხზე შეთანხმდეს. ვხვდები, რომ ეს რთული პროცესია. როდესაც ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა შევცვალეთ, დაახლოებით 15 წელი ვმსჯელობდით მანამდე, სანამ კომპრომისის გზით კონსენსუსს მივაღწევდით – ეს კანონმდებლობა ახლა უკვე 30 წელია მუშაობს. ეს ის სფეროა, სადაც უებარი საშუალება არ არსებობს და კომპრომისი აუცილებელია.
 
მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ განაგრძოს ეკონომიკური განვითარება და უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს. ამ მხრივ კარგად მიდიხართ, მაგრამ ეს ყოველდღიური ბრძოლაა, რაც ხშირად რეგიონში არსებულ მდგომარეობაზეცაა დამოკიდებული. ვფიქრობ, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი დაგეხმარებათ სტაბილურობის მიღწევაში, რაც საქართველოსადმი ნდობას აამაღლებს. 
 
მაგრამ ევროკავშირი საქართველოს ზედმეტად ლიბერალური ეკონომიკური კანონმდებლობისთვის აკრიტიკებს და ისეთ დათმობებს ითხოვს, რამაც შეიძლება საქართველო ინვესტიციებისთვის არცთუ მიმზიდველ ქვეყნად აქციოს…
 
კი, ასეთებიც ხდება. ამის გამოცდილება ჩვენც გვაქვს. ევროკავშირში გაწევრიანებამდე ჩვენი სასოფლო სამეურნეო პოლიტიკა ბევრად უფრო ლიბერალური იყო, მაგრამ გაწევრიანებისას კომპრომისზე წასვლა მოგვიწია და შედეგად, ბევრად უარესი სასოფლო სამეურნეო სისტემა მივიღეთ. ფერმერები კმაყოფილები არიან – ბევრ სუბსიდიას იღებენ. ვფიქრობ, ისინი ამას არ იმსახურებენ. ცხადია, შვედეთი გაცილებით კარგ ეკონომიკურ პირობებში იმყოფება, მაგრამ ჩვენი სასოფლო სამეურნეო პოლიტიკა უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო.
 
ორი სიტყვით ევროპელების პრინციპულობის შესახებ. პრეზიდენტ სარკოზის 6-პუნქტიანი შეთანხმება არ სრულდება. როგორ ფიქრობთ, ეს დოკუმენტი ევროპაში დავიწყებას ხომ არ მიეცა?
 
ევროკავშირის მთავარი მიზანი 2008 წელს ომის შეწყვეტა იყო. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ რუსეთმა შეთანხმება შეასრულა. პირიქით, ყველა შეხვედრაზე ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთმა 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები სრულად უნდა შეასრულოს. ვერ ვიტყოდი, რომ ეს რუსეთ-ევროპის ურთიერთობაში მთავარი საკითხია, მაგრამ დღის წესრიგიდან არ გამქრალა.
 
 “კადაფი გარეთ, თავისუფლება შინ” – წერდით Twitter-ზე ლიბიის შესახებ. როგორ მივაღწევთ ამ მიზანს?
 
 ჩვენ ყველას გვსურს, ორ კვირაში, ლიბია აყვავებულ ეკონომიკად და სტაბილურ დემოკრატიად იქცეს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ჩვენს ხელთ არსებული რესურსი არ არის საკმარისი ამ მიზნის მისაღწევად. ლიბიის მომავალი თავად ლიბიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ახლა მთავარია, გაეროს მანდატის ფარგლებში ვიმოქმედოთ და სისხლისღვრა შევაჩეროთ, ხოლო შემდეგ პოლიტიკურ პროცესს გავუკვალოთ გზა. ამ პროცესზე პასუხისმგებელი ლიბია იქნება, ჩვენ შეგვიძლია ლიბიელებს დავეხმაროთ, მაგრამ პროცესის შედეგებს ვერ განვსაზღვრავთ. 
 
როგორ ფიქრობთ, რა შედეგებს მოუტანს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები რეგიონში ისედაც მყიფე მშვიდობას? რა გავლენას მოახდენს რევოლუციური ტალღა ისრაელზე?
 
ყველაზე მეტად, სირიაში მიმდინარე პროცესები მაღელვებს. პრეზიდენტის სიტყვამ იმედი გამიცრუა. სირიის სტრატეგიული მნიშვნელობა გაცილებით აჭარბებს ლიბიისას. იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სირიაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.  

კომენტარები