კერძო საინვესტიციო კომპანიამ Fidelity Investments-მა – 2006 წლიდან უკვე მეოთხედ – მდიდარი ამერიკელები და მათი ეკონომიკური შეხედულებები და პროგნოზები გამოიკვლია. კვლევა ელექტრონული კითხვარით ჩატარდა. კომპანიამ ათასი მდიდარი ოჯახი გამოჰკითხა. რესპონდენტები ორი ძირითადი ნიშნის მიხედვით შეირჩა: სულ მცირე, მილიონი დოლარის ღირებულების ქონება და გადაწყვეტილების მიმღების სტატუსი. კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელ მილიონერებს ყველაზე მეტად ორი რამის – პენსიაზე გასვლამდე გაღარიბების და მაღალი გადასახადების – ეშინიათ.
ეკონომიკური კრიზისის ყველაზე საშიშ გვერდით ეფექტად, რესპონდენტთა ¾ გადასახადების ზრდას მიიჩნევს. 63%-ს გადასახადების ზრდასთან დაკავშირებული რისკების შეფასება უკვე დაწყებული აქვს. 36% ინვესტიციების გააქტიურებას იმ სფეროებში აპირებს, რომლებიც გადასახადებისგან გათავისუფლდება. 25% უძრავ ქონებაში ინვესტირებას გეგმავს. საგადასახადო ლიბერალიზაციის მომხრეა 22%.
ამერიკელი მილიონერების 42% თვლის, რომ ჯერ სათანადოდ მდიდარი არ არის. კვლევის მიხედვით, მილიონერი ოჯახების ქონება (ინვესტირებისთვის გამოსადეგი აქტივები) საშუალოდ 3.5 მილიონ დოლარს შეადგენს. 10 მილიონერიდან ოთხი არ თვლის, რომ მდიდარია მაშინ, როცა ამ აქტივებთან ერთად, მათი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 379 ათასი დოლარია. 40%-ის შეფასებით, სულ მცირე, 2-ჯერ მეტი – 7.5 მილიონი დოლარია საჭირო იმისათვის, რომ თავი ნამდვილ მდიდრად იგრძნონ.
ამერიკელი მილიონერების განმარტებით, გამდიდრებაში ხელს მათ ფინანსური კრიზისის შემდეგ შემცირებული ეკონომიკა უშლის. თუმცა იმედი აქვთ, რომ ეკონომიკა უახლოეს მომავალში გაჯანსაღდება. ეკონომიკურ სტაგნაციასთან დაკავშირებული მთავარი შიში ისაა, რომ საკუთარი აქტივების გახარჯვას პენსიაზე გასვლამდე მოასწრებენ. თუმცა 69%-ს უკვე მოფიქრებული აქვს ფინანსური გეგმა, 81% კი ხელმომჭირნედ ხარჯავს.
რესპონდენტთა მესამედი ამბობს, რომ სრულად დაიბრუნა ის თანხა, რომელიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს დაკარგა. 68%-ს არ ჰგონია, რომ მერყევი ბაზარი ეკონომიკის ახალი ნორმა გახდება. 43% აღიარებს, რომ 2008-2009 წლის კრიზისმა ინვესტირების კუთხით ბევრი რამ ასწავლა. ფინანსურმა კრიზისმა მხოლოდ 17%-ს გაუქრო ინვესტირების სურვილი.
ამერიკელი მილიონერების აზრით, ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ბიზნესისა და მომხმარებლების მხრიდან გააქტიურებული ხარჯვა იქნება. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში 2011 წლის ბოლომდე, მათი აზრით, უძრავი ქონების სექტორი დარჩება.
2009 წელს გლობალური სიმდიდრე 11.5%-ით, 111.5 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის (BCG) რეიტინგში მილიონერი ოჯახების რაოდენობით – 4.7 მილიონი – პირველ ადგილზე აშშ, მეორეზე – 1.2 მილიონი – იაპონია, მესამეზე კი – 670 ათასი – ჩინეთი მოხვდა. სინგაპურში, სადაც სულ 5.1 მილიონი მოსახლეა, მილიონერი ოჯახების ყველაზე დიდი კონცენტრაცია – ქვეყნის მოსახლეობის 11.4% – გამოვლინდა. BCG-ის დასკვნით, გლობალური სიმდიდრე, 2014 წლის ჩათვლით, ყოველწლიურად, 6%-ით გაიზრდება და ეს, ძირითადად, აზიური ქვეყნების ხარჯზე მოხდება.




