განათლება, როგორც ბედისწერა

ოტო ფონ ვილჰელმი და მისი ცხრა წლის მოწაფე ჰანსი, 1904 წლის 4 სექტემბრის New York Times-ის გამოცემის ფოკუსში აღმოჩნდნენ. სტატიის მიხედვით, ბერლინის გიმნაზიის მასწავლებლის აღსაზრდელს, ჰანსს ლაპარაკი არ შეუძლია. თუმცა  მას განსაკუთრებული მიღწევები აქვს მათემატიკაში, კითხვაში, ფულის ერთეულების, ადამიანებისა და ტანსაცმლის ამოცნობაში. სტატიის ბოლოს იმასაც ვიგებთ, რომ ჰანსის ნახვით კაიზერიც კი დაინტერესებულა.

გავა კიდევ სამი წელი და ჰანსის განსაკუთრებული ინტელექტუალური მიღწევების შესასწავლად ფსიქოლოგების, მასწავლებლების, მედიკოსებისა და ბიოლოგებისგან შემდგარი სპეციალური კომისია შეიქმნება. აღმოჩნდება, რომ ჰანსი განსაკუთრებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მისი მასწავლებელი მას არაფერს კარნახობს, ჰანსი მაინც მისი დახმარებით ხვდება სწორ პასუხებს. მეტიც, ოტო ფონ ვილჰელმს არ სჯერა, რომ ჰანსი მისი დახმარებით ხვდება ყველა პასუხს და კომისიის დასკვნის მიუხედავად აგრძელებს ჰანსის ჩვენებას სხვადასხვა ქალაქში.

კომისიისთვის დასკვნის გაკეთება ადვილი არ იყო. მასწავლებელიც და მოსწავლეც ცუდი ხასიათით იყვნენ ცნობილი. ჰანსმა კომისიის თავმჯდომარეს არაერთხელ უკბინა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჰანსი ცხენი იყო, მისგან კბილების გამოყენება უფრო მოსალოდნელი იყო, ვიდრე ფლოქვებით მათემატიკური ოპერაციების პასუხების ჩვენება. თუმცა როგორც გაირკვა, ჭკვიანი ჰანსი, როგორც მას ეძახდნენ, მასწავლებლის იმ რეაქციებსაც კი ამჩნევდა, რომელთა გაცნობიერებულად დაფარვასაც ფონ ვილჰელმი დიდ ძალისხმევას ანდომებდა.
 
დაახლოებით ორი ათას ხუთასი წლით ადრე, ძველბერძნულ ლიტერატურაში აღიწერება თუ როგორ აღასრულა ოიდიპოსმა წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ჯერ მამას მოკლავდა და შემდეგ დედას შეირთავდა ცოლად. ის და მისი ოჯახი აქამდე სწორედ ბედისწერის ცოდნამ მიიყვანა. წინასწარმეტყველების შიშით მამა ჩვილ ოიდიპოსს თავიდან იშორებს. ოიდიპოსი იგებს რა თავისი ბედის შესახებ, გარბის ოჯახისგან, რომელიც ბიოლოგიური ჰგონია და ხვდება მშობლიურ ქალაქში, რომელიც ტრაგედიის თეატრი ხდება. მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში ფსიქოლოგი რობერტ მერტონი მეცნიერულად აღწერს ოიდიპოსის ამბავს, როგორც თვითგანხორციელებად წინასწარმეტყველებას.
 
თვითგანხორციელებადი წინასწარმეტყველება არ აღწერს იმას, რაც მოხდება ამ წინასწარმეტყველების არსებობის გარეშეც. მომავლის მიმდინარეობა სწორედაც რომ წინასწარმეტყველების დამსახურებაა. მერტონის განმარტებით, თავდაპირველად თვითგანხორციელებადი წინასწარმეტყველება მცდარ აზრს ავრცელებს. ის შემდეგ ქცევას ცვლის მათში, ვინც მას იჯერებს. ეს კი თავდაპირველ ვარაუდებს ჭეშმარიტად აქცევს. 
 
თვითგანხორციელებადი წინასწარმეტყველების კვლევას განათლებაში გასული საუკუნის სამოციან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ჰარვარდის პროფესორმა რობერტ როზენტალმა და მისმა პარტნიორმა, კალიფორნიელმა სკოლის დირექტორმა მოსწავლეების სტანდარტული ტესტირება ჩაატარეს. მკვლევრებმა მასწავლებლებს გააცნეს თუ რომელ მოსწავლეს აღმოაჩნდა ტესტირების შედეგების საფუძველზე განსაკუთრებული შესაძლებლობები ინტელექტუალური განვითარებისთვის. სინამდვილეში ეს მოსწავლეები შემთხვევითი პრინციპით იყვნენ შერჩეულები. სასწავლო წლის ბოლოს ჩატარებულ ტესტირებაზე მათ შედეგების განსაკუთრებული გაუმჯობესება აჩვენეს.
 
ჭკვიანი ჰანსის ამბავი დაეხმარა მკვლევრებს, რომ კვლევის მონაცემები გაეაზრებინათ. ერთი მხრივ, ტესტირების „შედეგებით” მასწავლებლებს გარკვეული მოლოდინები გაუჩნდათ მოსწავლეების მიმართ. მეორე მხრივ კი, მასწავლებელს შეუძლია საკუთარი ქცევით, მათ შორის ისეთითაც კი, რომელიც გაცნობიერებული არ აქვს, მნიშვნელოვნად განაწყოს მოსწავლე წარმატებისთვის.
 
წინასწარი მოლოდინების საფუძველზე წარმატების ფენომენს განათლებაში როზენტალი პიგმალიონის ეფექტს დაარქმევს. ძველი ბერძნული მითის მიხედვით, კვიპროსელ მოქანდაკეს საკუთარი ნახელავი, სპილოს ძვლისგან შექმნილი ქალი ისე მოეწონება, რომ მის გაცოცხლებასაც კი შეძლებს. მასწავლებლის რწმენასაც მოსწავლეების მიმართ, როგორც მტკიცდება, მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა შეუძლია. თუმცა ცხადია, რომ პოზიტიური ეფექტის გარდა, ჩვენს მოლოდინებს ასევე ზიანის გამოწვევის პოტენციაც აქვთ.
 
მართლაც, როდესაც სკოლაში მოსწავლეების დაყოფა ცოდნის დონეების მიხედვით ხდება, მაშინ ე.წ. სუსტების ჯგუფის შესაძლო წარმატების მიმართ მასწავლებლის მოლოდინები ძალიან დაბალია. ამგვარი მასწავლებლის ქცევის საფუძველზე მოსწავლეებსაც ადვილად ეკარგებათ საკუთარ ძალებში თვითდაჯერებულობის განცდა. ეს კი თავისთავად ხდება თვითგანხორციელებადი წინასწარმეტყველების საფუძველი. 
 
მსგავსი ეფექტია შესწავლილი სკოლების რეიტინგებთან კავშირშიც. დაბალრეიტინგიან სკოლაში ხშირად ვრცელდება მცდარი აზრი გარდაუვალი წარუმატებლობის შესახებ. ეს კი, ხშირად, საფუძველი ხდება როგორც ინდივიდუალური მოსწავლეებისა და მასწავლებლების, ისე სკოლის წინსვლის შეფერხებისთვის.
 
ზოგჯერ ჩვენი მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ტესტირებების სპეციალისტები და უმაღლესების წარმომადგენლები მთელ თაობებს ოროსნებად, გაუნათლებლებად და უვიცებად მოიხსენიებენ. შემდეგი წლიდან ამუშავდება სკოლების რეიტინგები. ასევე გაცხადდა, რომ სკოლებში მოსწავლეები დაიყოფიან უცხო ენებში ცოდნის დონეების მიხედვით. ეს ყველაფერი კი ქმნის გარემოს, სადაც ადვილია მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილს ჩავუნერგოთ უუნარობის განცდა. 
 
მასწავლებლებისა და ზოგადად ავტორიტეტების განწყობები და ქცევები ცხენებზე უფრო მძაფრად ადამიანებზე, განსაკუთრებით კი მოზარდებზე, მოქმედებს. ამ განწყობებს ტელევიზორის გამორთვით ვეღარ გავექცევით მაშინ, როდესაც ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა მათ სამსახურში დგება. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიმღებებს, სახელმწიფოში თუ სკოლის დონეზე გავაგებინოთ რა ეფექტის მომტანი შეიძლება იყოს ერთი შეხედვით პოზიტიურ შედეგებზე ორიენტირებული აქ ნახსენები და სხვა მექანიზმები.

კომენტარები