ბრიტანელმა და-ძმამ გარდაცვლილი ბაბუის ფერფლი ტატუსთვის გამოიყენა

ბრიტანელმა და-ძმამ გარდაცვლილი ბაბუის ხსოვნის პატივსაცემად ორიგინალურ ხერხს მიმართა - ენდრიუ და ელენ ბირდებმა მისი ფერფლი ტატუს მელანში გააზავეს და სხეულზე სამახსოვრო ნახატები გაიკეთეს. მათი თქმით, 90 წლის ბაბუის გარდაცვალებამ ისინი ძალიან დაამწუხრა ამიტომ და-ძმამ გადაწყვიტა მისი ფერფლი სამახსოვრო ტატუს გასაკეთებლად გამოეყენებინათ.

30 წლის ელენის თქმით, მან ტატუს მელანში გარდაცვლილი ადამიანის ფერფლის შერევის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიით შეიტყო და იდეა ძმას გაუზიარა. „ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი გზა იქნებოდა გარდაცვლილი ბაბუასთვის პატივის მისაგებად,“ განუცხადა მან გამოცემა The Daily Mail-ს „მას შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა და მგონი ეს აზრი ძალიან მოეწონებოდა,“ დასძინა მან.

და-ძმას ტატუ ადგილობრივმა სპეციალისტმა, პოლ კატლერმა გაუკეთა. მისი თქმით თავისი საქმიანობის 10 წლის მანძილზე მსგავსი თხოვნით მისთვის არავის მიუმართავს. „ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ტატუს მელანში გარდაცვლილი ადამიანის ფერფლის შერევა მომიწია. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს პროცედურა ჩვეულებრივისგან სხვა არაფრით განსხვავდება,“ განაცხადა კატლერმა.

 

კომენტარები