მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ტურიზმის სექტორის კონკურენტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა. მსოფლიოს 139 ქვეყანას შორის საქართველო 73-ე ადგილზეა. ევროპის 42 ქვეყანას შორის კი – 36-ე ადგილზე.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინდექსი 1995 წლიდან ქვეყნებს 14 სხვადასხვა ცვლადის მიხედვით ყოველწლიურად ადარებს, რომლებიც დამატებით რამდენიმე შემადგენელ კომპონენტად იშლება და 3 კატეგორიაში (ქვეინდექსში) ერთიანდება. ესაა რეგულირების ჩარჩო, ბიზნესგარემო და ინფრასტრუქტურა, ასევე ადამიანური, კულტურული და ბუნებრივი რესურსები. 8 კომპონენტის მიხედვით – მათ შორის, ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო დრო, შრომის კანონმდებლობა და საზოგადოების დამოკიდებულება უცხოელი ვიზიტორების მიმართ – საქართველო მსოფლიო ოცეულში შედის. ქვეყნის უშუალო მეზობლებიდან – სომხეთი, თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი – საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანზე საშუალოდ 9 ადგილით წინაა, რუსეთსა და თურქეთს კი საშუალოდ 12 ადგილით ჩამორჩება.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინდექსი 1995 წლიდან ქვეყნებს 14 სხვადასხვა ცვლადის მიხედვით ყოველწლიურად ადარებს, რომლებიც დამატებით რამდენიმე შემადგენელ კომპონენტად იშლება და 3 კატეგორიაში (ქვეინდექსში) ერთიანდება. ესაა რეგულირების ჩარჩო, ბიზნესგარემო და ინფრასტრუქტურა, ასევე ადამიანური, კულტურული და ბუნებრივი რესურსები. 8 კომპონენტის მიხედვით – მათ შორის, ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო დრო, შრომის კანონმდებლობა და საზოგადოების დამოკიდებულება უცხოელი ვიზიტორების მიმართ – საქართველო მსოფლიო ოცეულში შედის. ქვეყნის უშუალო მეზობლებიდან – სომხეთი, თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი – საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანზე საშუალოდ 9 ადგილით წინაა, რუსეთსა და თურქეთს კი საშუალოდ 12 ადგილით ჩამორჩება.
რეგიონში საქართველოს უპირატესობები: ტურიზმის სექტორის რეგულირების ბაზა, გარემოს მდგრადობა, უსაფრთხოება, ტურიზმის სექტორის პრიორიტეტულობა და ადამიანური კაპიტალია. ამ კომპონენტების მიხედვით, ქვეყანა თავის ყველა მეზობელს საშუალოდ 27 ადგილით უსწრებს.
საქართველოს რუსეთთან შედარებით, ყველაზე მეტად უკან ხევს ადამიანური, კულტურული და ბუნებრივი რესურსების კატეგორია, სადაც უდიდესი წილი ბუნებრივი რესურსების კომპონენტზე მოდის. იმავე კატეგორიაში ჩამოვრჩებით თურქეთსაც, ოღონდ ამ შემთხვევაში წამყვანი კულტურული რესურსების კომპონენტია.
ბოლო ექვსი ათწლეულის განმავლობაში, ტურიზმის სექტორი მუდმივი ზრდისა და დივერსიფიცირების პროცესშია. დღეს ის მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი სექტორია. პერიოდული შოკების მიუხედავად, საერთაშორისო ტურისტული ნაკადები შეუწყვეტლად იზრდებოდა – 1959 წელს 25 მილიონი ვიზიტორიდან, 1980 წელს – 277 მილიონი, 1990 წელს – 435 მილიონი, 2000 წელს – 675 მილიონი და ბოლოს – 2010 წელს 935 მილიონი ვიზიტორი. ამ პერიოდში ტურისტული დანიშნულების ბევრი ახალი ადგილი გაჩნდა. თუ 1950 წელს 15 ქვეყანა ტურისტების 97%-ს მასპინძლობდა, 2009 წლისთვის მათი წილი 56%-მდე შემცირდა. დღეს უკვე დაახლოებით 100 ქვეყანაა, რომელიც ყოველწლიურად მილიონ სტუმარს მასპინძლობს. მათ შორის ბევრი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანაა, რომელიც ტურისტულად მიმზიდველ პოზიციებს წარმატებით იმყარებს.
2011 წლის ინდექსში რეიტინგის ტოპ 24 ადგილი განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს უჭირავთ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მათ ეკონომიკური განვითარების უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ქვეყნებში ტურიზმიც უფრო დიდხანს ვითარდებოდა, შესაბამისად, მათ უკვე მოასწრეს მნიშვნელოვანი კაპიტალის დაგროვება. ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტებიც – რეგულირების ბაზა, უსაფრთხოება, ჯანდაცვა და ჰიგიენა, ინფრასტრუქტურა, მომსახურების კულტურა, მაღალკვალიფიციური კადრი – მოწესრიგებული აქვთ. განვითარებადი ეკონომიკის მქონე პირველი ქვეყანა ესტონეთია, 25-ე ადგილზე, მეორე ბარბადოსია – 28-ე ადგილზე, მესამე – არაბეთის გაერთიანებული საემიროები, 30-ე ადგილზე. რეიტინგში განვითარებული ეკონომიკის მქონე ბოლო ქვეყანა – სლოვაკეთი – 54-ე ადგილზეა. 55-139 ადგილები განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს უჭირავთ.
რეიტინგის წამყვან ოცეულში ყველაზე მეტ – 14 ადგილს ევროპის ქვეყნები იკავებენ. მათგან ტოპ ხუთეულს შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და შვედეთი აკომპლექტებენ. გაერთიანებული სამეფო და ესპანეთი მსოფლიო ათეულში შედიან.
რეიტინგის წამყვან ადგილებს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები წარმატებით ინარჩუნებენ. მიუხედავად ამისა, 2010 წელს, ეკონომიკური კრიზისის ყველაზე მწვავე ტალღის შემდეგ, განვითარებულ ქვეყნებში ტურისტული ნაკადები 5.3%-ით, განვითარებად ქვეყნებში კი – 8.2%-ით, თითქმის 2-ჯერ უფრო მეტად გაიზარდა. 2009 წელს, განვითარებული ქვეყნებისთვის ეს მაჩვენებელი 4.3%-ით, ხოლო განვითარებადი ქვეყნებისთვის 3.5%-ით, 1.2-ჯერ ნაკლებად შემცირდა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, 2010 წლის 6 თვეში, საქართველოს 783 ათასი ვიზიტორი ესტუმრა. ეს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 36%-ით მეტია. შემოსული ვიზიტორების უდიდესი წილი – 60.5% – დსთ-ს ქვეყნებზე მოდის. შემდეგია ევროპა ვიზიტორთა მთლიანი რაოდენობის 35.5%-ით. ამ რეგიონებიდან ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 36-37%-ით გაიზარდა.ყველაზე მაღალი ზრდა – 208% – აფრიკის ქვეყნებზე მოდის.




