სტივენ დანბარ-ჯონსონი, 2008 წლიდან, International Herald Tribune-ის გამომცემელია. სხვადასხვა დროს ამავე გამოცემის ვიცე-პრეზიდენტის და სარეკლამო განყოფილების დირექტორის თანამდებობებზე, 90-იან წლებში კი ბრიტანულ გამოცემა Financial Times-ში მუშაობდა. ტაბულა მას ტრადიციული მედიის მომავალზე, ახალი მედიის როლსა და ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებზე ესაუბრა.
რა გავლენას ახდენს ინტერნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიები ტრადიციულ მედიაზე?
ჩემი პასუხია, არა. მათ არ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ მანიფესტაციებში მიუხედავად იმისა, რომ ისინი ადამიანები არიან და საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებიც აქვთ.
რა გავლენას ახდენს ინტერნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიები ტრადიციულ მედიაზე?
შეხედულებები და მიდგომები მედიაბიზნესისადმი ძირეულად იცვლება. ვფიქრობ, ცვლილებების უმეტესობა პოზიტიურია, რადგან მასალის გამოსაქვეყნებლად ახალი პლატფორმები ჩნდება. საგაზეთო ინდუსტრიის ტრადიციულ მოდელში, გადამწყვეტი ტირაჟია, რადგან რეკლამა მასზეა დამოკიდებული. ინტერნეტმა კი რეკლამა ისე დაანაწევრა, რომ ტრადიციულ ბეჭდურ მედიაში – ყველაში ალბათ არა, მაგრამ უმეტესობაში – შემცირდება. რეკლამის შემცირება კი ტირაჟის კლებას გამოიწვევს.
პირადად მე ვფიქრობ, რომ ბეჭდური მედია ერთ ხანს კიდევ იარსებებს და საჭიროცაა, რომ იარსებოს. ამავე დროს, ტექნოლოგია ზღვა შესაძლებლობებს გვაძლევს სხვადასხვა სფეროში, რომელთა აღმოჩენასაც ახლა ვიწყებთ. ტექნოლოგია მკითხველისთვის ჩვენს პროდუქციას ისეთი ფორმით ხდის ხელმისაწვდომს, როგორზეც ადრე არ გვიფიქრია. მიმაჩნია, მომავალში ტექნოლოგია ბევრ რამეზე – მათ შორის ბიზნესის ფინანსურ მდგრადობაზე – გაგვცემს პასუხს.
ყველაზე პრობლემატური საკითხი გაურკვევლობაა – ის ბიზნესგეგმა, რომელიც დღეს კარგი გვგონია, შესაძლოა, 6 თვეში ან ერთ წელიწადში უვარგისი აღმოჩნდეს, რადგან ყველაფერი ძალზე სწრაფად იცვლება. ამიტომ, ჩვენს ბიზნესში ლავირებისათვის მუდამ მზად უნდა იყო. გაურკვევლობის პირობებში ბიზნესის მართვა ძალიან ძნელია. ჩვენს ინდუსტრიაში სამი რამით უნდა იხელმძღვანელო: ყველაზე მნიშვნელოვანი მასალის შინაარსი და ხარისხია. ხარისხი ჩვენი რელიგიაა, ვინაიდან ბიზნესის მომავალი ამაზე იქნება დამოკიდებული. მეორე კომპონენტი ჩვენი მომხმარებლებია. უნდა გვესმოდეს, რა უნდათ მათ, რა შესაძლებლობებს მისცემთ ტექნოლოგია მომავალში და როგორ მივაწვდით მათ ინფორმაციას ამ ტექნოლოგიის გამოყენებით. მესამე კომპონენტი ტექნოლოგიაა – მისი სრულად ათვისება და არა შიში. ხშირად გაიგონებთ: „ოჰ, ღმერთო ჩემო, ინტერნეტი დაგვასამარებს, სამუშაოს წაგვართმევს”. დროა, გავიზარდოთ! მომავალი ტექნოლოგიას ეკუთვნის და დროს ვერ შევაჩერებთ. ეს არის ის, რაც მომხმარებლებს სურთ და ამას ფეხი უნდა ავუწყოთ, ანდა არსებობა შევწყვიტოთ.
ბეჭდური მედიის არსებობა ახსენეთ. ფიქრობთ, რომ შეიძლება ის გაქრეს? თუ კი, როდის?
არა მგონია, რომ ეს ახლო მომავალში მოხდეს. ამას ჩვენი გამოცდილება მალაპარაკებს. ჩვენი ტირაჟი იზრდება, არ შემცირებულა. მკითხველებს ჩვენი პროდუქციის ბეჭდური ფორმით მოხმარება სურთ. ჯერჯერობით ბეჭდურ პროდუქციაზე შემოსავლების ყველაზე დიდი წილი მოდის. ამრიგად, სანამ ბეჭდური პროდუქცია ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანია და მომხმარებელიც ითხოვს, ამის კეთებას გავაგრძელებთ.
ბეჭდური მედიის უარყოფითი მხარე მისი ფასია. საბეჭდი ქაღალდი, ბეჭდვა, დისტრიბუცია ძვირია და კიდევ უფრო ძვირდება. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, ბეჭდვისა და დისტრიბუციის პროცესი სერიოზული პრობლემა ხდება. მაგრამ ჩვენი საქმე არც ბეჭდვაა და არც დისტრიბუცია. მასთან შეხება იმიტომ გვაქვს, რომ მომზადებული მასალები უნდა გამოვაქვეყნოთ. მაგრამ თუ ამას დავივიწყებთ და მხოლოდ მასალის შინაარსზე ვიქნებით კონცენტრირებულნი – რაც ჩვენი კომპეტენცია გახლავთ – შესანიშნავი იქნება. ბეჭდვისა და დისტრიბუციის ხარჯის მოცილებას თავისი უპირატესობები აქვს – ამ ეკონომიკურ მოდელზე აქტიურად უნდა ვიმუშაოთ და ვმუშაობთ კიდეც. შეერთებულ შტატებში ჩვენ, ბეჭდურ პროდუქციასთან შედარებით, მეტი ელექტრონული ხელმომწერი გვყავს. ამან პირველად დამაფიქრა, გვჭირდება თუ არა აშშ-ში ბეჭდური პროდუქცია. ეგებ სხვა მოდელია აუცილებელი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, მასალები გამოვაქვეყნოთ და ხალხსაც გავუადვილოთ მათი ხელმისაწვდომობა. ელექტრონული წიგნების ბაზარი – იქნება ეს Kindle, Ipad, Galaxy თუ Sony – ძალიან სწრაფად ვითარდება აშშ-ში. თუ ეს მოდელი ფინანსურად გამართლებული იქნება, რატომაც არა? შევწყვიტოთ ბეჭდვა, მაგალითად, აშშ-ში. ასევე მოვიქცევით თითოეულ ბაზარზე, როდესაც ეს მომენტი იქაც დადგება.
ინტერნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ჩვენგანი იქცეს ერთგვარ ჟურნალისტად ისე, რომ პროფესიული სტანდარტების დაცვას ვერავინ მოსთხოვს და ვერავინ გააკონტროლებს. რა გავლენას ახდენს მზარდი ბლოგოსფერო რესპექტაბელური მედიის პროფესიულ სტანდარტებზე, მათი დაცვით მიმზიდველობას ხომ არ კარგავთ? ახალი რეალობა პროფესიონალიზმთან კომპრომისზე წასვლას ხომ არ გაიძულებთ?
ეს ძალიან კარგი კითხვაა და ვფიქრობ, მართლაც პრობლემაა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ. იმ ვითარებაში, როდესაც დიდი ხმაურია, როდესაც მედია სავსეა ინფორმაციით, ბლოგოსფერო – ძალიან აქტიური და ყველას შეუძლია თქვას ის, რასაც მოისურვებს, ვფიქრობ, ხალხი ისეთ მედია მიმართავს, რომელიც წყაროებს ეყრდნობა, სანდოა, დამოუკიდებელია, რომელიც ჟურნალისტურ სტანდარტებს იცავს – წყაროებს ამოწმებს, ფაქტებს აზუსტებს. რეპუტაცია ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალია და ხმაურიან მსოფლიოში მისი შენარჩუნება ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება.
ახალ რეალობასთან მორგებას რაც შეეხება – ადრე ასე ხდებოდა: ავიღებდით ახალ ამბავს, დავურთავდით მოსაზრებას, ანალიზს და გამოვაქვეყნებდით; მერე ვისხედით ჩვენთვის, პასიურად. ასე იყო ყოველდღე. ახლა ხალხი გვიკავშირდება, კითხვებს გვისვამს, პასუხებს ითხოვს. რეაგირებას გზადაგზა ვსწავლობთ, რადგან აუცილებელია. Twitter-ი ამის ძალიან კარგი მაგალითია. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი ავტორი, ნიკ კრისტოფი, Twitter-ს ძალიან აქტიურად იყენებს და მიაჩნია, მუდამ საქმის კურსში ყოფნისთვის, ის ძალიან სასარგებლო საშუალებაა. ამავე დროს, Twitter-ის ერთ-ერთი თვისება სისწრაფეა. წარმოიდგინეთ, ჩახვედით ქაიროში, ტაჰრირის მოედანზე მისვლამდე უამრავ შთაბეჭდილებას იღებთ და გძლევთ ცდუნება, რაც შეიძლება სწრაფად გაუზიაროთ ეს შთაბეჭდილებები სხვებს Twitter-ით. ეს ჟურნალისტიკა არ არის. ჟურნალისტიკა მოითხოვს, მიხვიდეთ ტაჰრირის მოედანზე, საკუთარი თვალით ნახოთ რა ხდება, გაესაუბროთ ერთ ადამიანს, მეორეს, დაფიქრდეთ იმაზე, რაც მათ გითხრეს, გააანალიზოთ და ასახოთ სრული სურათი. აი, ეს არის ჟურნალისტიკა და არა ტვიტერობა. ის შეიძლება სასარგებლო იყოს ინფორმაციული თვალსაზრისით, მაგრამ ჟურნალისტიკა არ არის. ხალხს უნდა მოვუსმინოთ და ნათქვამი სიფრთხილით, გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, და არა განურჩევლად.
2009 წლის ირანის მოვლენები კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ ცვლის სოციალური მედია, ინტერნეტმედია, მობილური ინტერნეტი ჩვენი აზროვნების სტილს – უკეთესობისკენაც და უარესობისკენაც. ალბათ, გახსოვთ ახალგაზრდა გოგონა, ნედა აღა-სოლტანი, რომელიც ამ მოვლენების დროს დაიღუპა. მისი სიკვდილის ამსახველი, მობილური ტელეფონით გადაღებული სულისშემძვრელი ფოტოები სოციალური ქსელების მეშვეობით მთელ მსოფლიოს მოედო. ამის დადებითი მხარე ის იყო, რომ მკაფიოდ დაგვანახა, გვაგრძნობინა, ნათელი მოჰფინა იმას, რაც თეირანში ხდებოდა. რამდენიმე წლის წინ ეს შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ ამავე სოციალურმა მედიამ სრულიად უდანაშაულო გოგონას ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ნედას ფოტოს ძიებაში, ვიღაცამ ჩათვალა, რომ Facebook-ზე მის გვერდს მიაგნო და ფოტო გამოაქვეყნა. თუმცა, ეს გვერდი სხვა გოგონასი იყო, რომელიც გარეგნობითაც ჰგავდა ნედას და სახელიც მსგავსი ჰქონდა. გოგონას ფოტო ოპოზიციის სახედ იქცა. ირანის რეჟიმმა მისი დევნა დაიწყო. გოგონა, რომელსაც არაფერი აკავშირებდა ოპოზიციურ მოძრაობასთან, იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და დღესაც გერმანიას აფარებს თავს. მისი ფოტო გამოაქვეყნა CNN-მა, BBC World-მა, ჩვენ. ჩემი პოზიცია ასეთია – ჩვენ ჩვენი საქმე არ გავაკეთეთ. არ მოვძებნეთ წყარო, არ შევამოწმეთ, არ დავაზუსტეთ. ამ გოგონამ მოგვმართა, დაუკავშირდა ამერიკის ხმას და სთხოვა, მოხსენით ჩემი სურათი, მე ვარ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი და ცოცხალი ვარო, მის თხოვნას ყურადღება არ მიაქციეს.
ამრიგად, სოციალური მედია კარგია, მაგრამ მას საკუთარი გამოწვევები ახლავს, რასაც ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ.
მეინსტრიმ-მედიის მიმართ ხშირად ისმის საყვედურები, რომ ის მიკერძოებულია. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
მიუკერძოებლობა უმნიშვნელოვანესია ახალი ამბის გაშუქების დროს. რეპორტაჟისას სიზუსტეს, დაბალანსებულობას და ვითარების სრულად აღწერას დიდი როლი აქვს. ეს არის კარგი ჟურნალისტიკა, რეპორტიორობა ამას ჰქვია. ჩემთვის და იმ ორგანიზაციისათვის, რომელსაც წარმოვადგენ, არსებობს გამყოფი ხაზი ახალ ამბავს, მოსაზრებასა და ანალიზს შორის. ვიღაცის აზრი მისაღებია იმდენად, რამდენადაც სხვების შეხედულებებს მაგებინებს. მკითხველმა თავად გადაწყვიტოს გაითვალისწინებს თუ არა მოსაზრებას. ისინი, ვინც ამ გამყოფ ხაზს არ იცავენ, ახალ ამბავსა და მოსაზრებას ერთმანეთში ურევენ – და ასეთები მრავლად არიან – არასწორ გზას ადგანან.
თქვენ თქვით, რომ ტირაჟს რეკლამა განსაზღვრავს. რეკლამას კი ბიზნესი უკვეთავს. რამდენად ახდენს ბიზნესი გავლენას სარედაქციო დამოუკიდებლობაზე?
ჩვენს შემთხვევაში არანაირი კავშირი არ არსებობს სარეკლამო და სარედაქციო განყოფილებებს შორის. ეს ორი რამ მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს. რედაქტორებს არ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი რეკლამის შემკვეთებთან.
ხშირად ხდება, როდესაც ამა თუ იმ კომპანიაზე კრიტიკულ სტატიას ვწერთ და აღმოვაჩენთ, რომ ამ კომპანიის რეკლამა გვაქვს გაზეთში განთავსებული. რეკლამის დამკვეთი გვსაყვედურობს ანდა სულაც წყვეტს რეკლამის განთავსებას ჩვენთან. მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ისინი ყოველთვის ბრუნდებიან. რატომ? იმიტომ, რომ იციან, რომ სტანდარტებს იცავ, ხარ სანდო და შესაბამისად, მკითხველს იზიდავ.
ჩვენს გაზეთს რეკლამისათვის არ ყიდულობენ. მას გამოქვეყნებული მასალისთვის, მასალის ხარისხისთვის, დამოუკიდებლობისთვის ყიდულობენ. ჩვენი მკითხველები კი ის ხალხია, ვისი გადაფარვაც რეკლამის დამკვეთებს სურთ. ამრიგად, თუ ერთ დამკვეთთან წავალთ კომპრომისზე, მეორესთანაც იმავეს გაკეთება მოგვიწევს.
აქვთ თუ არა International Herald Tribune-ის თანამშრომლებს მანიფესტაციების და დემონსტრაციების ორგანიზების ან მათში მონაწილეობის უფლება?




