მონარქები და პრეზიდენტები

 ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა ერთი საყურადღებო ტენდენცია გამოავლინა: რეგიონის მონარქები უკეთ გადაურჩნენ დიდ არეულობებსა და სოციალურ ძვრებს, ვიდრე მეზობელი  რესპუბლიკების ლიდერები. ტუნისი და ეგვიპტე უკვე პრეზიდენტების გარეშე არიან. სავარაუდოდ, მათ ბედს იემენისა და ლიბიის ხელმძღვანელებიც გაიზიარებენ. ამ ფონზე კი არაბი მონარქები, ჩანს, უმტკივნეულოდ შეინარჩუნებენ საკუთარ გვირგვინს.

ბაჰრეინის მეფე ჰამად იბნ ისა ალ ხალიფამ შეძლო ამბოხების შეჩერება და თეთრი სახლის მხარდაჭერის მოპოვება. ეს მან უშიშროების ძალების მხრიდან მომიტინგეების სასტიკი დარბევის მიუხედავად მოახერხა. ასევე, საეჭვოდ მიიჩნევენ საუდის არაბეთის მეფის, აბდულას ტახტიდან ჩამოგდების შესაძლებლობასაც, განსაკუთრებით ახლა, როცა სპარსეთის ყურის ემირებმა ამბოხების თავიდან არიდება შეძლეს. იორდანიაშიც, სადაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გაიმართა, მეფე აბდულა II-მ მარჯვე მანევრირებით მოახერხა ქვეყნის სათავეში დარჩენა – მან მინისტრთა კაბინეტი და მთელი მთავრობა განაახლა.

მონარქების წარმატებულმა ქმედებებმა ერთგვარად განსაზღვრეს აშშ-ის საპასუხო ნაბიჯები. ვაშინგტონმა ამ ქვეყნებში მონარქებისათვის რჩევების შესათავაზებლად მთავარი დიპლომატები გაგზავნა. ეს მაშინ, როცა ამერიკის ადმინისტრაცია თავს იკავებს იმ ავტოკრატ პრეზიდენტებთან ურთიერთობისაგან, რომლებსაც ანალოგიური პრობლემები აქვთ.
 
არაბი პრეზიდენტები ხელისუფლებაში ძირითადად დემოკრატიული არჩევნების ინსცენირებითა და მისი გაყალბების გზით მოდიან. შესაბამისად, მათი ლეგიტიმურობა მაშინვე ქრება, როცა საზოგადოებაში უკმაყოფილება ჩნდება. პრეზიდენტების უმრავლესობა  მჭიდროდ დასახლებულ, ფართო სპექტრის სოციალური პრობლემების მქონე ღარიბ ქვეყნებს მართავს. სპარსეთის ყურის მდიდარი მონარქიებისაგან განსხვავებით, მათ არ შეუძლიათ საზოგადოებრივი უკმაყოფილების პასუხად,  გადასახადები შეამცირონ და შემოსავლები გაზარდონ.
 
არაბული მონარქიების სიცოცხლისუნარიანობას, მათი ზომიერი ხასიათი და ცვლილებებისადმი მზადყოფნაც განაპირობებს. ამგვარ ნაბიჯად, შეგვიძლია, აბუ-დაბის პრინცის მოჰამედ ბინ ზაედის ქმედება მივიჩნიოთ. მან, ამბოხების პასუხად, არაბთა გაერთიანებული საემიროების ნაკლებად განვითარებული რეგიონის მმართველები დარბაზობის ტიპის შეხვედრაზე მოიწვია. ეს გადაწყვეტილება, სულ მცირე, დემოკრატიული მმართველობისადმი ქედის მოხრად აღიქვეს. მონარქიების სტაბილურობას განაპირობებს ის ფაქტიც, რომ რესპუბლიკის მმართველთაგან განსხვავებით, მათ არ უჭირთ მთავრობის სახით „განტევების ვაცის” პოვნა და  დასჯა – როგორც ეს იორდანიაში მოხდა.
 
„რესპუბლიკები, და შესაბამისად, პრეზიდენტები, ყველაზე დაუცველები არიან, ვინაიდან, დემოკრატიულები უნდა იყვნენ, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ისინი თავს იკატუნებენ და აცხადებენ,  ხალხს ხმის უფლება აქვსო – მაგრამ ეს უფლება, რეალურად, არ არსებობს. მონარქიაში კი დემოკრატიაზე ილუზია არავის აქვს”, – ანონიმურად აცხადებს არაბი დიპლომატი.
 
აშშ-ის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი ნებისმიერი სახის სოციალურ ძვრებს გაუძლებს. თეთრი სახლი მოუწოდებს ქვეყნის მოსახლეობას, ხელი არ შეუშალოს მეფე ჰამადის მცდელობას – განახორციელოს რეფორმები ბაჰრეინში, კუნძულზე, რომელიც საუდის არაბეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. 
 
რაც შეეხება იორდანიას, საზღვარგარეთ 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა მეფე აბდულამ განაცხადა, რომ 10 მილიარდი დოლარით გაზრდის ქვეყანაში კეთილდღეობის ხარჯებს და ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს დაქორწინებაში, სახლის შეძენასა და ბიზნესის დაწყებაში. აშშ-ის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ეს სამეფოები საბოლოოდ კონსტიტუციურ მონარქიებად ჩამოყალიბდება. 
 
ბაჰრეინისა და იორდანიისადმი აშშ-ის ხელისუფლების მიდგომას ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთი აქტიური კრიტიკოსი, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ბუშის ადმინისტრაციის მრჩეველი ელიოტ აბრამსიც იწონებს. ის აცხადებს, რომ ეს ქვეყნები არასაკმარისი სიჩქარით, თუმცა სწორი მიმართულებით მიდიან.

კომენტარები