არაერთდროულობის ერთდროულობა

„გამოფენის მთავარი მიზანი თანამედროვე ხელოვნებაში სიურრეალურის ახლებურად წარმოჩენა, „არაერთდროულობის ერთდროულობის ჩვენებაა”, – განაცხადა Kunsthalle Wien-ის დირექტორმა, გერალდ მატმა ქართველი ხელოვანის, ანდრო ვეკუას ექსპოზიციის წარდგენისას.

Never Sleep With A Strawberry In Your Mouth (არასოდეს დაიძინო მარწყვით პირში) – ამ სახელწოდების გამოფენა ვენაში, MuseumsQuåartier-ის (მუზეუმების უბანი) ერთ-ერთ უდიდეს საგამოფენო სივრცეში, Kunsthalle-ში ხუთშაბათს, 17 თებერვალს გაიხსნა.
 

ექსპოზიციის ცენტრში, საგანგებოდ გამოფენისათვის შექმნილი, იგივე სახელწოდების ნახევრად ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადის. მისი თემატიკის ირგვლივ ტრიალებს დანარჩენი ექსპოზიციაც – ცვილის ფიგურები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. 
 
„ეს ახალგაზრდა ხელოვანი ძალიან დიდ კარიერას აიწყობს”, – განუცხადა ჟურნალისტებს გერალდ მატმა, რომელმაც ანდრო ვეკუა პირველად რამდენიმე წლის წინ, ბერლინის ბიენალესა და ციურიხში შეამჩნია. 
 
ვეკუა 1977 წელს, სოხუმში დაიბადა. 90-იანების დასაწყისში – 15 წლისას – აფხაზეთის დატოვება მოუხდა და მას შემდეგ იქ აღარ დაბრუნებულა. 34 წლის ხელოვანი დღეს ციურიხსა და ბერლინში ცხოვრობს. გერმანული ჟურნალის, Kunstmarkt-ის თქმით, თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. 
 
ანდროს ნამუშევრები მიგროსის მუზეუმში (ციურიხი), Camden Arts Center-ში (ლონდონი), Gladstone Gallery-ში (ნიუ იორკი) Centre Pompidou-ში (პარიზი), New Museum-ში (ნიუ იორკი) Carnegie Museum of Art-სა (პიტსბურგი) და სხვ.  გამოფენილა. ვენასთან ერთად, ვეკუას ექსპოზიცია Kunsthalle Fridericianum-სა (კასელი) და Castello di Rivoli-ში (ტურინი) გამოიფინება. ამასთან დაკავშირებით  სამი ნაწილისგან შემდგარი, სამენოვანი (ინგლისური, გერმანული და იტალიური) პუბლიკაცია დაიბეჭდება.
 
დაახლოებით, 20 ნამუშევრისაგან შემდგარი ექსპოზიცია Kunsthalle-ს რამდენიმე საგამოფენო დარბაზშია გადანაწილებული. პირველი ოთახი თითქმის მთლიანად ეთმობა ინსტალაციას სახელწოდებით My Bike and Your Swamp  – ნეონის ჭახჭახა ყვითელ სივრცეში მოთავსებული ნატურალური ზომის ცვილის გოგონა, რომელიც მოტოციკლეტზე ზის და თვალები დახუჭული აქვს – ავტორის ყველა დანარჩენი ფიგურის მსგავსად: ვეკუას თქმით, “ისინი მზერას არ უნდა პასუხობდნენ. თვალების არქონა მათ არასულიერ იერს ანიჭებს და მნახველს საშუალებას აძლევს, ქანდაკება გარკვეული დისტანციიდან აღიქვას”. 
 
გაუცხოების პროცესი დამთვალიერებელსა და ექსპოზიციას შორის დარბაზში შესვლისთანავე იწყება. იმთავითვე ნათელი ხდება, თუ რას გულისხმობდნენ ორგანიზატორები, როდესაც გამოფენის სიურრეალისტურ და სიმბოლისტურ სტილზე საუბრობდნენ. ანდროგენული გარეგნობის ცვილის გოგონა, უკუღმა წამომჯდარი ვერცხლისფრად შეღებილ მოტოციკლეტზე, ნეონის ყვითელ სივრცეში – ერთმანეთთან აზრობრივად სრულიად დაუკავშირებელი კომპონენტების ერთიანობა (ისევე, როგორც გამოფენისა და ფილმის სათაური და შინაარსი) ერთგვარი science fiction-ის ეფექტს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ვეკუა საკუთარ ნამუშევრებს “მოგონებებისა და სიზმრების ნაერთად” ახასიათებს, პირველი შთაბეჭდილებით ექსპოზიცია სწორედ მომავალში მოგზაურობის განწყობას ქმნის. ამას ემატება ფილმის საუნდტრეკი, რომელიც მთელ გამოფენას ფონად გასდევს და დისტანციურობის შეგრძნებას ერთიორად ამძაფრებს. 
 
მეორე ოთახი ერთგვარი კინოდარბაზია, სადაც სპეციალურად გამოფენისთვის შექმნილი ფილმის ჩვენება უწყვეტად მიმდინარეობს. სურათის მთავარი გმირი My Bike and Your Swamp-ის პერსონაჟის მსგავსი, ანდროგენული – თითქმის უსქესო – ნიღბიანი ფიგურაა, რომელიც ზღვისპირა სახლში ოთახიდან ოთახში დადის და სხვა ფიგურებს ხვდება. ფილმის უკანასკნელი კადრი კომპიუტერული ანიმაციის ხერხით შესრულებული, სახლის აივნიდან ზღვის სანაპიროს ხედია, რომლის თავზეც ოქროსფერი დელფინები პედესტალებზე ტრიალებენ – ეს არის ერთადერთი ადგილი მთელ საგამოფენო სივრცეში, სადაც რიგით მნახველს ექსპოზიციაში ავტორის ბიოგრაფიული დეტალების ამოცნობა შეუძლია; არადა საინფორმაციო მასალა გამოფენის შესახებ (ისევე როგორც თავად კურატორი), ვეკუას შემოქმედების თემატიკად მის მშობლიურ ზღვისპირა ქალაქ სოხუმს, ბავშვობასა და ომზე მოგონებებს ასახელებენ. 
 
გამოფენის უმთავრესი (შესაძლოა, ერთადერთიც კი) ნაკლიც ზუსტად ესაა: არასწორად დასმული აქცენტები და ბიოგრაფიაზე ზედმეტად გამახვილებული ყურადღება. ექსპოზიციის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი არა ფილმი, არამედ დამთრგუნველამდე ნატურალისტურად შესრულებული ცვილის ფიგურებია. მათი დახუჭული თვალები, გარემომცველი სივრცე – მყვირალა ნეონის ფერებში გადაწყვეტილი მკაცრი გეომეტრიული ფორმები – ფიგურების ბუნებრივ, მოშვებულ პოზებთან კომბინაციაში თანაგრძნობასა და გაუცხოებას ერთდროულად იწვევს. 
მესამე ოთახის მთავარი ექსპონატი ვეკუასთვის ჩვეულ სტილში შესრულებული ფიგურაა, რომელიც ლაპლაპა წითელ ზედაპირზე წევს – რა თქმა უნდა, თვალდახუჭული, და თითქოს, მზეს ეფიცხება. 
 
გამოფენის, პრაქტიკულად, ბოლო ექსპონატი მისსავე აფიშად ქცეული ნამუშევარია: ცისფერ ტონებში შესრულებული უსახელო პორტრეტი – თვალების ნაცვლად მოიასამნისფრო ლურჯი ლაქებით.
“საუბარი არა რეალურ ძალადობაზე, არამედ ძალადობის განწყობაზე, საფრთხესა და დამთრგუნველ ატმოსფეროზეა”, – ასე ახასიათებს ანდრო ვეკუა საკუთარ შემოქმედებას, რომელმაც ავსტრიის საზოგადოებასა და პრესაში საკმაოდ არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. თუმცა ფაქტია – ვეკუას ნამუშევრების მიმართ გულგრილი არავინ დარჩენილა.
 
ქართველი ხელოვანის გამოფენა, რომელსაც ავსტრიული გაზეთი Kurier თანამედროვე ხელოვნების Hot Ticket-ს (იგულისხმება სწრაფად გაყიდვადი), Der Standart-ი კი ამომავალ ვარსკვლავს (ციტატა გაზეთიდან: “ein absoluter Shooting Star”) უწოდებს, Kunsthalle Wien-ში 2011 წლის 5 ივნისამდე გაგრძელდება. 


 

კომენტარები