გერმანიაში რადიომ ეპიტაფიების კონკურსი გამოაცხადა

გერმანიის ერთ-ერთმა რადიოსადგურმა ყველაზე ორიგინალურ ეპიტაფიაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის გამარჯვებული ჯილდოდ 3000 ევროს მიიღებს. ეს თანხა გარდაცვალების სადაზღვევო ფონდში გადაირიცხება და მომავალში გამარჯვებულის დაკრძალვის ხარჯების დაფარვას მოხმარდება. კონკურსის ორგანიზატორების თქმით, პროექტში უკვე 600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

გერმანიის დამკრძალავ ბიუროთა ასოციაციამ კონკურსი დაგმო და რადიოსადგურს სასამართლოში უჩივლა. ასოციაციის ვებ გვერდზე სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ კონკურსი ”არა მხოლოდ უგემოვნოა, არამედ ამორალურიც.” გერმანული რადიოს წარმომადგენლები ასოციაციის კრიტიკას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ კონკურსი მიზნად ისახავს სიკვდილის თემაზე საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, არსებული ტაბუს ახსნას. ”ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ხალხს, რომ გარდაცვალების დაზღვევის აღება კარგია. ხანში შესულ ხალხს შეიძლება ეს უგემოვნოდ მოეჩვენოს, მაგრამ ჩვენ არ ვხუმრობთ - ჩვენ ამ საკითხს პირდაპირ ეთერში განვიხილავთ,” განაცხადა შოუს წამყვანმა. 

კომენტარები