The Independent: აშშ ლიბიელი ამბოხებულების დასახმარებლად საიდუმლო გეგმას ამზადებს

აშშ-მ საუდის არაბეთს ლიბიელი ამბოხებულების მიერ დაკავებული ქალაქის, ბენგაზის იარაღით მომარაგება სთხოვა. ამის შესახებ  გამოცემა The Independent იუწყება. ბრიტანული გაზეთის ცნობით, საუდის არაბეთის მეფეს, რომლის წინააღმდეგ ქვეყნის შიიტი მოსახლეობა პარასკევს ”მრისხანების დღის” მოწყობას აპირებს, ვაშინგტონის თხოვნაზე პასუხი ჯერ არ გაუცია. The Independent აქვე დასძენს, რომ საუდის არაბეთის მეფე აბდულას ”ეზიზღება”ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი, რადგან ამ უკანასკნელმა დაახლოებით ერთი წლის წინ მისი მოკვლა სცადა. ბრიტანული გამოცემის ვარაუდით, საუდის არაბეთისადმი მიმართვა ცხადყოფს, რომ აშშ ცდილობს ლიბიის მოვლენებში ვაშინგტონის სამხედრო ჩარევა თავიდან აიცილოს.

ლიბიაში პოლკოვნიკ კადაფის 42-წლიანი მმართველობის დასრულების მოთხოვნით საპროტესტო აქციები 17 თებერვალს დაიწყო და სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებენ. ამბოხებულების მიერ დაკავებულ ქალაქებზე კადაფის არმია სახმელეთო და საჰაერო დარტყმებს ახორციელებს. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, კადაფის მომხრე ძალებმა აიღეს ქალაქი ბინ ჯავადი და  ნავთობმოპოვების ერთ-ერთი ცენტრისკენ, ქალაქ რას ლანუფისკენ მიიწევენ.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა ლიბიაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაგმო. გაეროს ოფიციალური პირების განცხადებით, ორგანიზაცია ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლიში ჰუმანიტარულ ჯგუფს გაგზავნის, რომელიც ადგილზე არსებულ მდგომარეობას შეაფასებს და ჰუმანიტარული დახმარების სამოქმედო გეგმას შეადგენს.

კომენტარები