კომუნიკაციების სისტემის რეფორმა

კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ფიჭური კავშირის ბაზარზე ნომრის პორტაბელურობა დაუშვა. ამ სისტემით მსოფლიოს 57 ქვეყანა უკვე სარგებლობს. მათგან ყველაზე ადრე  – 1997 წლიდან – სისტემა ნიდერლანდებში დაინერგა. მისი მიხედვით, 15 თებერვლიდან, საქართველოს ფიჭური კავშირის მომხმარებელს, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე ისე შეუძლია გახდეს ახალი ქსელის აბონენტი, რომ არც ნომერი შეიცვალოს და არც ინდექსი. ბაზრის ყველა მოთამაშე თანხმდება, რომ ამით კონკურენცია გაიზრდება, რაც შეამცირებს ტარიფებს, გააუმჯობესებს სერვისს და აქციებსაც უფრო მრავალფეროვანს გახდის. თუმცა ეს მხოლოდ ბაზრის თავისუფლად განვითარების შემთხვევაში მოხდება.

საქართველოში მობილურ კავშირს სამ მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მათგან, ყველაზე მეტი აბონენტი სარგებლობს ჯეოსელის მომსახურებით – ბაზრის 45%, 41% – მაგთის აბონენტია, ხოლო 13% – ბილაინის. 2010 წელს ჯეოსელმა მიიღო 282 მილიონი ლარის შემოსავალი, მაგთიკომმა – 272 მილიონი, ხოლო ბილაინმა – 70 მილიონი ლარი. სულ – 600 მილიონ ლარზე მეტი. აქედან 4 მილიონ ლარზე მეტი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის რეგულირების საფასურია.

ჯეოსელის ძირითადი ტარიფი 28.8 თეთრია. მაგთის და ბილაინს დადგენილი ტარიფები არ აქვთ. მაგთის მაქსიმალური ტარიფი შედგება ზარის წამოწყების 10 თეთრისა და ყოველ მომდევნო წუთზე  –  თუ აბონენტი მაგთის ქსელში საუბრობს – 5 თეთრისგან, ხოლო 18 თეთრისგან, თუ სხვა ქსელს უკავშირდება. ბილაინის ტარიფებს შორის, ყველაზე მაღალ ფასს სხვა ოპერატორებთან საუბრისთვის აწესებს ტარიფი ნული – სერვისი წუთში 28 თეთრი ღირს.
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად ცდილობს დაწიოს ტარიფები ანუ ხელოვნურად შეამციროს მოგება. მისი ნებისმიერი ინიციატივის მიუხედავად, რეგულირების საფასური – კომპანიის შემოსავლების 0.75% – უცვლელი რჩება.
თავისუფალ ბაზარზე ფასს მოთხოვნა-მიწოდება ადგენს. „კარგი” ან „ობიექტური” ფასი არ არსებობს.   

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საკომუნიკაციო სერვისების კალათის მიხედვით, დაბალ გადახდისუნარიანად ითვლება ის აბონენტი, რომელიც წელიწადში 360 ზარს, 396 მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და 8 მულტიმედიურ შეტყობინებას იყენებს. საშუალო გადახდისუნარიანი – 780 ზარს, 600 მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და 8 მულტიმედიურ შეტყობინებას, ხოლო მაღალ გადახდისუნარიანი – 1, 680 ზარს, 660 მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და 12 მულტიმედიურ შეტყობინებას.

მაგალითად ავიღოთ საქართველოს ბაზრის ყველაზე დიდი წილის მფლობელი კომპანიის – ჯეოსელის ტარიფები. ამ კომპანიის მცირე გადამხდელი აბონენტი წელიწადში ხარჯავს 129 ლარს (ანუ დაახლოებით 75 აშშ დოლარს), საშუალო გადამხდელი – 262 ლარს (154 დოლარი), მსხვილი გადამხდელი – 526 ლარს (309 დოლარს). კომპანია ჯეოსელის ძირითადი ტარიფები მაგთის სტანდარტულ მომსახურებასა და ბალის ტარიფებზე უფრო მაღალია.
თუ საშუალო გადამხდელის მონაცემებს შევადარებთ იგივე OECD წევრი ქვეყნების მონაცემებს, სადაც ფიჭური კავშირის ბაზარი უკეთ განვითარებულია და თვითონ იძლევა ხარჯების დაზოგვის საშუალებას, გამოვა, რომ მობილური კავშირის ტარიფი საქართველოში OECD საშუალო ტარიფზე და 16 წევრი ქვეყნის ტარიფებზე დაბალია. მათ შორის საქართველოს უშუალო მეზობელი – თურქეთიცაა.

ამ ყველაზე პოპულარულ გაანგარიშებას ერთი დიდი ნაკლი აქვს – ის არ ითვალისწინებს ფასდაკლებების სპეციალურ პაკეტებს, აქციებს და სხვადასხვა ბრენდებს, რომლებიც კომპანიის ქოლგის ქვეშ ერთიანდება. თუ ამ ყველაფერს საქართველოს მაგალითზე განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ქვეყანაში მობილური ოპერატორების არსებობის 14 წლის განმავლობაში (პირველად, 1997 წლის მარტში, ჯეოსელი გამოჩნდა), ბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენასა და კონკურენციის ზრდასთან ერთად, სერვისპაკეტები სულ უფრო მეტად მრავალფეროვანი და იაფი ხდებოდა. 2000 წელს კომპანია ჯეოსელმა დანერგა ახალი ბრენდი – ლაი-ლაი, სადაც აბონენტს ნაკლებ ფასად საუბარი შეეძლო. 5 წლის შემდეგ, ბაზარზე მაგთის ახალი ბრენდი – ბალი – გამოჩნდა, რომელიც ლაი-ლაის კონკურენტად მოიაზრებოდა. 2006 წელს ბაზარზე კიდევ ერთი დამოუკიდებელი მოთამაშე – ბილაინი შემოვიდა. კომპანიამ ბაზრის გათვალისწინებით თავიდანვე ტარიფის დივერსიფიცირების სტრატეგია აირჩია. მან მომხმარებელს ყველაზე იაფი ტარიფი შესთავაზა და ამით საკუთარი ნაკლი – შეზღუდული დაფარვის ზონა დააბალანსა. ბილაინის დაფარვის ზონის გაფართოებასთან ერთად, ბაზარზე კიდევ ერთი ახალი დაბალფასიანი ბრენდი – მაგთის ბანი – გამოჩნდა.

ნომრის პორტაბელურობის სისტემა ადრე რომ დანერგილიყო, მომხმარებელი უფრო ეფექტიანად შეძლებდა სერვისების ფართო არჩევანის გამოყენებას. თუმცა, საბაზრო მექანიზმების გააქტიურებამდე, კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ბაზრის რეგულირების ცდუნებას მაინც ვერ გაუძლო. კომისიამ ურთიერთჩართვის ტარიფი ანუ ერთი ქსელიდან მეორესთან დაკავშირების ფასი 14.8 თეთრიდან 8 თეთრამდე შეამცირა.
კომისიის ლოგიკით, ამ ნაბიჯს კომპანიებისთვის ხარჯები უნდა შეემცირებინა, რასაც აბონენტებისთვის წუთობრივი ტარიფის კლება უნდა მოჰყოლოდა. სინამდვილეში ეს არასწორი გათვლა იყო: მობილური კავშირგაბმულობა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა. მოკლე დროში მრავალი ინოვაციური ტექნოლოგია ინერგება. ამიტომ სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ თუ ამ გადაწყვეტილებით კომპანიების შემოსავლები გაიზრდებოდა, ნამატი თანხის დიდ ნაწილს ისინი წუთობრივი ტარიფის შემცირების ნაცვლად, რეინვესტირებისკენ მიმართავდნენ.

ახლა, როცა ნომრის პორტაბელურობა ხელმისაწვდომი გახდა, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, როგორც ჩანს, თავისივე ინიციატივის შედეგებს არ ელოდება და ბაზრის რეგულირების ახალი ინიციატივით გამოდის: პირველი აპრილიდან ყველა მობილურ ოპერატორს ერთნაირი, ზღვრული ტარიფი – წუთზე 24 თეთრი დაუდგინა. გადაწყვეტილება მცდარია: თუ ზღვრული ტარიფი საბაზრო ღირებულებაზე მაღალი აღმოჩნდება, მას ეფექტი არ ექნება. თუ საბაზროზე დაბალი იქნება (რაც მოსალოდნელია), მხოლოდ უარყოფით შედეგებს მოიტანს.

მომსახურების ხელოვნურად გაიაფების გამო, შესაძლოა, გაიზარდოს მობილური კავშირგაბმულობის სერვისების მომხმარებელთა რაოდენობა. ეს გაზრდის დატვირთვას კომპანიების გადამცემ დანადგარებზე. თუ დანადგარები მზად არ არიან ასეთი დატვირთვის მისაღებად, ეს ფიჭური კავშირის დროს შეფერხებებს გამოიწვევს.

ხარისხის შესანარჩუნებლად ორი ალტერნატივა არსებობს: კომპანიებმა ან უნდა დაზოგონ ხარჯები, რასაც, სავარაუდოდ, მოჰყვება ამ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობის კლება, ან გააძვირონ სხვა სერვისის – მაგალითად, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ან როუმინგის საფასური.
წინააღმდეგ შემთხვევაში, რეინვესტირებისთვის განსაზღვრული შემოსავლების შემცირების გამო, კომპანიები ან საერთოდ ვერ შეძლებენ ახალი ინოვაციური სერვისების შეთავაზებას მოსახლეობისთვის ან ეს სერვისები მათთან დაგვიანებით მიაღწევს.

სახელმწიფოს ჩარევას ბაზარზე ყოველთვის მოსდევს ე.წ. გაუთვალისწინებელი შედეგები. ზღვრული ტარიფის დაწესებამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ეკონომიკურ ზრდაზეც იქონიოს გავლენა. მობილური ოპერატორები უცხოური ინვესტიციებით შექმნილი ბიზნესია. ზღვრული ტარიფის მოულოდნელი დაწესებით, სახელმწიფო მსგავს კომპანიებს ეუბნება, რომ საქართველოს ბაზარი არაპროგნოზირებადია და სახელმწიფომ შეიძლება ნებისმიერ დროს შეცვალოს თამაშის წესები. ამით სახელმწიფო უცხოურ კაპიტალს არა მხოლოდ ამ სფეროდან, არამედ ზოგადად ქვეყნის ეკონომიკიდაც დევნის.

კომენტარები