სახელმწიფო კაპიტალიზმი

რეცენზია წიგნზე: Ian Bremmer, The End of the Free Market. Who Wins the War between States and Corporations?, New York, 2010.

იან ბრემერი ამერიკელი პოლიტიკის მეცნიერი და რამდენიმე ცნობილი წიგნის ავტორია. ამ წიგნებს შორის უკანასკნელი ნამდვილი ბესტსელერიც გახდა გასული წლის აშშ-ში. წიგნი, რომლის სახელიცაა „თავისუფალი ბაზრის დასასრული. ვინ იგებს ომს სახელმწიფოებსა და კორპორაციებს შორის?”, თანამედროვე ეკონომიკური სისტემის შიგნით გაჩენილი საფრთხის შესახებ მოგვითხრობს.
 
საფრთხეს სახელმწიფო კაპიტალიზმი ჰქვია. ტერმინი საკმაოდ ძველია და მე-19 საუკუნის სოციალისტებთან ჩნდება. მსოფლიოში, რომლის განმსაზღვრელი პროცესები გლობალიზაცია და სახელმწიფოების დასუსტება უნდა იყოს, ეს ტერმინი თითქოს სერიოზულად უნდა მოძველებულიყო. მაგრამ ბრემერის დიაგნოზი საპირისპიროს გვეუბნება – სახელმწიფო კაპიტალიზმი წარმოადგენს სისტემას, სადაც სახელმწიფო აკონტროლებს ბაზარს ძირითადად პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად. ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კორპორაციები, რომლებიც სტრატეგიული ინდუსტრიების მონოპოლისტებად იქცევიან (მაგ., ნავთობი და გაზი რუსეთისათვის), ავტოკრატებს საშუალება ეძლევათ, მიიღონ კაპიტალისტური სისტემისათვის დამახასიათებელი ხეირი ისე, რომ უარი თქვან პოლიტიკურ თავისუფლებაზე.
 
ბრემერი კაპიტალიზმის სამ ფორმას გამოარჩევს ერთმანეთისგან და მათი კლასიფიკაციისას იყენებს სპორტული თამაშის მეტაფორას, რათა ნათელი გახადოს თავისი მთავარი თეზისი:
 
1. თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმი – სახელმწიფოს მსაჯის ფუნქცია აქვს, რომელიც უზრუნველყოფს აღიარებული წესების დაცვას; აქ მოთამაშეები ერთმანეთთან ნამდვილ კონკურენციაში არიან ჩართულნი. ეს იდეალია, რომლის მიღწევისკენაც მიისწრაფვიან ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკური სისტემები.
 
2. პოსტსაბჭოთა ტიპის კაპიტალიზმი – თითქმის უწესო სისტემა, სადაც სახელმწიფო მსაჯის როლს კი არ ასრულებს, არამედ ჩართულია კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის ბრძოლაში. აქ ყველაზე ძლიერი იმარჯვებს, ხოლო ყველა დანარჩენი – პირწმინდად აგებს თამაშს.
 
3. სახელმწიფო კაპიტალიზმი – ხელისუფლება აკონტროლებს მსაჯებსაც და მოთამაშეთა ძირითად ნაწილსაც, რათა გავლენა მოახდინოს შედეგებზე. შეზღუდული კონკურენცია ასეთ სისტემაში არსებობს, მაგრამ სახელმწიფო აყალბებს თამაშს ისე, რომ მას წინასწარშერჩეული მოთამაშეები იგებენ (მაგრამ სახელმწიფო კაპიტალიზმი მაინც განსხვავდება საბჭოთა ტიპის ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ეკონომიკისაგან, რომელშიც სახელმწიფო აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს: მსაჯებს, მოთამაშეებს და მაყურებლებსაც კი).

საფრთხეს ეს სახელმწიფო კაპიტალიზმი იმიტომ წარმოადგენს, რომ მას შეუძლია გამოიყენოს თავისუფალი ქვეყნების ეკონომიკური ღიაობა იმის გარეშე, რომ თავადაც გაიხსნას. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყნები ეკონომიკურ რესურსებს საგარეო პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად გამოიყენებენ – მაგალითისთვის რუსული სახელმწიფო კორპორაცია გაზპრომისა და უკრაინის ურთიერთობაც კმარა. ანუ, ასეთი ტიპის სახელმწიფოები შეიძლება თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების უსაფრთხოებას დაემუქრონ. ამასთან, კონფლიქტი მათსა და თავისუფალ ქვეყნებს შორის საერთაშორისო ინსტიტუტების ჩარჩოში მიმდინარეობს, რომელთა შიგნით არც დასავლურ ქვეყნებს შორის არსებობს თანხმობა, ხოლო სახელმწიფო კაპიტალიზმის წარმომადგენელი ქვეყნები ხმის სულ უფრო და უფრო მეტ უფლებას ითხოვენ.
 
მაგრამ სახელმწიფო კაპიტალიზმს აქვს რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც მის გამარჯვებას თავისუფალ ბაზარზე საეჭვოს ხდის. ჯერ ერთი, მას არ აქვს ისეთი მიმზიდველობა, როგორიც ჰქონდა, მაგალითად კომუნიზმს. ის არაა პასუხი სოციალურ და ეკონომიკურ უსამართლობაზე. ის უფრო მართვის ტექნოლოგიაა, ვიდრე პოლიტიკური ფილოსოფია. ამიტომ ის ვერ გახდება მიზიდულობის ალტერნატიული ცენტრი, როგორსაც კომუნისტური ბანაკი წარმოადგენდა.
მეორეც, სახელმწიფო კაპიტალიზმი ნიშნავს საკუთარი ინტერესების სხვის ხარჯზე გატარების სურვილს. სწორედ აქაა მიზეზი, რატომაც სახელმწიფო კაპიტალისტური ქვეყნები ერთ ბანაკად ვერ ყალიბდებიან.
 
მესამეც, სახელმწიფო კაპიტალიზმი ეკონომიკურ ეფექტიანობას საბოლოო ჯამში მაინც პოლიტიკურ მიზანშეწონილობას სწირავს, თანაც ბევრად უფრო დიდი მასშტაბით, ვიდრე ეს ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. ამით ის უარს ამბობს ეკონომიკის განვითარების მექანიზმზე, რომლის ალტერნატივაც არ არსებობს.
 
ბრემერის წიგნის მთავარი პრობლემა კონფლიქტია მთავარ თეზისსა და მის პრეზენტაციას შორის. პრეზენტაცია ემსახურება მიზანს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს წიგნით და სწორედ ის უნდა იყოს ფაქტორი, რომელმაც წიგნი ბესტსელერად აქცია. აქედან ფორმა, რომელიც სათაურიდანვე გვჭრის თვალს: გადაჭარბებული დრამატიზმი, რომ არ ვთქვათ აპოკალიპტიზმი („დასასრული”) და უნივერსალურობის პრეტენზია (წიგნის სათაური რაღაცის დასასრულს კი არა, მთლიანად თავისუფალი ბაზრის დასასრულს წინასწარმეტყველებს). სინამდვილეში, როგორც წიგნიდან კარგად ჩანს, თავად ბრემერსაც არ ჰგონია, რომ სახელმწიფო კაპიტალიზმი გაიმარჯვებს თავისუფალ ბაზარზე. ის ერთი საინტერესო ფენომენის აღზევებას აღწერს, რომელიც სწორედ ბაზრის პარაზიტულ პროდუქტს წარმოადგენს. წიგნის მთავარი ინტერესიცა და ღირსებაც ესაა

კომენტარები