200 მილიონი ახალი ხარჯი



ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერები, 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერები და სოფლის მეურნეობის სფეროს ხელშეწყობის მასშტაბური პროგრამა სასაწყობო მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების განვითარების გზით – ეს არის ინფლაციაზე საქართველოს მთავრობის პასუხი.

ხსენებული ინიციატივები საქართველოს ბიუჯეტს ძვირი უჯდება: 20 მილიონი ლარი ერთჯერადი ელექტროვაუჩერებისთვის; 30 მილიონი – საკვების ვაუჩერებისთვის და დამატებით 150 მილიონი სოფლის მეურნეობის გასაძლიერებლად. სულ – 200 მილიონი ლარი.

200 მილიონი ლარი, საშემოსავლო გადასახადის გეგმის – 1.4 მილიარდი ლარის 14%-ია. მოსახლეობა ამდენივე შეღავათს მიიღებდა, თუ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 6%-ით შემცირდებოდა.

იგივეა დღგ-ს შემთხვევაში: 200 მილიონი ლარი დღგ-ს გეგმის – 2.5 მილიარდი ლარის 7.9%-ია. თუ დამატებულ ღირებულებაზე გადასახადის განაკვეთი შემცირდებოდა 10%-ით, მოსახლეობა იგივე შეღავათს მიიღებდა; ბიზნესი კი – 200 მილიონი ლარით მეტ საბრუნავ საშუალებას.

სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხები  საქართველოს ბიუჯეტში წინასწარ გათვალისწინებული არ ყოფილა. 2011 წლის ბიუჯეტი მთავრობამ ქამრების მოჭერის პრინციპით დაგეგმა და მიზნად დეფიციტის 6%-დან 4.3%-მდე შემცირება დაისახა. საშემოსავლო გადასახადის შემცირებაც 2013 წლამდე თავის დროზე იმიტომ გადაიდო, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის ბოლომდე დასაძლევად ბიუჯეტს მეტი თანხა ჰქონოდა. მეტიც, საგადასახადო წნეხის გათანაბრების მოტივით, დაბეგვრის განაკვეთები ქონებისა და აქციზის გადასახადებზე (რომლებზეც ეკონომიკური თავისუფლების აქტი არ ვრცელდება) გაიზარდა და ზოგადად, დაბეგვრის არეალი გაფართოვდა.

შემცირებული ხარჯების პირობებში, ბიუჯეტში წინასწარ გაუთვლელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის, 200 მილიონი ლარის მოსაზიდად მთავრობას რამდენიმე გზა აქვს: დაბეჭდოს ფული და ამით გაზარდოს დეფიციტი და ინფლაცია, ისესხოს ფული (ვალი) ან კიდევ უფრო გაზარდოს გადასახადები.

ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი, 2009 წელს, წინა წელთან შედარებით, 791 მილიონი ლარით გაიზარდა და მშპ-ს 9.3% შეადგინა. მთავრობამ დეფიციტის დასაფინანსებლად ორი გზა – სახაზინო ვალდებულებების გამოშვება და ვალი – აირჩია.

მთლიანმა საგარეო ვალმა 2009 წელს, წინა წელთან შედარებით, 863 მილიონი აშშ დოლარით მოიმატა. მთავრობამ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ აღნიშნა, რომ კრიზისულ პერიოდში ვალის მაღალი დონე გამართლებული იყო, რადგან ამ ვალის დიდი ნაწილი დეფიციტის დაფინანსებას ხმარდებოდა და ამიტომ კრიზისის დარტყმა საქართველოზე, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები იყო.

2010 წელს დეფიციტი 6%-მდე შემცირდა. თუმცა, საგარეო ვალმა ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა და 2010 წლის წინასწარი მონაცემებით 9.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ამ ვალის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი დეფიციტის დაფინანსების მთავრობის  მიერ არჩეული კიდევ ერთი, განსაკუთრებით რისკიანი გზა – სახაზინო ვალდებულებების გამოშვებაც გახდა.

2005 წლიდან ეროვნულ ბანკს მთავრობისთვის ფულის სესხება აეკრძალა, თუმცა მან მაინც მიაგნო გასესხების მეთოდს. სახაზინო ვალდებულებების შესყიდვის სქემის მიხედვით, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხებს გასცემს. ამის შემდეგ კომერციული ბანკები სახაზინო ვალდებულებებს შეისყიდიან. ამით მთავრობა ფულის მასას და ინფლაციას ზრდის.

ეროვნული ბანკი ბეჭდავს ზედმეტ ფულს, რომელზე მოთხოვნაც არ არსებობს. ეს ფული კერძო სექტორს არ ეკუთვნის, შედეგად, ბაზრის ყველა მოთამაშეს აქვს იმდენივე ფული, რამდენიც ადრე ჰქონდა, მხოლოდ ხაზინას – მეტი. რადგან ხაზინის ახალ ფულზე მოთხოვნა არ არსებობს, ბრუნვაში არსებული ფულის მსყიდველუნარიანობა იკლებს.

ბოლო პერიოდში, ფულის მასამ ქვეყანაში თითქმის 6-ჯერ, ხოლო ფასებმა თითქმის ორჯერ მოიმატა.

2010 წლის პირველ კვარტალში წინა წლის დეკემბერთან შედარებით სამომხმარებლო ინდექსი 2.4%-ით გაიზარდა. ამას იანვარ-აგვისტოში ინფლაციის დონის 4.1%-იანი ზრდა მოჰყვა. 2010 წლის მარტში წინა წლის დეკემბერთან შედარებით ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3%-ით, ხოლო აგვისტოში – წინა წლის დეკემბერთან შედარებით თითქმის 10%-ით გაუფასურდა. კურსის გაუფასურება უარყოფითად აისახა საგარეო ვალზეც, რადგან სესხები უმეტესად სწორედ აშშ დოლარშია დენომინირებული. საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ დეკემბერში 12.3%-ს მიაღწია, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფლაციასთან საბრძოლველად, დამატებითი 200 მილიონი ლარის მოზიდვა, ნებისმიერ შემთხვევაში, ზრდის წნეხს მოსახლეობაზე – ინფლაციაც და ვალიც ჩვეულებრივი გადასახადებია, რომლებსაც მოსახლეობა საკუთარი ჯიბიდან იხდის. ამასთან, სახელმწიფო 200 მილიონ ლარს უარყოფითი შედეგების მისაღებად ხარჯავს.

გადასახადების შემცირების შემთხვევაში, პირიქით, წნეხი მოსახლეობაზე მნიშვნელოვნად მცირდება. ჩნდება კერძო სექტორში დასაქმების რეალური საშუალება. ამასთან, საქართველო იქნებოდა განსხვავებული ქვეყანა, რომელმაც კრიზისთან ბრძოლაში განსხვავებული გზა აირჩია. ამგვარ კონკურენტუნარიან უპირატესობებს საქართველოსთვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს. ეს დადებითად აისახებოდა საერთაშორისო რეიტინგებზე და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის გზა კიდევ უფრო გაიხსნებოდა. ფულიც უკეთესად დაბანდდებოდა: დაბალი გადასახადის პრინციპია – ნაწილი აკლდება ბიუჯეტს, მაგრამ გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის ხარჯზე უფრო მეტი ისევ უკან უბრუნდება.

კომენტარები