ფერარი FF — პირველი სრულამძრავიანი მარანელოელი

ფერარი თავისი ოთხადგილიანი კუპე სკალიეტის მსოფლიო პრემიერას ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე გეგმავს, მანამდე კი ახალი ავტომობილის რამდენიმე ფოტო და ზოგიერთი ტექნიკური მახასიათებელი ინტერნეტით გაავრცელა.

სკალიეტის შემცვლელს ფერარი FF უწოდეს, რაშიც აბრევიატურა ფერარი ფორს აღნიშნავს, ანუ სრულამძრავიან ფერარის. ეს მარანელოელთა ისტორიაში პირველი ავტომობილია, რომელსაც ოთხივე ბორბალი წამყვანი აქვს. ამასთან, ავტომობილი იტალიური მარკისთვის უცნაური გარეგნობითაც გამოირჩევა, რომელიც მისთვის ატელიე პინინფარინამ შეიმუშავა. ესაა ეგრეთ წოდებული შუტინგ ბრეიკ ძარა, ან, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სამკარიანი კუპე მოჭრილი კუდით.

ფერარი FF-ის გაბარიტებია: სიგრძე 4 907 მილიმეტრი, სიგანე 1 953 მილიმეტრი და სიმაღლე 1 379 მილიმეტრი. მას გრძელი კაპოტი და დაგრძელებული სახურავი გამოარჩევს, რითაც შეიძლება ბეემვეს კუპე Z3 მოგაგონოთ. ჰეჩბეკის სტილის უკანა ნაწილი, ავტომობილის საბარგულის მოცულობას ზრდის, რაც ამ ტიპის სუპერავტომობილებისათვის საკმაოდ უცნაურია. ფერარის ახალი ავტომობილის ინტერიერის ფოტოები არ გამოუქვეყნებია, თუმცა გვპირდება, რომ სალონში კომფორტულად თავსდება ოთხი ზრდასრული ადამიანი და მათი ბარგი. საბარგულის მოცულობა 450 ლიტრია, მაგრამ თუ უკანა სავარძლებს დაკეცავთ, 800 ლიტრამდე გაიზრდება.

ფერარიმ პირველად შეიმუშავა სრულამძრავიანი ტრანსმისია, რომლისთვისაც თანამედროვე ტექნოლოგიები შეიმუშავა. სისტემა, რომელსაც 4RM უწოდეს, სხვა კომპანიების მსგავს სისტემებთან შედარებით, 50 პროცენტით ნაკლებს იწონის. იმავდროულად, ინჟინრებმა ავტომობილის წონის (1790 კგ) ღერძებს შორის თითქმის იდეალურად განაწილება შეძლეს (47:53). მარანელოელთა განცხადებით, 4RM ტრანსმისია ნებისმიერ ამინდში და საგზაო პირობებში, ავტომობილის იდეალურ მანევრულობას უზრუნველყოფს, რაც ბორბლებს შორის მაბრუნი მომენტის ოპერატიულად, საჭიროების მიხედვით განაწილებით ხდება.

რაც შეეხება ძრავს, ესაა 6.3-ლიტრიანი V12, რომელსაც საწვავის პირდაპირ წვის კამერაში მიწოდების სისტემა ემსახურება. ძრავი წინაა განლაგებული. მის მიერ გამომუშავებული 660 ცხენის ძალა (8 ათასი ბრ/წთ-ზე) და 683 ნიუტონმეტრი (6 ათასი ბრ/წთ-ზე) ორდისკოიანი ქუროს გავლით, ფ1-ის ტიპის გადაცემათა კოლოფს მიეწოდება. ავტომობილის წონისა და სიმძლავრის ფარდობა, 2.7 კილოგრამზე ერთი ცხენის ძალაა.

ფერარი FF ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 3.7 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კმ/სთ-ია. იმის მიუხედავად, რომ სკალიეტისთან შედარებით, ძრავის ლიტრაჟი და სიმძლავრე გაიზარდა, ამით ეკონომიურობა არ გაუარესებულა – ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 15.4 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროს 360 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

ავტომობილი ასევე აღჭურვილია სისტემა სტოპ/სტარტით, ეგრეთ წოდებული მაგნეტორეოლოგიკური ამორტიზატორებით, ბრემბოს კარბონ-კერამიკული მუხრუჭებით და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ფერარი FF-ს შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მარტში, ჟენევის ავტო შოუზე გამოქვეყნდება.

კომენტარები