რუსეთიდან ბრიტანელი ჟურნალისტი გააძევეს

რუსეთიდან ბრიტანელი ჟურნალისტი, ლუკ ჰარდინგი გააძევეს. გაზეთ "გარდიანის" კორესპონდენტი მაშინ დააკავეს, როდესაც ის რუსეთის საზღვარს კვეთდა. დაკავების შემდეგ აეროპორტში მან 45 წუთი დაჰყო, რის შემდეგაც რუსეთიდან იქნა დეპორტირებული.

„გარდიანის“ ინფორმაციით, შვებულებიდან დაბრუნებულ  ჟურნალისტს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუუქმეს რუსეთის ვიზა. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო უწყებამ განმარტა, რომ  კანონის თანახმად უცხოეთის მოქალაქეს შეიძლება  რუსეთში ვიზიტზე უარი უთხრან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. საიმიგრაციო სამსახურის უფროსმა,  კონსტანტინე პოლტარანინმა განაცხადა, რომ „გარდიანის“ ჟურნალისტის ქვეყნიდან გაძევებასთან მის უწყებას არანაირი კავშირი არ აქვს.     რუსული მედიის ცნობით, ჰარდინგს პრობლემები რუსეთის ხელიუფლებასთან ადრეც ჰქონდა. 2010 წელს  რუსეთის უშიშროების სამსახურმა ის ინგუშეთში იმის გამო დააკავა, რომ მოსკოვის მეტროს ტერაქტისას დაღუპულლი თვითმკვლელი ტერორისტის მამისგან ინტერვიუ აიღო.

უცხოური მედიის ცნობით, ჟურნალისტის ქვეყნიდან გაძევების მიზეზი შესაძლოა გახდა წერილი, სახელწოდებით "მაფიოზური სახელმწიფო",  რომელსაც ლუკ ჰარდინგი WikiLeaks-ის მასალებზე დაყრდნობით რუსეთის პოლიტიკურ და ბიზნეს წრეების მთავარი მოქმედი პირების შესახებ ამზადებდა. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის დეკემბერში ჟურნალისტმა გამოაქვეყნა წერილი, რომელიშიც წერდა, რომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლაში ვლადიმერ პუტინია გარეული.  WikiLeaks -ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ლუკ ჰარდინგი აღნიშნავდა , რომ  ლიტვინენკოს მოწამვლამდე ორი კვირით ადრე,  პუტინმა მისი მკვლელობის გეგმის შესახებ იცოდა.

ცივი ომის დასრულების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთიდან  ბრიტანელი ჟურნალისტი გააძევეს. 

კომენტარები