დოკუ უმაროვმა დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი ტერაქტი თავის თავზე აიღო

მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში 24 იანვარს მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა თვითგამოცდებული ”კავკასიის იმამატის” ლიდერმა, ჩეჩენი ბოევიკების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა  დოკუ უმაროვმა აიღო. ინტერნეტ პორტალ კავკაზ ცენტრზე განთავსებულ ვიდეოში დუკუ უმაროვი აცხადებს, რომ   აეროპორტში ტერაქტის მოწყობის ბრძანება მან გასცა. უმაროვის განცხადება 7 თებერვალს, ტერაქტიდან ორი კვირის შემდეგ გამოქვეყნდა.

უფრო ადრე კი კავკაზ ცენტრის საიტზე გამოქვეყნდა დოკუ უმაროვის კიდევ ერთი ჩანაწერი, სადაც მასთან ერთად  იმყოფება ახალგაზრდა, რომელიც დომოდედოვოს ტერაქტში ერთ-ერთ ეჭვმიტანილს, მოგამედ ევლოევს გავს. ექსპერტების აზრით, ვიდეო ტერაქტამდეა გადაღებული.   მოგამედ ევლოევი ინგუშეთის სოფელ ალი-იურტის მკვიდრია. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ის, თანასოფლელ ადამ გამჯიევთან და ისმაილ ევლოევთან ერთად, დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილად სცნო. სამ ადამიანს რუსეთის უშიშროება დღემდე ეძებს.

მოგამედ ევლოევის  ოჯახის განცხადებით,  მათი შვილი ერთი თვის წინ გაუჩინარდა. ოჯახის წევრებს არ სჯერათ, რომ ვიდეოზე  მოგამედ ევლოევია. აღსანიშნავია, რომ 31 იანვარს რუსეთის უშიშროების სამსახურმა ევლოევის 16 წლის ძმა აჰმედი და 22 წლის და - ფატიმა დააპატიმრა. რუსეთის უშიშროებას ეჭვი აქვს, რომ  და-ძმამ ტერორისტი ოჯახის წევრის შესახებ ბევრი რამ იცის და არ გამორიცხავენ, რომ ისინი ხელს უწყობდნენ ძმას არალეგალურ საქმიანობაში.

დოკუ უმაროვის განცხადებაზე რუსეთის უშიშროების სამსახურს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. არაოფიციალურად,  საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტას-თან საუბრისას, რუსეთის სპეცსამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა  განაცხადა, რომ უმაროვის განცხადებას ელოდნენ, ვინაიდან  ის ყოველთვის ცდილობს ყურადღების მიპყრობას. ”ჩვენ ყველა ვერსიას ვსწავლობთ და მათ შორის, ტერაქტში კავკასიური ბანდიტური იატაქვეშეთის მონაწილეობასაც,” დასძინა სპეცსამსახურის წარმომადგენელმა.  

დომოდედოვოს აეროპორტში 24 იანვარს მომხდარი აფეთების შედგად დაიღუპა 36 ადამიანი, ხოლო 125 დაიჭრა. მათ შორის 10 ადამიანი დღემდე საავადმყოფოში რჩება.

დოკუ უმაროვმა თავის თავზე 2010 წელს მოსკოვის მეტროს სადგურებში მომხდარი ტერაქტებიც აიღო. უმაროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის პირადი მტერია. ის ერთადერთი ბოევიკია, რომელიც კადიროვმა ვერ გაანეიტრალა და ჩეჩნეთის მმართველს ბევრ პრობლემებს უქმნის მოსკოვთან ურთიერთობაში. აღსანიშნავია, რომ დოკუ უმაროვის განცხადება საფუძველს აცლის კრემლთან დაპირისპირებული ოპოზიციური ძალების ვარაუდებს, რომ ტერაქტი კრემლის მოწყობილია.

კომენტარები