საგადასახადო ომბუდსმენად პრემიერ მინისტრის მრჩეველი დაინიშნა

პრემიერ მინისტრმა, ნიკა გილაურმა  საგადასახადო ომბუდსმენის კანდიდატურის შესახებ კონსულტაციები დაასრულა. ახლადშექმნილი ინსტიტუტის ხელმძღვანელად დღეს გილაურმა მისი მთავარი მრჩეველი  კერძო სექტორის ხელშეწყობის საკითხებში, გიორგი პერტაია დაამტკიცა .

პრემიერმა  საგადასახდო ომბუდსმენის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები ბიზნეს სექტორთან და სამინისტროებთან გასულ კვირას დაიწყო და დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან განხილვით დაასრულა. ახალ პოსტზე სულ სამი კანდიდატურა განიხილებოდა: გიორგი პერტაია, ასევე სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ჯემალ ინაიშვილი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია. დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან პერტაია ”ყველაზე უკეთესი” იყო. პრემიერის თქმით, მას ერთხმად დაუჭირა მხარი ბიზნეს სექტორმა. "ჩვენი მთავარი მიზანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთიანი მუშაობის პროცესში ბიზნესომბუდსმენმა თავისი მოვალეობა შეასრულოს", აღნიშნა გილაურმა.

გიორგი პერტაია პრემიერის თანაშემწედ გასული მაისიდან  მუშაობს. მან დასავლეთ ილინოისის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლა დაამთავრა და მაგისტრის ხარისხი მიიღო. მუშაობდა ამერიკის სავაჭრო პალატის ვაჭრობისა და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ, სადაც მისი მთავარი ფუნქცია ბიზნესის ინტერესების დაცვა იყო.

საგადასახადო ომბუდსმენის თანამდებობის შემოღებას ახალი საგადასახდო კოდექსი ითვალისწინებს, რომელიც იანვრიდან შევიდა ძალაში. ბიზნესმენების უფლებათა დამცველს, კანონის თანახმად, პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს. საგადასახადო ომბუდსმენის დანიშვნის წესი დღეს ახალმა მემარჯვენეებმა გააპროსტესტეს.  ისინი მოითხოვენ ომბუდსმენი პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის წარდგენით დაინიშნოს, რომელიც თავის მხრივ კანდიდატურას სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს წრეების, არასამთავრობო სექტორის და მედიასაშუალებების წარმომადგენელთა რეკომენდაციების საფუძველზე შეარჩევს.

კომენტარები