სტუდქალაქში პოლიციასა და დევნილებს შორის დაპირისპირება მოხდა

დღეს ბაგებში, სტუდქალაქის ერთ-ერთი შენობიდან დევნილების გამოსახლების დროს პოლიციასა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ პოლიციამ 10-მდე ადამიანი, მათ შორის ოთხი ქალი დააკავა. თვითმხილველების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე, მანუჩარ სიგუა და კონსერვატიული პარტიის წევრი, გია ყრუაშვილი.

გამოსახლებული დევნილების ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას მათთვის ალტერნატიული ფართები არ შეუთავაზებია. ისინი თავშესაფარს ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვენ. სტუდქალაქიდან გამოსახლებული დევნილები დღეს აშშ-ს საელჩოსთან მისვლას აპირებენ.  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კი ბრალდებებს უარყოფს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს იმ ობიექტების დაცვა, სადაც დევნილები არალეგალურად ცხოვრობდნენ, თუმცა სამინისტრო ”უბინაოდ არავის დატოვებს.”

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს სტუდქალაქში იმყოფებოდნენ, სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში დაადანაშაულა. ”ოპოზიციონერები მოუწოდებენ დევნილებს არ დატოვონ ტერიტორია და შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს. სწორედ ამგვარი პროვოკაციის საფუძველზე მოხდა რამდენიმე პირის დაკავება,” ნათქვამია განცხადებაში.

სტუდქალაქის გარდა დევნილების გამოსახლება  ორხევში მდებარე საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდანაც მიმდინარეობს. იძულებით გადაადგილებული პირები დღეს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. 

კომენტარები