მედვედევი იღუშება

”გავიმარჯვეთ! 2018 წელს ფიფას მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ”, აღტაცებულმა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა Twitter-ით აუწყა თანამემამულეებს ახალი ამბავი 2 დეკემბრის საღამოს, ციურიხში ფიფას ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში. ეს დიდი  შემობრუნება იყო წარბებშეჭმუხნილი მედვედევისთვის, რომელმაც ერთი დღით ადრე დემონსტრაციულად მიატოვა ეუთოს სამიტი ასტანაში. რუსეთს მაგრად მოხვდა სამიტის გახსნის დღეს და მედვედევმა გადაწყვიტა, აღარ აეტანა მეორე დღესაც ეს დარტყმა. მედვედევის ზაფხულის გაღიმება, როგორც ჩანს, მოახლოებული ზამთრის მოღუშვით იცვლება.

ამერიკასთან გადატვირთვისა და NATO-სთან ახალი ურთიერთობის დასაწყისით არსენალში, რუსეთი ასტანაში 56-წევრიანი ორგანიზაციის მიმართულების დემოკრატიზაციის საკითხებიდან უსაფრთხოების საკითხებისკენ შეცვლას გეგმავდა, ყოველ შემთხვევაში, იმ საკითხებისკენ, რომლებიც მოსკოვს აწყობს – ტერორიზმთან ბრძოლა, ადამიანთა ტრეფიკინგი და ნარკოტიკები. შეკვეცილი მანდატით, ეუთო უფრო დიდ აღმასრულებელ ძალაუფლებას მიიღებდა.

არც ერთი ლიდერი არ იტყოდა უარს რუსეთის დღის წესრიგზე, თუმცა არც ერთი მათგანი არ იყო მზად, უარი ეთქვა ეუთოს დანარჩენი საკითხების განხილვაზე. დასავლეთს, ნაწილს მაინც, აწუხებს ის, რასაც გადატვირთვის დილემა შეიძლება ვუწოდოთ – ძალიან ბევრი გაწელილი ღიმილი, უამრავი ფუყე სიტყვა რუსეთთან დაკავშირებით. ახლა რუსები დასავლეთის ფოიეში დგანან და არავინ იცის, როგორ მოექცეს ამ უკონტროლო სტუმრებს.

ეუთოს მიზნებიდან გამომდინარე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ვერ დაესწრებოდა ევრაზიის კონტინენტის უსაფრთხოების მთავარ ფორუმს ისე, რომ არ განეხილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის ოკუპაცია ან რუსეთის მიერ 1999 წლის ეუთოს სტამბოლის სამიტის ხელშეკრულებების შეუსრულებლობა.

ჰილარი კლინტონმა რამდენიმე მკაცრი განცხადება გააკეთა ასტანაში. „სამწუხაროა,” თქვა მან, „რომ წევრმა სახელმწიფომ მისიას მასპინძლობა შესთავაზა და ეუთოს რეაგირების საშუალება არ მიეცა. ჩვენ ამ ორგანიზაციას საშუალება უნდა მივცეთ, აკეთოს თავისი საქმე და აღადგინოს ქმედითი წარმომადგენლობა საქართველოში”.

აშშ-ში ზოგი კლინტონს რუსების გაღიზიანებისთვის აკრიტიკებს, თუმცა მან თქვა ის, რაც უნდა ეთქვა. „კარგი მესერი, კარგი მეზობლისგან გიცავს” – ნათქვამი აქვს ამერიკელ პოეტს, რობერტ ფროსტს. პრობლემა ის კი არ არის, რომ კლინტონმა მკაცრი სიტყვები წარმოთქვა, პრობლემა ის არის, რომ დასავლეთმა რუსეთი ისე დაიახლოვა, რომ მკაცრი სიტყვები მოულოდნელი აღმოჩნდა.

მეტიც, კლინტონი ასტანაში იზოლაციაში არ ყოფილა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა: „კონფლიქტები ამ რეგიონში ახლა წარმატებით უნდა მოგვარდეს... ადამიანის უფლებათა ისეთი გარანტიები, როგორებიცაა დემოკრატია და გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, სრულფასოვნად უნდა განხორციელდეს ყველა წევრ ქვეყანაში”.

არა მგონია, ასტანა დასავლეთის რუსეთთან ურთიერთობებში შემობრუნების წერტილი გახდეს. როგორც ალექსანდრ პოუპმა თქვა, ადამიანს იმედი მუდამ აქვს. გარდა ამისა, მოსკოვს ყოველთვის შეუძლია, იპოვოს მეგობარი, რომლისგანაც სარგებელს მიიღებს – იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი სამიტის გადასარჩენად აქეთ-იქით დახტოდა, სანამ მედვედევთან და რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან სოჭში პაემანზე გაფრინდებოდა, სადაც შვიდ ახალ ბიზნესკონტრაქტს მოეწერა ხელი.

ნაადრევი იქნებოდა იმის თქმაც, რომ ასტანა შუალედური ეტაპია დასავლეთის რუსეთთან უფრო ზომიერი ურთიერთობებისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, ამის ნიშნები არის. როცა მედვედევი ასტანიდან სახლში მიფრინავდა, ალბათ უფრო ბედნიერი დღეები ახსენდებოდა – გასული ზაფხული, როდესაც ფართოდ გაღიმებული სილიკონის ველს ეწვია კალიფორნიაში მაღალი ტექნოლოგიების ძიებაში; ოქტომბერი, როდესაც კალიფორნიის გუბერნატორმა, არნოლდ შვარცენეგერმა, შეაქო როგორც „დიადი წინამძღოლი”, ოქტომბერშივე საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქ დოვილში მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზისთან ფამილარობა, ვაშინგტონისა და NATO-ს სხვა წევრების გვერდის ავლით.

დოვილი ის კარიბჭე უნდა ყოფილიყო, რომლითაც მოხდებოდა მედვედევის ტრიუმფალური შესვლა NATO-ს ლისაბონის სამიტზე. თუმცა ლისაბონი მხოლოდ რიგითი ვიზიტი აღმოჩნდა – ცუდი არა, მაგრამ არც ტრიუმფალური. გადატვირთვის დილემამ NATO-ს სამიტზეც წამოყო თავი. მიუხედავად მათ შორის მჯდომი მედვედევისა, დასავლელმა ლიდერებმა ვერ აუარეს გვერდი ისეთ საკითხებს, როგორიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაა. არც საქართველო იდგა დღის წესრიგში და არც NATO-ს გაფართოება, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისარგებლა ამ შემთხვევით და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. სამიტის დეკლარაციაშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი, აქამდე არსებულთაგან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი განცხადება შევიდა.

ეს სავარაუდოდ სწორედ იმიტომ მოხდა, რომ მედვედევი იყო საპატიო სტუმარი და არა მიუხედავად იმისა, რომ ის იყო საპატიო სტუმარი.

ზოგმა დასავლელმა უფრო ფხიზელი თვალით დაუწყო რუსეთს ცქერა. „ხომ გეუბნებოდით” – იტყვიან სხვები. ზოგი ჩაის წვეულებების და სახელმწიფო სადილების დაგეგმვას გააგრძელებს. ფიფა იტყვის, ყველაფერი კარგად არისო, თუმცა არ არის ასე. და არც იქნება კარგად მანამ, სანამ დასავლეთი მეგობრობის შესახებ მაღალფარდოვანი თუმცა ფუჭი განცხადებების კეთებას გააგრძელებს და რუსეთს მოექცევა როგორც ან მეგობარს ან მტერს და არა როგორც ჭირვეულ მეზობელს, რომელთანაც ცოტა რამ გვაქვს საერთო, ბევრზე კი ვერ ვთანხმდებით – სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, მანამ, სანამ მედვედევის სახის გამომეტყველება დასავლეთის პოლიტიკის ბარომეტრი იქნება.

 

კომენტარები