ICG: მთავრი გამოწვევები საქართველოს სტაბილურობას 2012-2013 წლებში ექნება

13 დეკემბერს კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფმა (ICG) საქართველოზე გაკეთებული მიმოხილვა, სახელწოდებით "საქართველო: სტაბილური მომავლის უზრუნველყოფა,“ გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანაა, თუმცა ამ სტაბილურობას მთავრი გამოცდა 2012 -2013 წლებში დაუდგება.

"მომდევნო ორი წელი განსაზღვრავს წინ წავა თუ არა ქვეყანა, როგორც ნამდვილად სტაბილური, თანამედროვე დემოკრატია, თუ გადაიქცევა მყიფე, ფსევდო– პლურალისტურ და სტაგნაციურ სისტემად,“  ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტის ავტორების აზრით, ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ოპოზიციამ ეს მნიშვნელოვანი პერიოდი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შესაქმნელად უნდა გამოიყენონ. ამის მისაღწევად კი, მათი თქმით, საუკეთესო გზა სამართლიანი არჩევნების, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ეკონომიკური სტაბილურობის და მომავალი ხელისუფლების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად არსებით დიალოგში ჩართვაა.

მიმოხილვის მიხედვით, პოლიტიკური სტაბილურობის კუთხით ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა  თუ რა როლს ითამაშებს პრეზიდენტი სააკაშვილი ახალი კონსტიტუციური მოდელის პირობებში, რომელიც ძალაში 2013 წელს, ”მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისთანავე შევა”. ანგარიშის ავტორების თქმით, სააკაშვილის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლის მიზანი მისი ხელისუფლებაში დარჩენის უზრუნველყოფაა უკვე პრემიერ– მინისტრის რანგში.

ICG–ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება კარგად აცნობიერებს, რომ ეს სცენარი დააზარალებს ხელისუფლების დემოკრატიულ იმიჯს საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ცდილობს თავი  რეგიონში რუსეთის ალტერნატიულ მოდელად წარმოაჩინოს. კრიზისების აცილების ჯგუფი დიპლომატებზე და სააკაშვილის გარემოცვის წევრებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ”სააკაშვილს არ აქვს ჩამოყალიბებული ზუსტი მოსაზრება, თუ კონკრეტულად რა პოლიტიკური პოსტი სურს 2013 წლის შემდეგ, თუ მისი პარტია [2012 წელს] საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს”.

ასევე გარემოცვაზე დაყრდნობით გამოთქმულია ვარუდები, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად სააკაშვილმა შეიძლება მხარი დაუჭიროს შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, თბილისის მერს, გიგი უგულავას, პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, ან თავისუფალი დემოკრატების ლიდერს, ირაკლი ალასანიას. 

კომენტარები