გია არსენიშვილი: 1942—2010

პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი გუშინ 68 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

გია არსენიშვილი 1942 წლის 5 იანვარს თელავში დაიბადა. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე იყო მათემატიკის ინსტიტუტის დოცენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დააარსა მათემატიკური მეთოდების გამოყენების კათედრა და იყო ამავე კათედრის გამგე.

არსენიშვილი პოლიტიკაში 1995 წელს ჩაერთო. მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას მან დაიკავა ჯერ კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, შემდეგ კი სახელმწიფო მინისტრის პოსტი. 2001-2004 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში. 2004-2006 არჩეული იყო საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. 2006-2007 წლებში იყო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2008 წლის ივნისში არსენიშვილი ნაციონალური მოძრაობის წარდგინებით თელავის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს თავმჯდომარეობდა.

პრეზიდენტი სააკაშვილის გადაწყვეტილებით, გია არსენიშვილს გარდაცვალების შემდეგ ბრწყინვალების ორდენი მიენიჭა.

კომენტარები