ბებერი ხარის რქები

ხშირად გვიწევს საუბარი იმაზე, რომ ბოლო დროს ფეხბურთი ძალიან შეიცვალა. აქ თამაშის სტრატეგიასაც ვგულისხმობთ, მოთამაშეთა ფიზიკურ მომზადებასაც და კიდევ უამრავ სხვა ასპექტს.

ადრე, როდესაც პროფესიული ფეხბურთი ჯერ კიდევ არ იყო მთლიანად დამონებული მსხვილი კაპიტალის მიერ, ვარსკვლავები მაყურებლისთვის დგამდნენ სპექტაკლებს და ამით თვითონაც არანაკლებ სიამოვნებას იღებდნენ. მაშინ გუნდის ერთგულება დაუწერელი კანონი იყო და გულშემატკივარიც ცალკეულ ფეხბურთელებს მათ კლუბებთან აიგივებდა. ისინიც კარიერის დასრულებას არ ჩქარობდნენ და ზოგჯერ შვილებთან ერთადაც უწევდათ მინდორზე გასვლა.
 
ალბათ ამიტომ იყო, რომ ლეგენდარული სტენლი მეტიუზი 50 წლამდე აგრძელებდა უმაღლეს დონეზე თამაშს, მერე 5 წელი “დაისვენა” და კიდევ ერთი სეზონით დაბრუნდა! ოქროს ბურთიც 41 წლისამ მოიპოვა... ალფრედო დი სტეფანო ამავე ჯილდოს 10 წლით უმცროს ასაკში (31) დაეუფლა – რეალში 36 წლამდე ითამაშა, სპორტიდან კი 2 წლით გვიან წავიდა. მსგავსი მაგალითების მოყვანა უსასრულობამდე გრძელ სიას ჩამოგვაწერინებს – ფერენც პუშკაში 39 წლის გამოეთხოვა ფეხბურთს, ფრანც ბეკენბაუერი (38), იოჰან კრუიფი (37), ორჯერ მოკვეთილი დიეგო მარადონა (37), ზიკო (41), გარინჩა (40), ხენტო (38), ამანსიო (43), რაიმონ კოპა (36), ბობი ჩარლტონი (39), ჯორჯ ბესტი (38), ეუსებიო (38)... 42 წლის როჟე მილამ კამერუნი კინაღამ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა, ერთი წლით უმცროსმა დინო ძოფმა კი სულაც ფიფას თასი ჩაიხუტა...
 
დღევანდელი საზომით, ამათგან ცოტა თუ გამოდგებოდა ათლეტურობის ეტალონად – მათთვის ჭარბი წონაც ჩვეულებრივი ამბავი იყო, სიგარეტის წევაც და ალკოჰოლიც. გარინჩამ კი საერთოდ ყველაფერი გააერთიანა და მაინც ლეგენდად დარჩა – თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ კოჭლ კაცზე ვსაუბრობთ!!!
 
აქ მარტო უპირველესი რანგის ფეხბურთელები ჩამოვთვალე, თორემ, სტაჟიან გულშემატკივარს სოფიის ლოკომოტივის უკიდეგანოდ გასუქებული ლიდერი ატანას “ბატენაჩო” მიხაილოვიც ემახსოვრება, რომელიც 70-იანების მიწურულს კიევის დინამოსთან გადამწყვეტი ჯარიმის დასარტყმელად ლამის ბორბლებზე შემდგარი გამოაგორეს! და რა გგონიათ?! დაარტყა და გაიტანა!!! წლევანდელ მუნდიალზე 37 წლის არგენტინელმა მარტინ პალერმომ საბერძნეთთან შეცვლაზე შესვლა გოლით აღნიშნა, ან ვის არ ახსოვს 39 წლის იენელი ებერჰარდ ფოგელი, ჩვენს დინამოს რომ თასების თასს ეცილებოდა...
 
დღეს სხვა ვითარებაა. დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც 40 წელს მიტანებული ფეხბურთელები თავიანთი გუნდების ლიდერებად რჩებოდნენ და გულშემატკივარი მათ იმედად მიდიოდა სტადიონზე. ასეთები თითზე ჩამოსათვლელნი დარჩნენ. წავიდა მილანის სიმბოლო პაოლო მალდინი, ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა ლუიშ ფიგუმ, რეალმა მოიშორა რაული და გუტი, აგერ ედგარ დავიდსმაც გამოაცხადა კარიერის საბოლოო დასრულება... მათ გარეშე ფეხბურთი მოსაწყენ სანახაობად იქცევა – ჩემმა მტერმა უყურა ერთ ყალიბში ჩამოსხმული 22 კაცის სირბილს, რომლებსაც მინდორზე მოძრაობის მარშრუტსაც კი, მაინცელი ტომას ტუხელის ტიპის, ყველასთვის უცნობი ახალბედა სტრატეგები უწერენ. გამონაკლისს ისევ ბარსა, რეალი და თითო-ოროლა ინგლისური კლუბი წარმოადგენენ. დანარჩენებს ფორმის ფერით თუ განასხვავებ ერთმანეთისგან...
 
ერთადერთ იმედად ისევ ვეტერანები რჩებიან. კვლავაც მწყობრშია მარადონას მიერ დაწუნებული უბერებელი ხავიერ ძანეტი, რომელიც ნაკრებშიც დაბრუნდა და ინტერსაც ძველებური ჟინით კაპიტნობს, ჰამბურგში მეორე სუნთქვა გაეხსნა რუუდ ვან ნისტელროის, იუვენტინო ალექს დელ პიერომ კი მასსავით „ბებერ ქალბატონს” მილანში 3 ქულა ააღებინა...
 
ნოემბრის დასაწყისშიც, ევროპის სტადიონებზე გამართულ მატჩებში, ორმა “ბებერმა” გაიბრწყინა. რეალიდან გაშვებულმა რაულმა დუბლით შეწყვიტა შალკეს წარუმატებელი საშინაო სერია, მილანში კი ფილიპო ინძაგიმ ურაულო რეალს ორჯერ გაუტანა და მადრიდელთა ყოფილ სიმბოლოს ისტორიულ სათასო ბომბარდირობაში დაეწია. ასე რომ, ჯერ ყველაფერი როდია დაკარგული – ბებერი ხარის რქების თემა კვლავაც აქტუალურია! 

კომენტარები