ქართულმა სპეცსამსახურებმა ბირთვული კონტრაბანდის მორიგი შემთხვევა აღკვეთეს

 გასულ კვირას ცნობილი გახდა დეტალები 2010 წლის გაზაფხულზე საქართველოში გამდიდრებული ურანის დაკავების შესახებ. ინფორმაცია 7 ნოემბერს Guardian-მა და Associated Press-მა გამოაქვეყნეს. ჯაშუშური სკანდალის შემდეგ კი საქართველო სწორედ ურანის თემით მოექცა საერთაშორისო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში. 

2010 წლის მარტში საქართველოს სპეცსამსახურებმა, ბოლო ათი წლის მანძილზე,  რიგით მერვე სპეცოპერაცია განახორციელეს – დააკავეს გამდიდრებული ურანი. სულ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში გამდიდრებული ურანის 21 კონფისკაცია განხორციელდა. 

 
უცხოური მედია წერს, რომ კავკასიის რეგიონში ურანის სრული ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. 
 
მართლაც, მუდმივად ჩნდებოდა და ჩნდება კითხვები აფხაზეთში არსებულ ურანის მარაგთან დაკავშირებით. სსრკ-ს პერიოდში სოხუმში 2 კილოგრამამდე მაღალგამდიდრებული ურანი იყო. სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში, რომელშიც ფიზიკოსები, ძირითადად, მოსკოვის სამხედრო დაკვეთებს ასრულებდნენ, 1993 წლის 21 ივნისის მდგომარეობით, 44 დასახელების სხვადასხვა ბირთვული და რადიაქტიური ნივთიერება ინახებოდა. 2002 წელს კი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, რომელიც სოხუმში ინსპექტირებისთვის ჩავიდა, ოფიციალურად აღწერილი ურანი ინსტიტუტში აღარ დახვდა. იგი გაურკვეველი მიმართულებით გამქრალიყო. 
 
სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ბირთვული კონტრაბანდისთვის ხელსაყრელი შავი ხვრელებია.
 
ამაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის აპრილში, ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას ისაუბრა. ამ სამიტზევე გაკეთდა პირველი საჯარო განცხადება 11 მარტის ფაქტზე – თუმცა, დეტალები არ დაკონკრეტებულა. 
 
დეტალები ნოემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი. Guardian-ის ინფორმაციით, გამდიდრებული 18 გრამი ურანი საქართველოში სომხეთის მოქალაქეებმა, ბიზნესმენმა სამბეტ ტონოიანმა და ფიზიკოსმა, ერევნის ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელმა ხრენტ ოჰანიანმა რკინიგზით შემოიტანეს. თბილისში კონტრაბანდისტებს მყიდველის სახით საქართველოს შსს-ს აგენტი ელოდა. ვაჭრობა 120 გრამ ურანზე მიდიოდა. თავდაპირველად დასახელებული ფასი ამ ვაჭრობის შედეგად 8 მილიონი აშშ დოლარიდან 1,5 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. საბოლოოდ აგენტს, რომელიც კონტრაბანდისტებს ისლამური ჯგუფის წარმომადგენლად წარუდგა, ისინი ერთ-ერთ სასტუმროში 2010 წლის 11 მარტს შეხვდნენ. დაკავების ოპერაციაც სწორედ აქ განხორციელდა. 
 
აშშ-ში ჩატარებულმა ტესტებმა დაადასტურა, რომ ამოღებული ნივთიერება 89,4%-ით გამდიდრებული გახლდათ. ურანი ბომბის დასამზადებლად ვარგისი იყო. 
 
დაკავებულების სასამართლო პროცესი თბილისში დასასრულს უახლოვდება. მათ ბრალი აღიარეს, ურანის მომწოდებელიც დაასახელეს და 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ქართველი და სომეხი სამართალდამცავების თანამშრომლობის შედეგად სომხეთში დაკავებულია ჯგუფის კიდევ ერთი წევრი – გარიკ დადაიანი.  იგი 2003 წელს ქართველმა მესაზღვრეებმა 170 გრამი ურანის კონტრაბანდის ფაქტზე საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავეს. მაშინ დადაიანის სომხეთში ექსტრადირება გადაწყდა, სადაც მას ორ წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს. 2005 წელს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. დაკავებულის მაშინდელი ჩვენების თანახმად, ურანი მან  რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკში მოიპოვა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ნივთიერება ამჯერადაც ნოვოსიბირსკიდან იყოს. მაშინ ამოღებული ურანის ნაწილი ექსპერტიზის ჩასატარებლად რუსეთში გაიგზავნა. როსატომის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ნივთიერება გამდიდრებული ურანი იყო, თუმცა ქართველ და რუს სამართალდამცველებს შორის თანამშრომლობა ამაზე შორს არ წასულა.
 
ურანის კონტრაბანდის კიდევ ერთი გახმაურებული ფაქტი საქართველოში 2006 წელს მოხდა. მაშინ ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველოს სამი და  რუსეთის ერთი მოქალაქე – ოლეგ ხინცაგოვი დააკავეს. მათ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით საქართველოში 100 გრამი 90%-ით გამდიდრებული ურანი შემოიტანეს. თბილისი ამჯერადაც შეეცადა რუსეთთან თანამშრომლობას –ამოღებული ნივთიერების ნიმუშები გააგზავნა. მოსკოვში დაადასტურეს, რომ ნივთიერება მაღალგამდიდრებული ურანი იყო, თუმცა სხვა ინფორმაცია ქართველ სამართალდამცავებს აღარ მიუღიათ.  
 
რუსეთთან თანამშრომლობა ამ თვალსაზრისით ვერ შედგა. სამაგიეროდ, საქართველო ამ თვალსაზრისით აქტიურად თანამშრომლობს აშშ-სთან. ბოლო წლებში ამერიკის ბირთვული უსაფრთხოების დაცვის სამსახურმა საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ასევე საქართველოს 20 სასაზღვრო პუნქტზე, თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობა დაამონტაჟა. მას შეუძლია რადიაქტიური ნივთიერება აღმოაჩინოს. 
 
მარტში განხორციელებული ოპერაციის დეტალებმა საქართველოს, როგორც ბირთვული უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში დასავლეთის პარტნიორის როლი, კიდევ უფრო გაამყარა. მაგალითად, ანალიტიკური სააგენტო Eurasia.net-ი წერს, რომ ჯაშუშების და ურანის თემის გახმაურება ლისაბონის ნატოს სამიტის წინ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის პროექტის რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ ნატომ მკაფიოდ უნდა გამოუცხადოს სრული მხარდაჭერა  ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას. 

კომენტარები