საქართველოს საფრთხეების შეფასების ახალი დოკუმენტი ქვეყნისთვის ნომერ პირველ საფრთხედ რუსეთს განიხილავს. კრემლის მთავარ მიზნად საქართველოს ევროატლანტიკური არჩევნის რეალიზაციისთვის ხელის შეშლა და რუსულ ორბიტაზე ძალადობრივი გზით დაბრუნება სახელდება.
დოკუმენტი აგვისტოს ომის შემდგომ შექმნილ რეალობას ასახავს. მის თანახმად, ერთი მხრივ, ომმა ცხადი გახადა, რომ რუსეთი საკუთარი ვიწრო ინტერესებისთვის მზად არის, „ღიად დაუპირისპირდეს საერთაშორისო სამართლის იმ ფუძემდებლურ პრინციპებს და ნორმებს, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ქვაკუთხედს წარმოადგენს”. მეორე მხრივ კი, ვინაიდან მოსკოვმა მიზანს ვერ მიაღწია და არსებული სტატუს-კვო კრემლის მმართველებისთვის მიუღებელია, ეს მისგან მოსალოდნელ საფრთხეებსა და რისკებს ზრდის.
რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხეების წინა პლანზე გადმოტანა და ხაზგასმა ახალ დოკუმენტს წინამორბედისგან განასხვავებს. საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი დევიდ სმიტი ამას იმით ხსნის, რომ ომამდე საფრთხე თეორიული იყო. აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ კი უკვე ემპირიული გახდა. ის განმარტავს, რომ აგვისტოს ომამდეც რუსების აგრესიულობის შესახებ ყველამ იცოდა. ცხადი იყო, რომ კრემლი კონფლიქტებს აღვივებდა. არავისთვის გახლდათ დამალული ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნის ფაქტი. თუმცა, ძალიან ცოტა თუ ელოდა მათ სრულმასშტაბიან შემოჭრას.
მისი თქმით, ახალი დოკუმენტი ადეკვატურად ასახავს იმ საფრთხეებს, რაც ამჟამად ქვეყნის წინაშე დგას. „ნომერ პირველი საფრთხე საქართველოს უსაფრთხოებისთვის, აშკარად, რუსეთია”, – ამბობს სმიტი.
საქართველოს საფრთხეების შეფასების 2010-2013 წლების დოკუმენტი უშიშროების საბჭომ მოამზადა. ის სექტემბერში დამტკიცდა. საჯარო მისი არასაიდუმლო, ადაპტირებული ვარიანტია. იგი 5 ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი სამხედრო საფრთხეებს მოიცავს, მეორე საგარეო პოლიტიკურს. მესამე ტრანსნაციონალურ საფრთხეებს ეთმობა, მეოთხე – სოციალურსა და ეკონომიკურს. ბოლო ნაწილში კი ბუნებრივ-ტექნოგენური საფრთხეები და გამოწვევებია გაანალიზებული.
ტექსტში თავიდანვეა აღნიშნული, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია ქვეყნის სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნის. ის არის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დესტაბილიზაციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალების არყოფნა, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია – ის ფაქტორებია, რომელიც პროვოკაციების რისკსა და ახალი სამხედრო აგრესიის შესაძლებლობას ზრდის. უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკ-ფაქტორად მეზობელ ქვეყნებში კონფლიქტური კერების არსებობაცაა დასახელებული.
საგარეო პოლიტიკური საფრთხეების განხილვისას რუსეთი კვლავ წინა პლანზეა. კრემლი „საერთაშორისო არენაზე ანტიქართული საინფორმაციო და დიპლომატიური კამპანიის განსახორციელებლად მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავს”. პუტინის რეჟიმის მიზანია, საქართველოს არადემოკრატიული, არასტაბილური და აგრესიული მიზნების მქონე სახელმწიფოს იმიჯი შეუქმნას.
რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაციას ცდილობს. კრემლი ამ ტერიტორიებზე დემოგრაფიულ მანიპულაციებსაც მიმართავს – იქნება ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქ ცხოვრებისა და ქონების შეძენის უფლების მიცემა, თუ რუსი სამხედროებისა და მათი ოჯახების დასასახლებლად პირობების შექმნა.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკონტროლო სიტუაცია კონტრაბანდისა და სხვადასხვა სახის ტრანსნაციონალური დანაშაულების ზრდასაც უქმნის საფუძველს. საფრთხეს წარმოადგენს ამავე ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაც, რასაც ბუნებრივი რესურსების უკანონო გაზიდვა იწვევს.
მნიშვნელოვან ფაქტორადაა მიჩნეული ქვეყნის კიბერუსაფრთხოების დაცვაც. აქ მაგალითად კვლავ აგვისტოს ომია მოყვანილი, როდესაც რუსებმა ქვეყანაზე კიბერთავდასხმებიც მოაწყვეს. „აღნიშნულმა კიბერშეტევებმა აჩვენა, რომ კიბერსივრცის დაცვა ეროვნული უსაფრთხოებისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სივრცეების დაცვა”. – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ხელშეკრულებაში განხილულია ეკონომიკური, დემოგრაფიული და ენერგეტიკული გამოწვევებიც. დოკუმენტში ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებული და ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად მზარდი საფრთხეებია ხაზგასმული.




