სერბეთსა და კოსოვოს შორის დიალოგი იწყება

11-14 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, სამდღიანი ვიზიტით ბალკანეთს სტუმრობდა. ვიზიტისას განსაკუთრებული აქცენტი კოსოვოსა და სერბეთს შორის დიალოგის დაწყებაზე გაკეთდა. 
სახელმწიფო მდივანი სერბეთის პრეზიდენტ ბორის ტადიჩს შეხვდა. განხილვის ძირითადი თემა კოსოვოსთან თანამშრომლობის გზების გამონახვა იყო. მართალია, სერბმა ლიდერმა კოსოვოს აღიარებაზე მტკიცე უარი განაცხადა, მაგრამ პრიშტინასთან დიალოგის დაწყების დაპირების ერთგული რჩება. მხარეებმა კონსულტაციები უნდა გამართონ ისეთ პრაქტიკულ საკითხებზე, როგორიცაა კომუნიკაცია, ტრანსპორტი, ავიაცია. აღსანიშნავია, რომ კოსოვო დღეისათვის 70-მა ქვეყანამ აღიარა. მეზობლებთან ურთიერთობების გარდა, სერბეთში ბოლო დროს უმცირესობების პრობლემაც აქტუალური გახდა. კლინტონის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, დედაქალაქის ქუჩები სექსუალური უმცირესობის პარადის გამართვის საწინააღმდეგო გამოსვლებმა მოიცვა. 6 ათასი ადამიანისგან შემდგარმა თავზეხელაღებულთა ჯგუფმა იერიში პოლიციაზე, მაღაზიებზე, მანქანებსა და მმართველი დემოკრატიული პარტიის შტაბბინაზე მიიტანა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყნის შიგნით არსებულ სოციალურ დაძაბულობას.
კლინტონმა კოსოვოშიც მთავარი აქცენტი რეგიონულ თანამშრომლობასა და მხარეებს შორის დიალოგის დაწყებაზე გააკეთა. „დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, მეზობლებს შორის მშვიდობის გაღრმავების და გრძელვადიანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის დროა” – ეს იყო სახელმწიფო მდივნის მთავარი მესიჯი. მან ასევე ისაუბრა რეფორმების საჭიროებაზე ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად.
ბალკანეთში გამართული შეხვედრების შემდეგ სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში გაემართა ევროპელ ლიდერებთან ამ ქვეყნების შესახებ მოსალაპარაკებლად. 25 ოქტომბრისთვის სერბები ევროკავშირში ინტეგრაციის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას ელოდებიან.
რეგიონში ვითარების გამოსწორებას, ქვეყნების ლიდერთა შორის კონსტრუქციული ურთიერთობების წახალისებას, როგორც ევროკავშირი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად ცდილობენ. სწორედ ევროპელმა ლიდერებმა დაითანხმეს ბელგრადი კოსოვოსთან დიალოგის დაწყებაზე. კლინტონის განცხადებით კი, „ევროპის ინტეგრაციის პროცესი ბალკანეთის გარეშე ვერ დასრულდება”.
 

კომენტარები