რუსეთი პერევიდან სამხედროებს გაიყვანს

რუსეთი სოფელ პერევიდან სამხედროებს გაიყვანს. ამის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების მეცამეტე რაუნდისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა. 
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ჟენევის მოლაპარაკებებში, გიგა ბოკერია, ამბობს, რომ მიწის თუნდაც ერთი მტკაველის დეოკუპაცია პოზიტიური მოვლენაა, თუმცა ეს მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია იმ ვალდებულებებისა, რაც რუსებს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აქვთ ნაკისრი. ბოკერიამ იმედი გამოთქვა, რომ ეს განცხადება, წინამორბედებისგან განსხვავებით, შესრულდება. მან აღნიშნა, რომ პერევის გათავისუფლებამ არ უნდა შეამციროს რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა თავისი შეუსრულებელი ვალდებულებების გამო და ეს არც მოხდება.
შესაძლოა, რუსეთს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ევროპელ პარტნიორებთან თავის მოსაწონებლად სჭირდება. მიმდინარე თვეში საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი რუსეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს უმასპინძლებს დოვილში. სარკოზი მათ ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ საკითხებში ახალი ტიპის თანამშრომლობას შესთავაზებს.
რუსეთი ძალიან დიდი ხანია ცდილობს, ევროპული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის როლი შეამციროს და ნატოს პარალელური სისტემა შექმნას. პერევის საკითხში კომპრომისით ის შეეცდება შექმნას ილუზია, რომ ევროპელებთან დიალოგით პრობლემები უფრო ადვილად გვარდება, ხოლო ამერიკელების მონაწილეობას მხოლოდ ზედმეტი დაძაბულობა შეაქვს და კონფლიქტების დარეგულირებას ართულებს.
რუსეთთან ურთიერთობის თემა ქართველ პოლიტიკოსთა შორის მზარდი უთანხმოების საგანია. ბოლო წლებში გამოჩნდა არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს საგარეოპოლიტიკური ვექტორის დასავლეთიდან რუსეთისკენ შებრუნებას ცდილობს. უფრო ზომიერი ოპონენტებისთვის, მართალია, მზე ჩრდილოეთიდან არ ამოდის, მაგრამ, შევარდნაძის მსგავსად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გასაღებს ისინიც მოსკოვში ეძებენ. მათი აზრით, საქართველომ პირველმა უნდა გადადგას ნაბიჯი დიდი ჩრდილოელი მეზობლისაკენ და წინაპირობების გარეშე დიალოგი დაიწყოს.
რუსეთთან მოლაპარაკებების პრინციპულ მზადყოფნას ხელისუფლებაც არ გამორიცხავს, მაგრამ მას კრემლთან ერთი ერთზე, საერთაშორისო თანამეგობრობის გარეშე, დიალოგი საქართველოსთვის წამგებიანად მიაჩნია. ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი საერთაშორისო მედიაციით მიმდინარეობს, ხელისუფლებას მოსკოვთან ურთიერთობის ერთადერთ ეფექტიან ფორმად მიაჩნია, რომელმაც საბოლოო ჯამში ოკუპირებული ტერიტორიების სრული გათავისუფლება უნდა მოიტანოს. ამ მიმართულებით გადადგმული უმნიშვნელო, თუმცა მაინც პირველი ნაბიჯი – პერევიდან რუსების გასვლა სწორედ ამ ფორმატის პირობებში გახდა შესაძლებელი.
ცხადია, მიღწეულით კმაყოფილი არავინაა, მაგრამ ხელისუფლება გამოსავალს ჟენევის ფორმატის დასავლური მდგენელის გაძლიერებაში ხედავს და არა ევროპელი და განსაკუთრებით ამერიკელი მოკავშირეების გარეშე კრემლთან მოლაპარაკებებში.

კომენტარები