ერაყი ახალი მთავრობის მოლოდინში

პარლამენტის სპიკერი აიად ალ-სამარაი და ყოფილი პრემიერი იად ალავი
ერაყის მოქმედი პრემიერი ნური ალ მალიქი არსებული პოლიტიკური კრიზისის მომავალი კვირისთვის დასრულებას ვარაუდობს. მისი აზრით, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყება. საპარლამენტო არჩევნები ერაყში 2010 წლის 26 მარტს ჩატარდა, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა ახალი მთავრობის ჩამოყალიბება.
ქვეყნის პოლიტიკაში დღეისათვის ოთხი ძირითადი ბანაკია. მათგან უმთავრესია ნური ალ მალიქის შიიტური პარტია სამართლებრივი სახელმწიფო და იად ალავის ეროვნული მოძრაობა, რომელშიც ზომიერი შიიტები და სუნიტები შედიან. მათ შემდეგ მოდის კიდევ ერთი შიიტური გაერთიანება – ეროვნული ალიანსი. მისი ძირითადი მოთამაშეები პროირანული და ანტიამერიკული სასულიერო პირის მოქტადა ალ-სადრის მომხრეები და კიდევ ერთი დიდი სასულიერო ოჯახის შთამომავლის – ამარ ალ-ჰაკიმის ისლამური უმაღლესი საბჭოა. ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს ქურთული სიაც, რომელიც ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიას და პატრიოტულ კავშირს აერთიანებს. ამას გარდა, პარლამენტში კიდევ ორი პატარა სუნიტური პარტიაა წარმოდგენილი.
ორი შიიტური პარტია – მალიქის სამართლებრივი სახელმწიფო და ეროვნული ალიანსი – წინა არჩევნებზე ერთიან პოლიტიკურ ბლოკს წარმოადგენდა. 2 წლის წინ მათი გზები გაიყო. ამ განხეთქილების შედეგად ალავის პარტია პარლამენტში ყველაზე მსხვილ ძალად იქცა.
ეროვნულ მოძრაობას 91 მანდატი აქვს, სამართლებრივ სახელმწიფოს – 89. შესაბამისად, ვერც ალავი და ვერც მალიქი დამოუკიდებლად მთავრობას ვერ შექმნიან, რისთვისაც პარლამენტის 325 წევრიდან 163-ის ხმაა საჭირო. ამიტომ ორივე მხარისათვის ეროვნული ალიანსისა და ქურთების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ცოტა ხნის წინ მალიქიმ სადრისტების სახით ახალი მოკავშირეები შეიძინა. მოქტადა ალ-სადრის მომხრეებს პარლამენტში 39 ადგილი უკავიათ. მათი და კიდევ რამდენიმე მცირე პარტიის დახმარებით მალიქის 132-დან 148-მდე მხარდამჭერის მობილიზება შეუძლია.
ძნელი სათქმელია, მალიქისთვის ახალი მოკავშირეები შენაძენია თუ დამატებითი თავსატკივარი. სადრისტები ახალ მთავრობაში საკვანძო პოსტების გარდა, საჯარო სამსახურის, მათ შორის ჯარსა და პოლიციაში, ადგილების 25%-ს ითხოვენ. მთავრობის ფორმირებისა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებისათვის ისინი მალიქის ერთ თვეს აძლევენ. ამის შემდეგ პრემიერის თანამდებობაზე სხვა ვარიანტების განხილვას დაიწყებენ.
ერაყის პოლიტიკაში სადრისტების და, შესაბამისად, მათი პატრონის – ირანის გავლენის ზრდა ვაშინგტონის შეშფოთებას იწვევს. ამერიკა მათთვის მნიშვნელოვანი პოსტების მინიჭებას ეწინააღმდეგება. შეერთებული შტატების მიზანი უმოკლეს ვადაში ვაკუუმის აღმოფხვრაა. თეთრი სახლი ცდილობს ისეთი პოლიტიკური კონფიგურაციის გამოკვეთას, რომელიც სტაბილურობის შენარჩუნებას შეძლებს და ამერიკული ჯარის ხელშეუშლელად გასვლას განაპირობებს. ამისათვის მას ძლიერი ლიდერი სჭირდება, რომელიც შიიტების, სუნიტებისა და ქურთებისათვის მისაღები იქნება. მათ შორის თანხმობის მიღწევა ყოველთვის რთული იყო, ამიტომ ახალი მთავრობის ფორმირება, როგორც ჩანს, შემდეგ წლამდე გაიჭიმება.
სადრისტებისა და მალიქის გაერთიანების პარალელურად სხვა მოვლენებიც ვითარდება. მიმდინარეობს ეროვნულ საბჭოში შემავალი მეორე პარტიის – ისლამური უმაღლესი საბჭოსა და მისი სატელიტი სხვა მცირე პარტიების 25 დეპუტატის იად ალავის ბლოკთან დაახლოების პროცესი. შესაძლოა, ალტერნატიული ძლიერი კოალიცია ჩამოყალიბდეს. ალავის მსგავსად ისინი მალიქის ავტორიტარულ ტენდენციებში ადანაშაულებენ და მეორე ვადით მის პრემიერად არჩევას ეწინააღმდეგებიან. პრემიერის პოსტზე ალ ჰაქიმის მომხრეებს საკუთარი კანდიდატი ჰყავთ – ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ადელ აბდულ მაჰდი.
უმაღლესი ისლამური საბჭო მხარს არ უჭერს ისეთ მთავრობას, სადაც ალავი არ იქნება წარმოდგენილი. ეროვნული მოძრაობის თამაშგარეთ დატოვება სუნიტების გაუცხოების საფრთხეს შეიცავს. ალავის ბლოკი შიიტებთან ერთად ზომიერ სუნიტებს აერთიანებს. ეს უკანასკნელები ერაყის მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენენ. თავის დროზე ისინი სადამ ჰუსეინის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდნენ. მისი დამხობის შემდეგ კი ახალი წყობის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლის მთავარ საყრდენად ითვლებიან.
საბოლოოდ, ახალი მთავრობის ბედი ერაყის ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობის – ქურთების ხელში იქნება. ისინი პარლამენტში 57 მანდატით არიან წარმოდგენილნი და უარს აცხადებენ ისეთი მთავრობის მხარდაჭერაზე, სადაც ეროვნული მოძრაობა და ისლამური უმაღლესი საბჭო არ შევა. ქურთები ავტონომიისთვის ნავთობით მდიდარი კირკუკის რეგიონის გადაცემას და ავტონომიის შიგნით ნავთობმოპოვებაზე კონტროლის გაფართოებას ითხოვენ.
აგვისტოში მათ თანამშრომლობის სანაცვლოდ 19 პირობა წამოაყენეს. მათ შორისაა ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე (ქვეყნის ჩრდილოეთი) არსებულ ნავთობის მარაგების წარმართვასა და ექსპლუატაციაში ჩართულობის გაზრდა. ისინი უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებებში პირდაპირ ჩართულობასა და მათთან ხელშეკრულების დადების უფლებას ითხოვენ. ასევე, სურთ ქურთული სამხედრო ნაწილის დაფინანსება. პირობათა ჩამონათვალში კოალიციური მთავრობის შექმნაც შედის. ქურთების განცხადებით, საჭიროა ქვეყნის მომავალ ხელისუფლებაში ყველა პოლიტიკური ძალა მონაწილეობდეს. მათ შორის სუნიტებიც.
ქურთების იმედი აქვს ალ მალიქისაც. მართალია, ბოლო დროს მათ შორის ურთიერთობები ჩიხში მოექცა, მაგრამ პრემიერმა ამ სიტუაციის გამოსასწორებლად უკვე გადადგა რამდენიმე ქმედითი ნაბიჯი.
Washington Post-ი იუწყება, რომ 3 ოქტომბერს იად ალავისა და მოქტადა ალ-სადრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სადრმა ახალი კომპრომისული გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ალავი პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს. გაფართოვდება პრეზიდენტის უფლებამოსილებები საგარეო, თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში.
ეს გეგმა დამატებით სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ამჟამად პრეზიდენტის პოსტი ქურთებს ეკუთვნით და ისინი მას ადვილად არ დათმობენ. თუმცა ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, პარლამენტის სპიკერის როლს დასჯერდნენ, თუკი სანაცვლოდ სხვა საკითხებში მათ ინტერესს გაითვალისწინებენ – პირველ რიგში, ქურთების ტერიტორიული პრეტენზიები იგულისხმება.
ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვაკუუმი ვითარების დესტაბილიზაციისა და მომავალი დაპირისპირების შიშს ბადებს. 2010 წლის აგვისტოში ობამას ადმინისტრაციამ საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტა. დღეისათვის ერაყში 50 ათასი სამხედროა დარჩენილი, რომელთა გამოყვანა 2011 წლის დეკემბრისთვის უნდა მოხერხდეს. ბევრს ეჭვი შეაქვს ერაყის სამხედრო ნაწილების შესაძლებლობებში. სადავოა, რამდენად მოახერხებენ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვასა და მეამბოხეთა გაძლიერების თავიდან აცილებას.

კომენტარები