ნაბიჯი კავკასიური ერთობისკენ

13 ოქტომბრიდან ჩრდილოეთ კავკასიელებს საქართველოში შემოსვლა უვიზოდ შეეძლებათ. საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰუმანიტარული მოტივებითა და პოლიტიკური ინტერესით არის განპირობებული. 
დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის – ალანიის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ადიღეის რესპუბლიკებში მცხოვრებნი იძულებული იყვნენ საქართველოში შემოსასვლელი ვიზის ასაღებად დღემდე მოსკოვში ჩასულიყვნენ. გასული კვირიდან კი საზღვრის უვიზოდ გადმოკვეთის და საქართველოში უვიზო რეჟიმში 90 დღის განმავლობაში ყოფნის საშუალება აქვთ.
საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მიზნად ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ტრადიციული ისტორიული კავშირების აღდგენას ისახავს. იგი საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაეროს ტრიბუნიდან დეკლარირებული ახალი პოლიტიკური ხედვის – მშვიდობიანი და ერთიანი კავკასიის პოლიტიკის ნაწილია. მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას კავკასიის ერთიან კონტექსტში განხილვა შესთავაზა. პარალელურად კი, რუსეთს ამ პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა კრემლი გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, კავკასიის მოდერნიზაცია მის გარეშე ჩაივლის. სააკაშვილის განცხადებით, კავკასიის გაერთიანებისაკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯები ენერგოსექტორში, განათლებაში, კულტურულ და სამოქალაქო სფეროებში კონკრეტული პროექტებით დაიწყება.
საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა გასულ კვირასაც. ეს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება. ამას კრემლის მხრიდან მხოლოდ გაღიზიანება მოჰყვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ, რომ საქართველოს გადაწყვეტილება საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერია. ნებისმიერ ქვეყანას მეზობელი ტერიტორიების მცხოვრებთათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების უფლება აქვს. მიუხედავად ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯს პოპულიზმი უწოდა. მან მსგავსი საკითხების ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განხილვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
საინტერესოა, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმის დაწესების პრაქტიკა პირველად სწორედ რუსეთმა გამოიყენა. 2000 წლის დეკემბერში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებისას, კრემლმა აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის გამონაკლისი ცალმხრივად დაუშვა. მეტიც – 2003 წლის ბოლოს აჭარის მაშინდელმა მმართველმა ასლან აბაშიძემ ცენტრალურ ხელისუფლებას გვერდი აუარა და რუსეთის ხელისუფლებასთან უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკებები დაიწყო. აბაშიძის ამ აქტივობას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნით შეხვდა. წლების მანძილზე მოსკოვი მსგავს გადაწყვეტილებებს საქართველოზე ზეწოლისთვის იყენებდა.
სწორედ ამ ფაქტებზე გააკეთა აქცენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას. “როდესაც რუსეთმა ცალმხრივად შემოიღო სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჩვენთვის არავის უკითხავს. ამრიგად, არასდროს მოითხოვოთ ის, რისი უზრუნველყოფისთვისაც თქვენ არ ხართ მზად”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
საქართველოს ახალი სტრატეგია ერთიანი კავკასიის შესახებ რუსეთის ინტერესებს კავკასიაში უდავოდ ავიწროებს. კრემლის პოლიტიკა საქართველოსადმი სიძულვილის დემონსტრირებით, ქვეყანაში საოკუპაციო რეჟიმებით, ჩრდილოეთ კავკასიაში კი ანტიქართული პროპაგანდით და ფაქტობრივი საინფორმაციო ვაკუუმით არის გამოხატული. ამასთან, მშვიდობიანი კავკასიის ქართული ფორმულა რუსეთის „ჩრდილოეთ კავკასიის განვითარების სტრატეგიას 2025 წლამდე” უპირისპირდება. ამ სტრატეგიის შესაბამისად, კრემლს სურს, სამუშაოს უზრუნველყოფის მოტივით, ჩრდილოეთ კავკასიელები რუსეთის სხვა რეგიონებში გადაასახლოს. ჩრდილოეთ კავკასიაში კი რუსულენოვანი და ეთნიკურად რუსული მოსახლეობის მიგრაციას შეუწყოს ხელი. ეს სტრატეგია ჩრდილოეთ კავკასიის კავკასიელებისგან თავისუფალ ზონად ქცევას გულისხმობს, რაც ცნობილი საბჭოთა სტრატეგიის აბსოლუტური ანალოგია.
ცხადია, ამ სიტუაციაში დიდი შანსია, ჩრდილო კავკასიელებმა თბილისის მცდელობას ადეკვატური შეფასება მისცენ. საქართველოს ხელისუფლებამ შეღავათიანი სავიზო რეჟიმის შემოღებამდეც გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები – დაიწყო მსჯელობა ჩერქეზთა გენოციდის შესახებ, მოაწყო კონფერენცია ჩრდილოეთ კავკასიელი ექსპერტების მონაწილეობით, შექმნა კავკასიური ტელეარხი. ყველაფერი ეს კავკასიის ხალხებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება. ნდობის აღდგენა კი ამ რეგიონში რუსული სტრატეგიული ხედვების მარცხის წინაპირობად შეიძლება იქცეს.
ამ პროცესს ბოლო წლებში ხელს უშლიდა რუსეთის მიერ ინიცირებული კონფლიქტები საქართველოში. ამ კონფლიქტებში საქართველოს, აფხაზეთის და ოსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ერთად, მათთან სოლიდარულ ჩრდილოეთ კავკასიელთა ნაწილთანაც უწევდა დაპირისპირება. თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულმა მოვლენებმა, რუსეთის მიერ აქ მცხოვრები ხალხების სრული ასიმილირების მცდელობამ, კრემლის რეალური მიზნები მათთვისაც უფრო ნათელი გახადა. ამასთან, აფხაზი საზოგადო მოღვაწეების აშკარა ანტიჩერქეზულმა გამოსვლებმა კონფერენციაზე „რუსეთი-აფხაზეთი, 200 წელი ერთად”, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში აფხაზეთის ხელისუფლების ავტორიტეტი მნიშვნელოვნად შელახა.
ამ პირობებში ქართულ ინიციატივაზე ჩრდილო კავკასიელებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ რუსეთის პასუხი არაადეკვატურია. რუსულ მედიაშიც გამოჩნდა მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ჰუმანიტარულ ჟესტზე, კარგი იქნებოდა, მოსკოვს მსგავსი ჟესტით ან, როგორც მინიმუმ – გაღიზიანების გარეშე ეპასუხა. ეს კრემლის მხრიდან საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვის ნიშანი იქნებოდა. თუმცა მოსკოვის პასუხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ იმპერიისთვის მოქალაქეთა ინტერესი არასოდეს ყოფილა უპირატესი ღირებულება და საგარეო პოლიტიკაში რუსეთი ჰუმანიზმს არ ცნობს.

კომენტარები