„ბოროტების იმპერია” 2030 წლისთვის...

რადიკალური რეფორმების მიუხედავად, სავარაუდოდ, რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს სტატუსს 2030 წლისთვის დაკარგავს. სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით ამერიკა მსოფლიოში ერთადერთი და უდავო ზესახელმწიფოა. იერარქიის მეორე საფეხურს ჩინეთი და ევროკავშირის კონგლომერატი, მესამეს – გერმანია, იაპონია, ინდოეთი და ბრაზილია იკავებენ. უახლოეს მომავალში მათ სამხრეთ კორეა, ხოლო მოგვიანებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და თურქეთი შეუერთდება.
რუსეთი ამ იერარქიაში თითქოს მეორე საფეხურზე უნდა იყოს. თუ გავითვალისწინებთ ბუნებრივ რესურსებს, ბირთვულ პოტენციალს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, ადამიანურ კაპიტალს – ამ ქვეყანას მოწინავე პოზიციის დაკავება არ უნდა უჭირდეს. მაგრამ რიგი პრობლემების გამო ის მხოლოდ მესამე საფეხურზეა.
თანამედროვე მსოფლიო მოდერნიზაციის გარეშე წარმოუდგენელია. რუსეთი კი ამგვარი პროცესისთვის არც კი მომწიფებულა. საკვირველია, მაგრამ ამას დმიტრი მედვედევის მიერ გატარებული რეფორმების იდეოლოგი, თანამედროვე განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარე, იგორ იურგენსი, აღიარებს. მისი სიტყვებით, „რუსეთის მოდერნიზაციას თავად რუსები უშლიან ხელს – ძირითადი მასა ჩვენი თანამემამულეებისა გასულ საუკუნეში ცხოვრობს და განვითარება არ სურს”. ისინი თვლიან, რომ ქვეყანა ბუნებრივი რესურსებითაა მდიდარი და ეს კმარა ენერგეტიკული ზესახელმწიფოს ტიტულის მოსაპოვებლად.
რუსების უბედურება პატერნალიზმშია. „ისინი ჯერ კიდევ ძალიან არქაულები არიან”. რუსულ მენტალიტეტში საზოგადოება უფრო მაღლა დგას, ვიდრე პიროვნება. ამიტომ „სახელმწიფო ყველაფერია, საკუთარი ძალისხმევა – არაფერი”. იურგენსის პროგნოზით, რუსი ერის საზოგადოებრივ-კოლექტივისტური არქაულობის აღმოფხვრას, სულ მცირე, 15 წელი დასჭირდება.

კომენტარები