ოპოზიციური რეცეპტი ამომრჩეველთა სიის მკვდარი სულებისაგან დასაცავად

საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება კვლავ აქტუალური ხდება
ეროვნული ფორუმის ინიციატივითა და 8 ოპოზიციური პარტიის – კონსერვატორები, სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზა”, ირაკლი ალასანიას „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”, რესპუბლიკელები, ხალხის პარტია, მემარჯვენეები და ქრისტიან-დემოკრატები – დასტურით პარლამენტს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი წარედგინა. საკანონმდებლო ინიციატივას 130 ათასი ხელმოწერა ახლავს.
პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები ძირითადად სიის „მკვდარი სულებისაგან” დაცვას ისახავს მიზნად. გათვალისწინებულია ამომრჩეველთა ერთიანი სიის შედგენა მათი წინასწარი რეგისტრაციის მიხედვით. რეგისტრაციას კი პირადი ნომრის, მისამართისა და ამომრჩევლის ბიომეტრიული ფოტოსურათის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ.
ოპოზიციის ინიციატივა ამომრჩეველთა ერთიანი სიის 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას მოქმედი წესის აღდგენას ითვალისწინებს – თუკი ამჟამად მოქმედი პროცედურით, ამომრჩეველი საარჩევნო სიაში ავტომატურად ხვდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოებული რეესტრების საფუძველზე, წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში მხოლოდ იმ მოქალაქეს ექნება არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რომელიც ხმის მიცემამდე გარკვეული დროით ადრე საარჩევნო უბანში მივა და საარჩევნო რეგისტრაციას თავად გაივლის.
ამომრჩეველს რეგისტრაციის გავლის დროს საარჩევნო უბანზევე გადაუღებენ ბიომეტრიულ ფოტოს. სურათს სხვა სარეგისტრაციო მონაცემებთან ერთად (პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი) კომპიუტერში შეიყვანენ. თუ ერთი და იგივე პირი ორჯერ ეცდება რეგისტრაციის გავლას (სხვადასხვა გვარით, სხვადასხვა მისამართზე, ან განსხვავებულ საარჩევნო უბანზე), ბიომეტრიული ფოტოს წყალობით კომპიუტერი გაორებას ავტომატურად აჩვენებს.
ოპოზიციური პარტიების ხელმოწერით პარლამენტში შესული საკანონმდებლო ინიციატივა კენჭისყრის დღის საარჩევნო პროცედურებში მთელ რიგ ტექნიკურ ცვლილებებს ითვალისწინებს. მათ შორისაა: ცვლილებები საარჩევნო ყუთის გახსნამდე არსებულ წესებში, საარჩევნო დოკუმენტაციის შედგენის წესი, ცესკო-ს სუბიექტებზე კონტროლის მექანიზმები და ასე შემდეგ.
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ 2010 წლის ივლისში ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა 95% საარჩევნო სიასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ შეხვედრია. ასეთი პრობლემის შესახებ მხოლოდ 4%-მა მიუთითა. იმავე კვლევის თანახმად, არჩევნებამდე მხოლოდ მოქალაქეთა 21%-მა გადაამოწმა საკუთარი თავი საარჩევნო სიაში, მაშინ როცა 79% აცხადებს, რომ ეს არ გაუკეთებია.

 

 

კომენტარები