საბჭოთა მართლმადიდებლობა

1993 წელს იტალიაში გამოქვეყნდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა ანგარიშები, რომლებსაც ეპისკოპოსები და მიტროპოლიტები საბჭოთა უშიშროებას აბარებდნენ საზღვარგარეთიდან ყოველი ჩამოსვლის შემდეგ. განგებ დავწერე ეს გრძელი სიტყვა — „საზღვარგარეთი” — დღეს ის სულ უფრო და უფრო იშვიათად გამოიყენება, სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის მის მაგიერ კონკრეტული ქვეყნის ან კონტინენტის სახელი. მივეჩვიეთ იმას, რომ ქვეყნიერება ჭრელია და დუბაიში მოგზაურობას ძალზე ცოტა რამ აქვს საერთო ლონდონში ვიზიტთან. მაშინ კი ასე არ იყო: სიტყვა „საზღვარგარეთი” უნდობლობისა და მიმზიდველობის უცნაურ ნარევს აღნიშნავდა.

პირდაპირ ვიტყვი, არაფერი წამიკითხავს ამ ანგარიშებზე უფრო მოსაწყენი: მივედით, დაგვხვდნენ, ვილაპარაკეთ, ვივახშმეთ, შეიჭამა, დაილია, განვიხილეთ თემები...

კონან დოილის ერთ მოთხრობაში, „ჟღალთმიანთა კავშირი”, დანაშაულებრივი ჯგუფი ფიქტიური კონკურსის საშუალებით ქირაობს ერთ კაცს თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი და კარგად ანაზღაურებადი საქმის გასაკეთებლად. კაცს დასვამენ და ბრიტანეთის ენციკლოპედიის გადაწერას დაავალებენ. სინამდვილეში, სჭირდებათ, რომ ეს კაცი შინიდან დიდი ხნით გამოიტყუონ, რადგან ბანკის გასაძარცვავად გვირაბს თხრიან. საქმის არსი აქაც სწორედ ისეთი იყო: სუკი რაღაც ფორმალურ და უინტერესო სისულელეებს აწერინებდა მაღალ იერარქებს, რითაც ორ კურდღელს იჭერდა.

კურდღლები სხვადასხვა ზომისანი იყვნენ. ერთი, უფრო პატარა ბაჭია, წმინდა სინოდს აგრძნობინებდა, ვინ არის უფროსი. როცა იძულებული ხარ, წამდაუწუმ იმაზე იფიქრო, რისი ჩაწერა მოგიწევს ანგარიშში, ბუნებრივად ეჩვევი მონობას. ჰოდა, ქრისტეს მხედრობასაც შესაბამისი კორექტივი შეჰქონდა ახალ აღთქმაში: ღმერთს ღვთისა, სუკს კი სუკისაო.

მეორე კურდღელი გაცილებით უფრო დიდი იყო და ამ თამაშში მართლმადიდებელ სამღვდელოებას სრულიად პასიური როლი ენიჭებოდა. უფრო სწორად, ის მხოლოდ გადაადგილდებოდა.

დანიშნულების ადგილი კი მსოფლიო საეკლესიო საბჭო იყო: ქრისტიანთა ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია. ის აგებულია პრინციპით „ყველა მინუს კათოლიკეები” და 400 მილიონზე მეტ ქრისტიანს აერთიანებს. ამ ორგანიზაციის სათავეში დგას აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც ძალიან ხშირად განიცდის მემარცხენე ხასიათის გავლენებს, ხოლო საბჭოთა პერიოდში ასევე ხშირად იყო მოსკოვის პოლიტიკური ხაზის მომხრე. სწორედ ამ ტრიბუნის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება იყო საბჭოთა მთავრობის მთავარი მიზანი და არა საკუთარი ეპისკოპოსების კონტროლი, რომელიც ყოველგვარი გადაბირების გარეშეც მოხერხდებოდა.

მაგალითად, 1983 წელს, როცა მსოფლიო საეკლესიო საბჭოს გენერალური ასამბლეა კანადაში, კერძოდ, ვანკუვერში ტარდებოდა. ცოტა ხნით ადრე კიევში მოიწვიეს ქრისტიან ქალთა კონგრესი. აქ წაკითხული მოხსენებები და სიტყვები, რა თქმა უნდა, მხოლოდ მოსაწყენ და უსარგებლო „ბლა-ბლას” მიეკუთვნებოდა, მთავარი კი ის იყო, რომ რუსული ეკლესიის ინსტრუქტირებულმა დელეგატებმა დაარწმუნეს დანარჩენები, არ ეყარათ კენჭი ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის მოთხოვნაზე. არგუმენტი მარტივი იყო: თუ ამგვარ მოწოდებას მოეწერება ხელი, საბჭოთა კავშირის მკვიდრ ქრისტიან ქალებს ვანკუვერში არ გაუშვებენ.

ამავე მიზეზით ამავე წელს მსოფლიო საეკლესიო საბჭომ უარი თქვა, ეღიარებინა სარწმუნოებრივი ნიშნით დევნა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წარმომადგენლები თანამშრომლობდნენ საბჭოთა კავშირის „მშვიდობის ფონდთან” — უმსხვილეს ორგანიზაციასთან, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა საბჭოთა საგარეო პოლიტიკის ხელშესაწყობად. უფრო მეტიც, მსოფლიო საეკლესიო საბჭო აქტიურად ეხმარებოდა მთელ მსოფლიოში მემარცხენე ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, რაც ალბათ ვერ მოხდებოდა საბჭოთა საგარეო დაზვერვის მონაწილეობის გარეშე.
უფრო ადრე, 1950-იან წლებში, როცა მსოფლიო საეკლესიო საბჭოს ძირითადი თემა იყო ეკუმენიზმი ანუ სხვადასხვა ქრისტიანულ მიმდინარეობათა შორის თანაარსებობისა და ურთიერთობის პოლიტიკა, მაშინ საბჭოთა ათეისტური პრესა სავსე იყო ეკუმენიზმის კრიტიკით. ეკუმენიზმი აღქმული იყო როგორც ბურჟუაზიული იდეოლოგიის გავრცელების საშუალება. მე წამიკითხავს იმდროინდელი საბჭოთა ჟურნალები და გამკვირვებია, როგორ ჰგავდა მათი რიტორიკა იმ „ფუნდამენტალისტი” სამღვდელოების ენას, რომლებიც 1980-იანი წლების ბოლოდან დღემდე საქართველოს ეკლესიაში გმობენ ეკუმენიზმს. გასაგებია, რომ ჩვენში ამგვარი დამოკიდებულების კულტივირება სსრკ-ს სამართალმემკვიდრეს, რუსეთს აძლევდა ხელს.

მაგრამ 1960 წლიდან ყველაფერი შეიცვალა. სუკმა ღრმად შეაღწია მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წიაღში და „მშვიდობისთვის ბრძოლა” გახდა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ამ დროიდან საბჭოთა პრესაშიც ქრება ეკუმენიზმის კრიტიკა. სწორედ ამ წლებში ააქტიურებენ სუკის თანამშრომელ სამღვდელოებას: ერთი მხრივ, მას საბჭოთა საგარეო პოლიტიკისთვის უნდა დაეჭირა მხარი საერთაშორისო არენაზე, მეორე მხრივ, სსრკ-ს რეაბილიტაცია მოეხდინა რწმენის თავისუფლების საკითხში.

გასაგებია, რომ 1997 წელს საქართველოს ეკლესიის გამოსვლა მსოფლიო საეკლესიო საბჭოდან იმავე პოლიტიკის ნაწილი იყო: რუსეთი ჩვენმა თავისუფლებამ შეაშინა, ამიტომაც მიაღწია ჩვენს გამოსვლას. მართალია, ჩვენს ეკლესიაში აზრის თავისუფლებამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ მაინც...

კომენტარები