მე შენ მიყვარხარ, საყვარელო

50-იანი წლების დასაწყისი...
14 წლის როზმარიმ დღიურს გაუმჟღავნა - „ჩემზე რომ იყოს, დღესვე დედასავით მსახიობი გავხდებოდი”. დედას მაგდა შნაიდერი ერქვა.
ასეც მოხდა. თავის პირველ ფილმში როზმარი მაგდალენა ალბახმა დედასთან ერთად ითამაშა. შემდეგ სკოლა მიატოვა; უკვე იცოდა, რისთვის მიეძღვნა ცხოვრება. 1954-57 წლები მისი შემოქმედების განმსაზღვრელი გამოდგა - ოთხი ფილმი ავსტრიის იმპერატორ ფრანც იოზეფის მეუღლის, ზისის როლში. სენტიმენტალური დედოფლის განსახიერებამ რომი შნაიდერი თავად აქცია დედოფლად. მის კარიერას მოხერხებულად მართავდა მამინაცვალი, რესტორნების მეპატრონე ჰანც-ჰერბერტ ბალცჰაიმი. ცნობილი და, შესაბამისად, გამოცდილი დედა კი ყველა საჯარო გამოსვლისას გოგონას ზურგს უმაგრებდა და ჩასჩურჩულებდა: „გაიღიმე, რომი, გაიღიმე...”
დაახლოებით იმავე დროს საფრანგეთის საზღვაო ძალები დაატოვებინეს „უდისციპლინო” ახალგაზრდა მეზღვაურს. ის ოფიციანტად, პორტიედ, მდივნად მუშაობით ირჩენდა თავს, თუმცა, ზედმეტად სიმპათიური იყო იმისთვის, რომ მის ცხოვრებას ასე უნიათოდ ჩაევლო; 1957 წლის გაზაფხულზე მეგობარ მსახიობ ქალბატონს, ბრიჯიტ ობერს გაჰყვა კანის კინოფესტივალზე - ასე დაიწყო ალენ დელონის თავბრუდამხვევი სამსახიობო კარიერა.
შნაიდერი და დელონი 1958 წელს შეხვდნენ ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე. „ქრისტინას” გადაღება უკვე მთავრდებოდა, როდესაც რომი ალენს სიყვარულში გამოუტყდა. მალე ის პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. „მე სრულიად ფრანგი მინდა გავხდე იმით, თუ როგორ ვცხოვრობ, მიყვარს, მძინავს და ვიცმევ”, - წერდა შნაიდერი. აღელვებული დედა ქალიშვილს ურჩევდა, გაეოფიციალურებინა ურთიერთობა ალენთან. 1959 წლის 22 მარტს დელონი და შნაიდერი დაინიშნენ, თუმცა, მხოლოდ დაინიშნენ...
აღიარებისა და მისი თანმდევი სიმდიდრის მიუხედავად, ელიტურ პარიზში რომი მაინც „პროვინციელად” გრძნობდა თავს. „სამმა პიროვნებამ განსაზღვრა მთელი ჩემი ცხოვრება: ალენმა, ვისკონტიმ და კოკო შანელმა”, - გაიხსენებს მოგვიანებით. მართლაც, შანელმა „პატარა ფუმფულა გოგონა” (ასე მოიხსენიებდნენ პარიზული გაზეთები რომის) ნამდვილ პარიზელ ქალბატონად აქცია. მაგრამ „შემდეგ არაფერი... მე უკვე ჩამომწერეს გერმანიაში, საფრანგეთი კი სერიოზულად არ აღმიქვამდა - მიცნობდნენ ამომავალი სუპერვარსკვლავის, ალენ დელონის მხიარულ კომპანიონად. ჩემთვის ვფიქრობდი: ერთ დღეს ვისკონტისთან ვიმუშავებ, ერთხელაც - რენე კლემენთან... მაგრამ როდის?”
1961 წელს ვისკონტიმ პარიზის სცენაზე დადგა მე-17 საუკუნის ინგლისელი დრამატურგის ჯონ ფორდის პიესა Tis Pity She’s a Whore (საცოდაობაა, რომ ის მეძავია). მთავარ როლებს რომი შნაიდერი და ალენ დელონი ასრულებდნენ. იმავე წელს რომიმ ვისკონტის Boccaccio 70-ში ითამაშა. რეჟისორი შნაიდერს ევროპის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად თვლიდა. რომი actice française გახდა. ორსონ უელსის ფილმით „პროცესი” (ფრანც კაფკას მოტივებზე) მან მშობლიურ გერმანიაშიც მოიპოვა აღიარება.
იზრდებოდა ალენ დელონიც. 1959-61 წლების ფილმებმა - კლემენის „თაკარა მზის ქვეშ” (on the bright sun), ვისკონტის „როკო და მისი ძმები”, ანტონიონის „დაბნელება” (eclipse) მას მსოფლიო მასშტაბით გაუთქვა სახელი.
1962 წელს რომი შნაიდერი ჰოლივუდში მიიწვიეს. ალენი საფრანგეთში დარჩა. ყოველ ხელსაყრელ მომენტში რომი ევროპაში ბრუნდებოდა ალენთან. ერთ დღესაც, ჰოლივუდის სტუდიიდან შინ დაბრუნებულს, ალენის ბარათი დახვდა - მშვიდობით! გიბრუნებ თავისუფლებას და ვიტოვებ შენს გულს”.
წლები გადიოდა. შნაიდერი ცოლად გაჰყვა მსახიობ გარი მეინსს, რომლისგანაც შეეძინა შვილი - დევიდი. დაშორების შემდეგ გარიმ თავი ჩამოიხრჩო. მოგვიანებით რომის ცხოვრებაში გამოჩნდა მისი პირადი მდივანი დანიელ ბიასინი და ის მეორედ გახდა დედა. ორივე ქორწინება უიღბლო გამოდგა. „მე არაფერი ვარ ცხოვრებაში და ყველაფერი - ეკრანზე”, - ამბობდა შნაიდერი.
მრავალფეროვანი იყო ალენ დელონის ცხოვრებაც: გამუდმებით იცვლიდა საყვარლებს, ცოლებს, დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. ყველაფრის მიუხედავად, მზად იყო, რომის პირველივე დაძახებაზე მასთან გაქცეულიყო. ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ფილმში „აუზი”. „ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცი არის და ყოველთვის იქნება ალენ დელონი... დღესაც ალენი ერთადერთი მამაკაცია, რომელსაც ვენდობი. ის ყოველთვის მეხმარება. ალენმა მე ქალად მაქცია. ტკივილმა, რომელმაც არ მომკლა, მხოლოდ გამაძლიერა”.
რომი შნაიდერის ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა, როცა 1981 წელს, საბედისწერო შემთხვევამ მას ვაჟი წაართვა. ჯერ ალენის დაკარგვამ, მერე კი ქმრისა და შვილის სიკვდილმა საშინელ დეპრესიაში ჩააგდო მსახიობი. მიეძალა ალკოჰოლსა და ნარკოტიკს... „მე სრულიად წაშლილი ვარ... მძულს ზისის იმიჯი. სხვას რას ვთავაზობ ხალხს, გარდა ზისისა? უკვე დიდი ხანია, აღარ ვარ ზისი. მე ვარ 42 წლის უბედური ქალი და მქვია რომი შნაიდერი”.
1982 წლის 29 მაისს რომი პარიზში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ალენ დელონმა რომის საფლავზე დატოვა ბარათი: Tu n’as jamais été aussi belle, tu vois j’ai appris quelques mots allemands pour toi: Ich liebe dich meine Liebe - შენ არასდროს ყოფილხარ უფრო მშვენიერი. ხედავ, შენთვის რამდენიმე გერმანული სიტყვა ვისწავლე: მე შენ მიყვარხარ, საყვარელო.



 

კომენტარები