მაშასადამე

მოსკოველი ჟურნალისტი: ანუ ევროპელებს ყოველთვის არ უნდა დავუჯეროთ?
ვანო მერაბიშვილი: მე ვიტყოდი, რომ თითქმის არასდროს არ უნდა დავუჯეროთ.

მე ვარ ლიბერტარიანელი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი.
მე-19 საუკუნის ევროპელი კლასიკური ლიბერალებივით, მწამს პირადი თავისუფლების, შეზღუდული მთავრობის, თავისუფალი ბაზრისა და მშვიდობიანი განვითარების. ჩემი ფასეულობები არსებითად ევროპულია.
ლიბერტარიანელები სინამდვილეში კლასიკური ლიბერალები არიან. ეს „ორი სათაური” მხოლოდ ამერიკელი ლიბერალებისგან გამოსარჩევად გახდა საჭირო. ისინი, ვისაც შეერთებულ შტატებში ლიბერალებს უწოდებენ, სინამდვილეში ამა თუ იმ დოზით სოციალისტები არიან. ასე რომ, მე ლიბერალი ვარ და, მაშასადამე, ვარ ევროპელი.
ამავე დროს, მე ვარ მინარქისტი, მაშასადამე, ევროპელი არ ვარ.
კორექტორის შეცდომა არ გეგონოთ: მონარქიის აღდგენას მხარს არავითარ შემთხვევაში არ ვუჭერ. საკონსტიტუციო კომისიის პატივცემული თავმჯდომარის, ავთანდილ დემეტრაშვილისგან განსხვავებით, არ მგონია, რომ ბაგრატიონებს „გენეტიკური მახსოვრობით” განპირობებული, რამე განსაკუთრებული ნიჭი აქვთ საქართველოს მოქალაქეთა მენეჯმენტისა.
მეტიც, საერთოდ არ მივიჩნევ, რომ საქართველოს მოქალაქეებს რამე მენეჯმენტი სჭირდებათ. პირიქით, მჯერა, რომ რაც უფრო მეტს დაანებებს თავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებსა და მათ ფულს, მით უფრო კარგი იქნება მოქალაქეებისა და სახელმწიფოსთვის.
მინარქისტები არიან სწორედ ისინი, ვინც მცირე სახელმწიფოს მომხრეა; ვისაც მიაჩნია, რომ სახელმწიფოს ფუნქცია მხოლოდ მოქალაქეთა ძალადობისგან, ქურდობისგან, არაკეთილსინდისიერებისა და თაღლითობისგან დაცვაა.
მინარქისტებმა იციან, რომ სახელმწიფოს საქმე არ არის მაღალი გადასახადებისა და სოციალური ხარჯების გზით მოქალაქეთა მიერ შექმნილი დოვლათის გადანაწილება, დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობაში ჩარევა, მედიის დაფინანსება, საზოგადო მორალზე ან სოციალურ თანასწორობაზე ზრუნვა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საბაბით კიტრის სიგრძის სტანდარტის დადგენა ან უსაქმურების სუბსიდირება.
მე მინარქისტი ვარ, მაშასადამე, მე და ევროკავშირის კომისარი შტეფან ფიულე ვერასდროს შევთანხმდებით.
ევროკავშირის გაფართოებაზე (მე ვიტყოდი, გაფართოების არდაშვებაზე) პასუხისმგებელი ბატონი ფიულე ამას წინათ თბილისში იყო და „ზედმეტად ლიბერალური” ეკონომიკური პოლიტიკა გვისაყვედურა. მისგან ეს გასაგებიც არის: მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (МГИМО) დაამთავრა და 1989 წლამდე ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის წევრი იყო. მერე, როგორც სხვა ბევრი ევროკომუნისტი, ევროსოციალისტი გახდა.
მხოლოდ ამ კომისრის მსოფლმხედველობაში რომ ყოფილიყო საქმე, არც კი ვახსენებდი, მაგრამ ეკონომიკური ლიბერალიზმის მტერი მხოლოდ ბატონი ფიულე როდია: ეკონომიკურ ლიბერალიზმს ვერ იტანს ბრიუსელის მთელი ევროაღმასკომი. თან გარდა იმისა, რომ ვერ იტანს, აქტიურადაც ებრძვის.
ევროკავშირი ინსტიტუციონალიზებული განვითარებული სოციალიზმია, რომელიც სავალდებულოა არა მარტო მისი წევრებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ევროპულ სივრცეში თუნდაც მხოლოდ ეკონომიკური ინტეგრაცია სურს. მათ შორის, ჩვენთვისაც.
ადამიანის უფლებათა ქარტია, ევროკავშირის ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელსაც 2009 წლის 1 დეკემბრიდან ყველა წევრი სახელმწიფოსთვის კანონის ძალა აქვს, სხვასთან ერთად აღიარებს შრომის, პენსიისა და განათლების (სავალდებულო!) უფლებებს. ის ძალიან ჰგავს განვითარებული სოციალიზმის ბრეჟნევის დროინდელ საბჭოთა კონსტიტუციას. ბრეჟნევის კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდი იყო. ევროკავშირის ქარტიას კი სავსებით ხელშესახები ეფექტი აქვს - მას კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ჰქვია, რომელსაც ჩვენგანაც კი მოითხოვენ: გინდათ უვიზო ან თავისუფალი ვაჭრობს რეჟიმი? დაანებეთ თავი „თავისუფლების აქტს” და მობრძანდით სოციალ-დემოკრატიაში! ჰმ, ჯერ დავფიქრდებით...
სოციალიზმი ძვირია (თუ არ გჯერათ, საბერძნეთი ნახეთ - თითქმის 120 მილიარდი ევრო ღირს!). სანამ გასოციალისტდებოდნენ, ევროზონის ქვეყნების ეკონომიკები 100-150 წლის მანძილზე ძალიან ლიბერალურ გარემოში ვითარდებოდნენ და, შესაბამისად, იზრდებოდნენ. ზოგიერთნი - მაგალითად, შვედეთი ან შვეიცარია - ისე, რომ ბოლო თითქმის 200 წლის მანძილზე არც კი უომიათ. სწორედ ამან მისცა დღეს დასავლეთ ევროპას სოციალიზმში გადასახდელი ბევრი ფული (შვედეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, საქართველოსთან შედარებით, თითქმის 18-ჯერ მეტია). ჩვენ ასეთი ფული არც გვქონია და უახლოეს მომავალში არც გვექნება.
აქ ჩემს კოლეგას, „ტაბულას” ავტორ კახა ბენდუქიძეს მოვიშველიებ: თუ სოციალისტური ეკონომიკის პოლიტიკას მივყვებით, ჩვენ, როგორც სახელმწიფო, თვითონაც არ ვიქნებით. თავისუფალი ბაზარი და დაბალი გადასახადები ნიშნავს ეკონომიკურ ზრდას. მაღალი გადასახადები და რეგულირებული ეკონომიკა - სტაგნაციას. არჩევანი მარტივია: 30 წლის შემდეგ ან მდიდარი ევროპელები ვიქნებით, ან ღარიბები, ევროკავშირთან ჰარმონიზებული ღარიბები. რუსეთს, ჩემი აზრით, ამაზე მეტი არ უნდა.
მე ლიბერალი ვარ, მაგრამ პირადი თავისუფლების გარდა, ჩემი ქვეყნის არსებობა და თავისუფლებაც მინდა. შესაბამისად, ნაციონალ-ლიბერალი ვარ.
მე ვარ ნაციონალ-ლიბერალი, მაშასადამე, მე ვარ ევროსკეპტიკოსი.
თქვენ?






 

კომენტარები