მარად ცოცხალი ბოროტება

„სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ გეძლევა...” - მკაცრად აფრთხილებდა მკითხველს ნიკოლაი ოსტროვსკის იდეოლოგიურად სავალდებულო რომანი „როგორ იწრთობოდა ფოლადი” - საბჭოთა ფიქციური ჰაგიოგრაფიის მთავარი ტექსტი. არა, მაინც ვერ მოვახერხე ამ გაფრთხილების შესმენა და ერთხელ მოცემული საკუთარი სიცოცხლის სამი საათი დავხარჯე ნიკიტა მიხალკოვის ახალ ფილმზე „მზით გათანგულები 2”. სხვათა შორის, რუსული კინოს მესვეურები ბევრად უფრო ლმობიერად მოეპყრნენ ევროპას: ამბობენ, კანის კინოფესტივალზე ფილმის შემოკლებული, ორსაათიანი ვერსია წაიღესო.

ლოგიკურია: მოკავშირეებს ხომ არ დატანჯავდნენ... სატანჯველი ობიექტები რუსეთში ყოველთვის საკუთარ ტერიტორიაზე ან მის მახლობლად ეგულებოდათ. ამიტომაც იყო ასე მოკლე და მრავლისმეტყველი ცოცხლად დარჩენილი რუსი ვეტერანების რეცენზიები: „წამებაა!” „სახეში შეგვაფურთხეს!”

ფილმში ნაპოვნი უამრავი ისტორიული და ტექნიკური შეცდომა თუ უზუსტობა რუსულენოვან ინტერნეტში უკვე განხილულია. ასევე საკმაოდ ვრცლად განიხილეს ესთეტიკური სისუსტეები და რეჟისორის ავადმყოფური მიდრეკილებები.

თითქმის ყველა კრიტიკოსმა შენიშნა, რომ გერმანელი ოკუპანტები ფილმში არ არიან გამოსახული როგორც ერთგვარი აბსოლუტური ბოროტება. კრიტიკოსებმა ეს გარემოება რატომღაც მხოლოდ საბჭოთა კინოს ტრადიციებთან შედარებით განიხილეს. ზოგმა მასში ძველი ტრადიციების ღალატი შენიშნა, სხვებმა კი სასიკეთო სიახლე დაინახეს. ჩვენ დავამატებთ, რომ მიხალკოვის ფილმში ერთადერთი საშინელება თვითონ ომია: არც ნაციზმი, რადგან სამხედრო დანაშაულს თურმე მხოლოდ ინფანტილური ან დეპრესიული გერმანელები სჩადიან, თანაც უცაბედად; არც საბჭოთა ტოტალიტარიზმი, რადგან სტალინი და ბერია უფრო ბოროტ კლოუნებს ჰგვანან, ვიდრე უსასტიკესი სახელმწიფო რეჟიმის შემოქმედთ.

ფილმში ომის ასახვის მთავარი ნაკლი ის კი არ არის, რასაც კრიტიკოსები აღნიშნავენ - ბატალური სცენების უკიდურესი ნატურალიზმი, სისხლი და ნაწლავები - არამედ ის, რომ ომი რაღაც ავტონომიურ, თვითკმარ, თითქმის სტიქიურ უბედურებად არის წარმოდგენილი. ის ტორნადოსავით ან მიწისძვრასავით ატყდება თავს ფილმის გმირებს, ხოლო ფილმის მაყურებლებს ისტორიის მორალური შეფასების ყოველგვარ შესაძლებლობას ართმევს, სპობს პასუხისმგებლობის საკითხსაც.

ახლა არ მოვყვები ლაპარაკს ფილმის გადაღებაში რუსეთის ხელისუფლების ჩარევაზე, პრემიერ-მინისტრ პუტინის მუდმივ პატრონაჟზე და რეჟისორთან ლამის უშუალო თანამშრომლობაზე - ამის შესახებ მხოლოდ საქვეყნოდ მოარული ჭორები ვიცი და არც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ზოგადი ტენდენცია იმიტომაც არის ზოგადი, რომ ცხოვრების თითქმის ყველა მხარე სარკესავით ირეკლავს მას. ამჯერად ეს ტენდენცია ბანალობაა, უფრო ზუსტად კი ის, რასაც გერმანელი ფილოსოფოსი ქალი, ჰანა არენდტი ბოროტების ბანალობას უწოდებდა.

რუსი მაყურებლის ნაწილმა და ფილმის თითქმის ყველა კრიტიკოსმა მართლაც ადვილად შენიშნეს მიხალკოვის ბანალობა: ის აშკარაა ყველგან, სადაც უბადრუკი იდეოლოგიური შეკვეთების შესასრულებლად რეჟისორი თელავს ისტორიულ ან, უბრალოდ, ადამიანურ დამაჯერებლობას. მაგალითად, იმის დასამტკიცებლად, რომ ომი მთელი მრავალეროვანი იმპერიის ტრაგედია იყო, კრემლის ელიტურ სამხედრო დაჯგუფებაში მან დახვრეტილი მუფტის ვაჟი შეიყვანა - ეს ისტორიული აბსურდიც არ იკმარა და საჯარიმო ბატალიონის სანგარში, საგანგებო განყოფილების ოფიცერთა თვალწინ ერთ ნაციხარ მუსლიმანთან ერთად ნამაზი შეასრულებინა. ამგვარი სისულელეების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა...

მაგრამ არავის გაუმახვილებია ყურადღება ამ ბანალობის წარმოშობაზე. ტყუილად არ გამხსენებია ჰანა არენდტი: მიხალკოვის ბანალობის სათავეც ბოროტებაა. არა, აქ არ ვგულისხმობ იმას, რომ მისი ფილმებიდან დროთა განმავლობაში ნელ-ნელა იკვეთებოდა და ცხადდებოდა რეჟისორის პიროვნული სახე, რომელიც ყველაზე კარგად გამოიხატება მჟღერი და ტევადი ქართული სიტყვით „ახვარი” - ეგ ღმერთმა შეარგოს ნიკიტა მიხალკოვს, მაგის გამო ნუ დავემდურებით. ბოროტება, რომელიც ახლა გვაინტერესებს, მასზე ადრე დაიბადა.

ეს ბოროტება ოდესღაც გვარწმუნებდა, რომ ნაცისტური გერმანიის დამარცხებით ბედნიერება მოუტანა მსოფლიოს. დღეს კი ასეთივე უტიფარი თავხედობით გვარწმუნებს, რომ კატეგორიები „სამართლიანი” და „უსამართლო” სრულიად უსარგებლოა ომის აღწერისას. რეჟისორი თითქოს გვეუბნება: „ბიჭებო, რაც იყო, იყო - რაღა აზრი აქვს ახლა მტყუან-მართლის გარჩევას?” სწორედ ამ საწყისი ბოროტებისგან იბადება კონკრეტული ბანალური ტყუილი: ვერმახტი, რომელიც საერთაშორისო კონვენციების შეუსრულებლობას დარდობს, და საბჭოთა უშიშროება, რომელიც თოჯინასავით ელოლიავება ყოფილ პატიმარს.

მართალია, არის ერთი ეპიზოდი, როცა პიონერთა ბანაკის დირექტორს სუკის ოფიცერთან საუბრისას შარდი ეპარება. მაგრამ ეს, როგორც ეტყობა, რეჟისორის ოჯახური გამოცდილების ექოა. მამამისი, საბჭოთა ჰიმნის ავტორი სერგეი მიხალკოვი, საშინლად ენაბლუ იყო. დიდი მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძის გადმოცემით, როცა უფროსი მიხალკოვი კრემლში ხმამაღლა კითხულობდა კულტურის მუშაკთა მიმართვას, გაღიზიანებულმა სტალინმა დაუყვირა: „რა გული გააწყალეთ, რა ენა გებმებათ?!” ფავორიტი პოეტი შიშისგან გაფითრდა და სხაპასხუპით წაიკითხა ტექსტი - ერთხელაც არ წაბორძიკებულა.

ახლა გასაგებია, რატომ მიუძღვნა ნიკიტა მიხალკოვმა თავისი ბოლო ფილმი მამას...


 

კომენტარები