ევროპული პოლიტიკის შნო ანუ წინასაარჩევნო შეგონება

ფილიპე ლამაზი
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ევროპული პოლიტიკა საერო და საეკლესიო ძალაუფლებათა შორის საუკუნოვანი ურთიერთობის, უფრო ზუსტად კი, კონფლიქტის შედეგად ჩამოყალიბდა, ნელ-ნელა დაიხვეწა და, ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკის სახელწოდებაც დაიმსახურა...

ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროპას ახსოვს, შორეულ 1301 წელს მიიღეს. მაშინ საფრანგეთის ტახტზე ფილიპე იჯდა, ლამაზად წოდებული. ლამაზს იმიტომ ეძახდნენ, რომ მსუქანი იყო და ღაჟღაჟა ლოყებით უჩვეულოდ გამოირჩეოდა შუა საუკუნეების უფრო დამახასიათებელ გაყვითლებულ და ჩაჟამებულ სახეებში. ეს მეფე სიყმაწვილიდანვე რომაული სამართლის სულისკვეთებით იყო აღზრდილი და აღზრდიდანაც ყველაზე მეტად ეს ფრაზა დაამახსოვრდა: „რაიც ხელმწიფეს მოსწონს, იმას კანონის ძალა აქვს”.

რომის ეკლესიის საჭე კი ამ დროს უკვე მოხუცებულ, მაგრამ საოცრად ჯიუტსა და გულზვიად პაპს, ბონიფაციუს VIII ეპყრა. როგორც ეტყობა, პაპი ადეკვატურად ვერ აფასებდა შექმნილ ვითარებას: მას ჯერ კიდევ იმ ეპოქაში ეგონა თავი, როცა პაპები მთელ დასავლეთ საქრისტიანოს აზანზარებდნენ, როცა მათი და მხოლოდ მათი სიტყვა იყო გადამწყვეტი.

ორი ამბიციური ხელისუფლის ურყევი ნება, ბოლოს და ბოლოს, შეეჯახა: არა აქვს მნიშვნელობა, რომელმა მათგანმა მოინდომა პირველმა პარიზის მთავარეპისკოპოსის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის გაყვანა. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება პარიზიდან უფრო ადვილი იყო, ვიდრე რომიდან. განრისხებულმა პაპმა ჯერ პირდაპირ მოსთხოვა მეფეს, მისი დანიშნული ეპისკოპოსის გადაყენება. ფილიპემ იუარა. მაშინ ბონიფაციუსმა საგანგებო განჩინებით ერეტიკოსად გამოაცხადა საფრანგეთის მონარქი.

ეს უკვე სერიოზული რამ იყო. ერთი შეხედვით, მეფეს ორი გზა რჩებოდა.
პირველი: მოეწვია სორბონის უნივერსიტეტის დოქტორები და თეოლოგიურად დაპირისპირებოდა რომის ნებას. ეს სრულიად უპერსპექტივო გზა იყო, პირველ ყოვლისა, ხანგრძლივობის გამო. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ თეოლოგიასა და სჯულის კანონში არ არსებობს ცხადი და ცალსახა დასკვნები. ფილიპეც ერთმნიშვნელოვნად ვერასოდეს დაამტკიცებდა, რომ პაპი მტყუანია.

მეორე: არ შეემჩნია პაპის ბრალდება და განეგრძო ქვეყნის მართვა. მაგრამ ესეც შეუძლებელი იყო, რადგან არც ერთი მეფე არ არსებობს შინაგანი მტრების გარეშე. ადრე თუ გვიან ეს მტრები გამოიყენებდნენ პაპის განჩინებას და შეძლებდნენ მეფის წინააღმდეგ მორწმუნეთა ამხედრებას. ეს ან ღიად მოხდებოდა, ან, რაც უფრო სარწმუნოა, ფარული შეთქმულებით. მკვლელებს კი არ გაუჭირდებოდათ გვირგვინოსნის დამხობისთვის საყოველთაო გამართლების მოპოვება.

ერთი სიტყვით, ფილიპე ერთობ ძნელ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

რა უნდა ექნა? სწორედ აქ მიიღო მეფემ სწორედ რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება: გამოსცა ბრძანება, რომელსაც, ერთი შეხედვით, არავითარი კავშირი არ ჰქონდა საქმის ვითარებასთან. ფილიპემ საკუთარი სამეფოს საზღვრებს გარეთ ფულის ექსპორტი აკრძალა - ამის უფლება ჰქონდა. მერე და რა? ის, რომ პაპის კარი ფრანგულ სამრევლოებში შეკრებილი გადასახადების გარეშე დარჩა. სულ ცოტა ხანში ბონიფაციუსმა ფილიპეს წინააღმდეგ გამოტანილი განჩინება გააუქმა...

ფინანსურ ბერკეტებს ეკლესიასთან ურთიერთობაში მართლმადიდებლებიც იყენებდნენ. ოღონდ სხვანაირად.

IX საუკუნის კონსტანტინოპოლში სარდალმა ნიკიფორე ფოკამ იმპერატორი მოკლა, იმპერატრიცაზე იქორწინა და თავი იმპერიის მმართველად გამოაცხადა. ეს სრულიად ჩვეული ამბავი იყო და არავინ ყურადღებას არ მიაქცევდა, რომ არა ერთი გარემოება: ნიკიფორე იმპერატორის შვილების ნათლია იყო. გამოდის, რომ ცოლად ნათლიდედა შეერთო. სჯულის კანონის ეს დარღვევა კი ათონის წმინდა მთის ბერებმა არ აპატიეს.

მაშინვე მკაცრად ამხილეს უზურპატორი და სისხლის აღმრევი ნიკიფორე. თუმცა არც ნიკიფორე აღმოჩნდა პოლიტიკურ ალღოს მოკლებული: მან ოქრო-ვერცხლით დატვირთული ორი ხომალდი გაგზავნა ათონის მთაზე და ბერებიც დადუმდნენ.

მათი გაგება შეიძლება: მონასტრების მშენებლობასა და ძვირად ღირებულ აღმოსავლურ რიტუალს დიდძალი სახსრები სჭირდებოდა. სად უნდა ეშოვათ საჭირო ფული ქვეყნიერების ცხოვნებისთვის მლოცველ ასკეტებს?

რა განსხვავებაა ამ ორ სტრატეგიას შორის? - პირველი არ არღვევს საერო ხელისუფლების იურისდიქციას და კუთვნილ შემოსავალს ართმევს ეკლესიას. ამგვარად, ამ უკანასკნელს, დათმობის გარდა, არაფერი რჩება. მეორე არღვევს საერო ხელისუფლების იურისდიქციას - რადგან არსებითად კორუფციას წარმოადგენს - და კუთვნილზე მეტი შემოსავლის შეთავაზებით ეკლესიას უქმნის წარმოდგენას, რომ შემდგომ ჯერზე მეტის მოთხოვნა იქნება შესაძლებელი.

რთული ანალიზის გარეშეც გასაგებია, რომ ევროპული სტრატეგია ბევრად უფრო ეფექტურია. თანაც, სწორედ რომ პოლიტიკაა, ანუ გრძელვადიანი ინტერესების დასაკმაყოფილებლად გათვლილი მცირე და ირიბი ზემოქმედება რეალობაზე. ბიზანტიური გზა კი ბანალური ქრთამია, თანაც, უძირო ჭის ასავსებად გამიზნული. ამიტომაც მოხდა, რომ დასავლეთი ცივილიზაციის გზას დაადგა და დღეს მთელი პლანეტის ცხოვრებას განსაზღვრავს. ბიზანტია კი საერთოდ გაქრა მსოფლიო რუკიდან...

ამ ტექსტსაც იმის მცირე იმედით ვწერ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ოდნავ მაინც დაფიქრდებიან, სანამ მიიჩნევენ, რომ წინა არჩევნების დროს ეპისკოპოსებისთვის ნაჩუქარი ჯიპები მომავალი არჩევნებისთვის უკვე მოძველებულია და განახლებას საჭიროებს...

კომენტარები