ჟამი ჭეშმარიტებისა, ანუ იავ-ნანკა, ვარდო-ნანკა

XIX საუკუნის ინგლისელი მოაზროვნე ჯონ სტიუარტ მილი წერდა, რომ შეუძლებელია დიდი მიზნების განხორციელება პატარა ადამიანების მეშვეობით. ვისაც ამ სიტყვებში ეჭვი ეპარება, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის საყურებლად ვიწვევ. ჩვენ კი ტელეკომპანია იმედის ეთერი ჩავრთოთ...

აქ კვირაში ერთხელ, საღამოობით, გადის თიბისი-სტუდიოს მიერ მომზადებული გადაცემა “სიმართლის დრო”. გადაცემის წამყვანი ჯერ შალვა რამიშვილი იყო, მაგრამ მერე გამოცვალეს.

გამოცვლის მიზეზი, როგორც ამბობენ, იყო შეკითხვა: “გიოცნებიათ თუ არა ქალბატონ X-თან სექსზე?” ქალბატონი X-ის ვინაობას არ გავამხელთ: ჯერ ერთი, ყველამ იცის, მეორეც, ვაითუ ჩვენც გამოგვცვალონ. არ ვიცი, რამდენად მართალია ეს ვერსია, მაგრამ შალვა რამიშვილმა სწორედ ამ შეკითხვის შემდეგ დატოვა გადაცემა.

იგი შეცვალა... აქ კი წავიფორხილე... რა დავწერო? ნანკა თავისთავად სახელია, თუ “ნანას” რუსული კნინობითი ფორმა? რა გაეწყობა, დროის მოსაგებად მეც საერთო გუნდს შევუერთდები: შალვა რამიშვილი შეცვალა ნანკა კალატოზიშვილმა. აქ კი შევისვენოთ და თეორიას მივუბრუნდეთ...

რისთვის არსებობს გადაცემა “სიმართლის დრო”? უპირველესი მიზანი ხალხის გართობაა. არაფერი არ ართობს ადამიანებს ისე, როგორც სხვისი საიდუმლოებები. მაგრამ ეს არ კმარა. საჭიროა წინსვლის რაიმე პერსპექტივა, თავისუფლების ხარისხის ზრდა. ეს კი ვერ მიიღწევა მარტოოდენ გავრცელებული ჭორების დადასტურებით.

როგორ მოქმედებს სიცრუის დეტექტორი ანუ პოლიგრაფი? - ვინმეს უსვამენ შეკითხვას: “ნარკოტიკი თუ გაგისინჯავთ?”. საზოგადოების ჯგუფმა, რომელსაც ხან “მთელ თბილისად” მოიხსენიებენ, ხანაც “მთელ საქართველოდ”, იცის, რომ ეს ვინმე ნარკომანია. მისი დადებითი პასუხის შემთხვევაში ყველა იღებს გავრცელებული ჭორის დადასტურებას. თანაც ახლა უკვე მცოდნეთა შორის აღმოჩნდებიან ისინიც, ადრე რომ “მთელი თბილისის” ან “მთელი საქართველოს” ფარგლებში ვერ მოხვდნენ.

ამას დავარქვათ გადაცემის ექსტენსიური მხარე - მარტივად, ეს ნიშნავს, რომ ცოდნა მხოლოდ ფართოვდება, მაგრამ არ ღრმავდება.

მაგრამ არის ინტენსიური მხარეც, ანუ ისეთი, როცა ცოდნა არა მარტო ფართოვდება, არამედ ღრმავდება კიდეც, ესე იგი, შემოაქვს ჩვენს ცნობიერებაში რაღაც ახალი. ეს სიახლე შეიძლება მწვავედ შეეჯახოს იმას, რაც მანამდე ვიცოდით, გამოიწვიოს შინაგანი კრიზისი და გვიჩვენოს, რომ ცხოვრება ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე მანამდე გვეგონა.

ამ შემთხვევაში პოლიგრაფით შემოწმება უნდა გაიარონ ადამიანებმა, რომელთათვის საზოგადოებას ჯერაც ვერ გამოუნახავს ადგილი, ან რომელთა ადგილი უკვე წარსულს ბარდება.

“მე ჰომოსექსუალი ვარ”, “ორმოცი წლის წინათ მე ვთანამშრომლობდი საბჭოთა უშიშროებასთან” - აცხადებენ ადამიანები, რომელთაც ისეთი ახლო მანძილიდან ვხედავთ, რომ უკვე ძნელად თუ ვესვრით ტალახს, რადგან იმის შემჩნევაც მოვახერხეთ, რომ მათ უამრავი დადებითი და მიმზიდველი თვისებაც აქვთ, რომ მათ შეიძლება ენდო კიდეც.

ამგვარად, რეალობის მოულოდნელ მხარეებთან შეხვედრისას ნელ-ნელა იბადება ახალი ღირებულება.

მაგრამ რას ვიღებთ სინამდვილეში?

დავიწყოთ კონკრეტული მაგალითით. “ოდესმე გიგრძვნიათ სირცხვილი, რომ სომეხი ხართ?” - ეკითხება წამყვანი რესპონდენტს და ამის შემდეგ არაფერი იცვლება, ყველა მშვიდად ყლაპავს მომხდარს. მეორე გადაცემაში კვლავ მას ვხედავთ. გამოდის, რომ ერთ ცნობილ ადამიანზე გადაკრულად ნათქვამი სიტყვა (რასაც შალვა რამიშვილი შეეწირა, თითქოს მისი მოგონილი ყოფილიყო ეს შეკითხვა) ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ასეულობით ათასი სომეხი მოქალაქის პირდაპირი შეურაცხყოფა. ესეც თქვენი ინტენსიური მხარე! - რა მოულოდნელი ყოფილა რეალობა!

რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, მთელი რისხვა მხოლოდ ამ გრძელფეხება ნერვულ გოგონას დავატეხოთ თავზე: მთავარი პასუხისმგებლობა თიბისი-სტუდიოს კოლექტივს ეკუთვნის. მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ იქცევა წამყვანი...

ეს არის კონფორმიზმის თვალსაჩინო ნიმუში. სიტყვა “კონფორმიზმი” ორი ნაწილისგან შედგება: “კონ” (თანხვედრა, თანხმობა) და “ფორმა”. ზუსტად ასე, ყოველ ახალ რესპონდენტთან შეხვედრისას ნანკა ირჩევს ჯგუფს, რომელთან სიახლოვეს გამოხატავს. რა ჯგუფია ეს?

ერთმა მცოდნე კაცმა მითხრა, რომ თუ ყველა ქვეყანაში მცირეწლოვანთა დამნაშავეობის დონე უფრო მაღალია ღარიბ უბნებში, თბილისში პირიქით არის. რატომ? - როგორც ეტყობა, იმიტომ, რომ სწორედ თბილისში “მდიდარ” უბნებში მცხოვრებთა შორის არის გავრცელებული სოციალური ჩაკეტილობა, გარეშეთა მიმართ აგრესია, ზნეობრივი სიხისტე და მსგავს თვისებათა კომპლექსი, რომელიც ძველთაგანვე აღინიშნებოდა სიტყვით “მდაბიო”. განსხვავება მხოლოდ ერთია: ისტორიული მდაბიოები იძულებით იყვნენ ისეთები, როგორებიც იყვნენ; თბილისელი “სვეტები” კი ნებაყოფლობით არიან ასეთები.

აბა, როგორ ავხსნათ ნანკას თავხედური შემოტევები და ფიანდაზად გაგებები? “პირად ჰიგიენას თუ იცავთ?” - თეა თუთბერიძეს. “არ მახსოვდა თქვენი ვიზუალური მხარე” (ესე იგი, ასეთი ლამაზი თუ იყავიო) - დოდო გუგეშაშვილს. ორივე კითხვა თვითონ დასვა: პირველი მდაბიოს უტაქტობაა, მეორე კი ასეთივე მდაბიოს ცხოველური შიში იმის წინაშე, ვინც მასზე ძლიერად მიაჩნია.

ეგრეა, ჩვენ არათუ დიდ მიზნებს ვეპოტინებით პატარა ადამიანებით, არამედ პატარა მიზნებისთვისაც მხოლოდ მიკროსკოპულ ადამიანებს ვპოულობთ.

კომენტარები