ქართული ოცნება

თალაკვაძე: საერთოდ რას აპელირებთ ამ დაჩქარებულ ინიციატივებზე?

არჩილ თალაკვაძე
საქართველოს მთავრობა

"რაზეა საუბარი და საერთოდ რას აპელირებთ ამ დაჩქარებულ ინიციტივებზე"? – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპული საქართველოს დეპუტატს, სერგი კაპანაძეს. 

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატ ეკა ბესელიასა და კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვაზე მსჯელობდნენ, რომლის მიხედვითაც, უნდა დაინერგოს მექანიზმი, რითაც არჩევნებზე ბიულეტენები გადამოწმდება. 

ქართული ოცნების ნაწილი მიიჩნევს, რომ ინიციატივა დაჩქარებული წესით არ უნდა განიხილოს, რადგან საარჩევნო კოდექსის ცვლილებები უკვე მიღებულია.

თავის კოლეგებს ქართული ოცნებიდან სერგი კაპანაძემ უთხრა, რომ, სადაც ისეთ მნიშვნელოვან კანონპროექტს იღებენ დაჩქარებული წესით, როგორიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებია, რაზეც კონსენსუსი არ არსებობს, ლოგიკურია, რომ ბესელიას ინიციატივაც დაჩქარებულად განიხილონ. 

"დაჩქარებული წესით აპირებთ განიხილოთ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, ანუ იმ კანონპროექტის, რომლის არც საბოლოო ტექსტი არ არსებობს, სფეროს წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებსა და ოპერატორის წარმომადგენლებისგან არ არის თანხმობა, იმის განხილვას მაინც აპირებთ დაჩქარებული წესით და აქ კონკრეტული კანონპროექტია, რომელიც მართლა არგუმენტირებულია და ლოგიკურად არის დასაბუთებული, რატომ უნდა განიხილოს დაჩქარებული წესით, ამაზე უარს ამბობთ"? – თქვა სერგი კაპანაძემ. 

კაპანაძეს კი თალაკვაძემ უპასუხა და ჰკითხა, რომელი კანონი მიიღეს დაჩქარებული წესით ისეთი, რაც არასწორი იყო. 

"რაზეა საუბარი და საერთოდ რას აპელირებთ ამ დაჩქარებულ ინიციატივებზე? რომელიმე იყო ისეთი, რომელიც არასაჭირო იყო და არასწორ დროს და არასწორ ადგილას იქნა მიღებული? იყო ეგეთი რომელიმე? ლოგიკა თუ იქით არსებობს, სადაც თქვენ გაწყობთ, მაშინ აქეთაც უნდა გაავრცელოთ ეგ ლოგიკა". – თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

კომენტარები