რუსული კანონი

პაპუაშვილი ოცნების აქციაზე: რა იძულება უნდა, როცა შეკრება საქართველოს სუვერენიტეტს ეხება

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 29 აპრილს, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციაზე საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების იძულებით წაყვანასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. პაპუაშვილი ამბობს, რომ როდესაც "შეკრება ქვეყნის სუვერენიტეტს ეხება", იძულებით წაყვანა არავის სჭირდება.

"რა იძულება უნდა, როდესაც შეკრება საქართველოს სუვერენიტეტს ეხება. როცა ეხება იმას, ვინ მართავს ჩვენს ქვეყანას - ქართველი ხალხი მართავს, თუ სხვებმა უნდა გვმართონ. საკითხი ამას შეეხება და რა თქმა უნდა, 29 აპრილს, რუსთაველზე ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე გამოვა და თავის სათქმელს ეტყვის ყველას, ვინც ცდილობს, რომ ქვეყანა იმართოს არა ქართველი ხალხის, არამედ სხვადასხვა ჯგუფის მიერ.

ვისაც არ სურს, ის აქციაზე არც უნდა მოვიდეს. ვისაც სურს, ის უნდა მოვიდეს, ეს არის მნიშვნელოვანი. ვისაც სურს, რომ საქართველოში იყოს სუვერენიტეტი და არ იყოს შავი ფული, ის უნდა მოვიდეს. ხოლო ვისაც სუვერენიტეტი არ სურს და უნდა, რომ ქვეყანაში შავი ფული იყოს, გასაგებია, რომ არ მოვა". - თქვა პაპუაშვილმა.

ბოლო დღეების განმავლობაში, არაერთმა საჯარო მოხელემ აღიარა, რომ მათ 29 აპრილის აქციაზე ხალხის თბილისში ჩამოყვანა დავალებული აქვთ.

ქართული ოცნების განცხადებით, მმართველი პარტია 29 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს და მოსახლეობას მოუწოდებს "ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას".

მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, აქციას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

კომენტარები