რუსული კანონი

რუსეთის მარიონეტები უნდა დასანქცირდნენ – კრამერისა და კელის სტატია

ქართული ოცნება

ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ კრამერმა და აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ გამოცემა The Hill-ში სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც ივანიშვილსა და რუსულ რეჟიმს მკაცრად აკრიტიკებენ და დასავლეთს მოუწოდებენ, ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები მყისიერად დააწესონ. 

"აშშ-მ და ევროკავშირმა სანქციები მყისიერად უნდა დააწესონ მათზე, ვინც საქართველოს დემოკრატიულ დასავლეთში შესვლის მსურველთა წინააღმდეგ მუქარებსა და ძალადობას იყენებს. მათ ოლიგარქ ივანიშვილით უნდა დაიწყონ, რომელსაც ძალაუფლების მთლიანად ხელში ჩაგდება და ქართველი ხალხის მისწრაფებების ჩახშობა სურს. ეს შეიძლება იყოს ერთადერთი გზა ქვეყნის პუტინის რუსეთზე მოდელირებულ ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევის შესაჩერებლად". - წერია სტატიაში. 

ავტორები წერენ, რომ ივანიშვილი დასავლეთს პირდაპირ, შეუფარავად გმობს და პარტნიორებს "გლობალური ომის პარტიად" მოიხსენიებს, რომელიც საქართველოს მოძულე "ფსევდოელიტას" აფინანსებს. ამ ყველაფრის ფონზე, კრამერი და კელი დასავლეთის უმოქმედობას აკრიტიკებენ.  

"ივანიშვილი დასავლეთს აძაგებს ("გლობალური ომის პარტიას"). ის მას "ფსევდოელიტის" დაფინანსებაში ადანაშაულებს, რომელსაც "სძულს საქართველო" , "არ აქვს სამშობლო" და მიზნად "არაადამიანური და სადისტური დიქტატურის დაბრუნებას" ისახავს. ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა ევროკავშირისა და ამერიკის სხვადასხვა ელჩებზე უპრეცედენტო რიტორიკული თავდასხმები დაიწყეს. სახელმწიფოთა მარცხი, ის, რომ თბილისიდან დიპლომატები არ გაიწვიეს, რთული საყურებელი იყო. პუტინი ალბათ ამაყობდა". - წერია სტატიაში.

კრამერი და კელი სახდეპისა და კონგრესის მკაცრ განცხადებებს დადებითად აფასებენ, მაგრამ არასაკმარისად მიიჩნევენ, რადგან თვლიან, რომ სიტყვებს ქმედებებიც უნდა მოჰყვეს. 

"NGO-ების საწინააღმდეგო კანონის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს კონგრესის მხრიდან მკაცრი განცხადებები სასარგებლო იყო, მაგრამ ქართულ ოცნებამ ეს საკმარისად ისმინა და არაფერს შეუჩერებია. სიტყვებს ქმედებაც უნდა მოჰყვეს. აქამდე დასავლური სახელმწიფოები ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში ზედმეტად პასიურები იყვნენ, სანამ ქართულ ოცნებას ქვეყანა არადემოკრატიული მიმართულებით მიჰყავდა და რუსეთს აახლოებდა". - წერია სტატიაში.

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების წინააღმდეგ გამართულ "საერთო-სახალხო შეკრებაზე" წარმოთქმულ სიტყვაში აღიარა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული პრორუსული ნაბიჯები პირადად მისი პასუხისმგებლობაა.

"დასავლეთში ივანიშვილისა და ქართული ოცნების დამცველებისთვის, თავის მოკატუნება შეუძლებელი გახდა. თბილისში, ბონდის ბოროტმოქმედისეულ სასახლეში წლობით გამოკეტვის შემდეგ, ივანიშვილმა პირადად აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდება: 'პრინციპულად და თავდადებით, პირადად მე გავაგრძელებ ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად', თქვა მან ორშაბათს. შედეგების დაკისრების მხრივ დამნაშავის დადგენა გაამარტივა". - წერია სტატიაში.

კრამერი და კელი აღნიშნავენ, რომ სამთავრობო პოლიტიკის მიუხედავად, ქართველი მოსახლეობის თითქმის 80% ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. მათი თქმით, დასავლეთი ქართველთა უმეტესობის გვერდით უნდა დადგეს.

"ბოლოდროინდელი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქართველთა თითქმის 80 პროცენტი EU-სა და NATO-ში გაწევრიანების მომხრეა, მაგრამ საქართველოს მთავრობა საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, სესხულობს რიტორიკასა და საკანონმდებლო იარაღებს, რომლებიც ფაქტობრივად პუტინის რუსეთიდან არის გადაწერილი. დასავლეთი უნდა დადგეს ქართველთ ამ 80 პროცენტთან ერთად და სანქციები დააწესოს მათზე, ვისაც ქვეყანას არასწორი მიმართულებით მიჰყავს". - წერია სტატიაში

სტატიაში წერია, რომ ივანიშვილისა და კობახიძის გარდა, დასავლეთმა უნდა ყველა იმ პარლამენტარის წინააღმდეგაც იმოქმედოს, ვინც რუსულ კანონს მხარს დაუჭერს. ავტორების თქმით, ევროპასა და აშშ-ს დასაკარგი დრო აღარ აქვთ. 

"დასავლურ სახელმწიფოებს აღარ აქვთ დასაკარგი დრო, თუკი სურთ, სცადონ და არ დაუშვან NGO-ების შესახებ კანონპროექტის კანონად ქცევა. ივანიშვილისა და კობახიძის მიზანში ამოღების გარდა, EU-მ და აშშ-მ ყველა ქართველი პარლამენტარი უნდა გააფრთხილოს, რომ NGO-ების საწინააღმდეგო კანონპროექტის მხარდამჭერი ხმა მათ წინააღმდეგ სანქციებამდე მიიყვანს". - წერია სტატიაში. 

კომენტარები