რუსული კანონი

ლელო: ოცნებას საშუალება არ უნდა მივცეთ, ქართველ ხალხს ისტორიული შანსი წაართვას

ლელოში ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ქართული ოცნება ცდილობს, ქართველ ხალხს ისტორიული შანსი წაართვას.

"დღეს ევროპარლამენტმა რუსულ კანონთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომლის სათაურში პირდაპირ წერია - ეს კანონი გამიზნულია იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდოს. ასევე, იქ მკაფიოდ წერია, რომ ეს კანონი საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას ეწინააღმდეგება, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან და დიდ წინაღობას შეუქმნის ქართველი ხალხის სურვილს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

ქართული ოცნების სპიკერების ყველა უბადრუკი მცდელობა, წარმოაჩინონ, რომ თითქოს, ამ კანონის მიღების შემდეგ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია იქნება, უსინდისო ტყუილია [...] ქართული ოცნება ცდილობს, ქართველ ხალხს ისტორიული შანსი წაართვას. ჩვენ მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ". - ამბობს ჯაფარიძე.

დღეს, 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოში რუსული კანონის მიღებას და შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ბლოკის კომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სანქცირების განხილვასა და საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გადახედვას.

მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის მიღებით ევროპარლამენტი ითხოვს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია.

რეზოლუცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გაიწვიონ და პატივი სცენ შარშან დადებულ პირობას, რომ ამ კანონს აღარ დააბრუნებდნენ.

კომენტარები