რუსული კანონი

ჩერგოლეიშვილი: თუ პროტესტმა მარათონის გამძლეობა აჩვენა, რეჟიმის ცვლილება გარდაუვალია

გეგმაო და რაც შეიძლება მოკლედ მინდა დავწერო, ჩემი (ჩვენი) სამოქმედო გეგმა:

  • სად ვართ
  • რა საფრთხე გვაქვს
  • როგორ უნდა ვიმოქმედოთ.

1. სად ვართ:

ქართველი ხალხის ისტორიულ მისიას, დაბრუნდეს შინ, ევროპაში, ღიად და ცალსახად ძირს უთხრის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი იარაღია და იგივე ამოცანას ასრულებს, რასაც ყირიმში "მწვანე კაცუნები", აფხაზეთში "მთის ხალხთა კონფედერაცია".

ამ ოპერაციის ამოცანა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაა.

ძალაუფლებას, მკვეთრად პროდასავლურ ქართულ საზოგადოებაში, რეჟიმი ერთი მხრივ ავტორიტარული გზებით, ხოლო მეორე მხრივ, სტრატეგიული ბუნდოვანების შექმნით ინარჩუნებს.

მაგრამ ახლა, ივანიშვილმა, მისი რეჟიმის არსებობის მანძილზე ყველაზე დიდი კრიზისი შექმნა იმ კანონის უკან დაბრუნებით, რაც ქართველმა ხალხმა, მათ შორის მისმა ამომრჩეველმა, უკან წააღებინა.

კიდევ ერთხელ გამართლდა სიტყვები, რომ რევოლუციებს ყოველთვის რეჟიმები იწვევენ და არა ოპოზიცია - ქართული გაზაფხულის ნიშნები ჩანს, თვითნაბადი, ქვემოდან ზემოთ, ხალხისგან წამოსული საპროტესტო ტალღა აზვირთდა და ძალას იკრებს.

2. რა საფრთხე გვაქვს:

ის უდავოდ მართალია, რომ სტატუსით გაყეყეჩებულმა ივანიშვილმა ვერ გათვალა რა წინააღმდეგობა შეხვდებოდა მის ძირგამომთხრელ მანევრს. ზუსტად ისე, როგორც ავღანეთით გაყეყეჩებულმა პუტინმა ვერ გამოიცნო უკრაინელების ხასიათი და არ გამოუვიდა ბლიცკრიგით რეჟიმის ცვლილება კიევში.

ულამაზესი და უძლიერესია (ერთმანეთთან კავშირშია) წინაღმდეგობა, რასაც საქართველოს ქუჩებში ვხედავთ და ვგრძნობთ და რისი მხარდაჭერაც ყოველდღე იმატებს.

 მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ივანიშვილმა განზრახვაზე ხელი აიღო.

მას ქართული საზოგადოების ბელარუსიზაცია სურს - ამიტომ შემოაბრუნა კანონი, ხალხის ეშინია და ხალხის დემორალიზაცია სურს - სურს, ქართველი ხალხი დაარწმუნოს, რომ პროტესტს აზრი არ აქვს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქართველ მუამარ კადაფის უნდა.

უფრო მეტიც, ახლა ის კუთხეშია მიმწყვდეული. თამასა ისე აწია, და თან ისე აშკარად აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, კიდევ უფრო კრიტიკულია მისთვის რომ სუსტად არ გამოჩნდეს და არაფერი დათმოს.

მისი ამოცანა კვლავ ქართული საზოგადოების გატეხვა, წინააღმდეგობის განადგურება, ერთი სიტყვით, საქართველოს ბელორუსიზაციაა.

საფრთხეც ესაა!

3. როგორ უნდა ვიმოქმედოთ

ამ პროტესტის ერთადერთ ძალას და მომხიბვლელობას წარმოადგენს ის, რომ ნაღდია, რეალურია და ქვემოდან ზემოთ ამოხეთქა.

პროტესტს ქვემოდან ზემოთ წამოსული დინამიკა აძლიერებს.

თუ პროტესტმა მარათონის გამძლეობა აჩვენა და ამ რაოდენობით და ასეთი ჯიუტი სულისკვეთებით პროტესტის ენერგია ეყო, რეჟიმის ცვლილება გარდაუვალია - ჩამოეშლებათ ადმინისტრაციული მასა.

პოლიტიკოსებისთვის, ნებისმიერი ასეთი კრიზისი არის შესაძლებლობა, რომ რეჟიმის ცვლილება მოხდეს და ამ ცვლილებამ ის შინაარსი შეიძინოს, რაც ჩვენთვის, და ჩვენი ამომრჩევლისთვის ძვირფასია - შინ, ევროპაში დაბრუნება.

იმისთვის რომ ჩვენ ეს შევძლოთ, პირველ რიგში არ უნდა ვცადოთ დინამიკის აყირავება და ზემოდან ქვემოთ ლიდერების თავსმოხვევა - ეს კონტრპროდუქტიულია, თუ ქვემოდან ზემოთ, ბუნებრივად არ ხდება.

ნებისმიერი ასეთი ხელოვნური ინჟინერიის მცდელობა ივანიშვილს გაუადვილებს ამოცანას პროტესტი გატეხოს და ქართული გაზაფხულის და რუსი ოლიგარქის შემოდგომის ნაცვლად, მინსკი მივიღოთ.

ლიდერის როლი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ თუ ისინი ბუნებრივად, ქვემოდან ზემოთ არ გაჩნდნენ პროცესში და ვინმემ თავი დირექტორად ზემოდან დაინიშნა - შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს პროცესისთვის.

ჩვენ, ევროპულ საქართველოს და სხვა პარტიებს, რაც შეგვიძლია ისაა, რომ ჩვენი ავტორიტეტის, მხარდაჭერის, ინტელექტუალური რესურსის ფარგლებში ყველანაირი ზომა მივიღოთ, პროტესტი იყოს რაც შეიძლება მრავალრიცხოვანი და ხანგრძლივი - იმისთვის რომ ხიშტებზე მდგარი რეჟიმი დაიღალოს, მისი საყრდენი არჩევნებამდე დემორალიზდეს და დამარცხდეს.

მთავარია მარათონის გამძლეობა და ამ გამძლეობაზე უარყოფითად არავინ უნდა ვიმოქმედოთ - მოლოდინებიც სწორად ვმართოთ.

პირველ რიგში გვახსოვდეს, რომ კანონს მიიღებს, თუ არა - რეჟიმი მაინც შესაცვლელია და შევძლებთ - თუ სამართალდამცავებს და კრიმინალ ზონდერებს დავღლით, "ხიშტებს" გამოვაცლით და ეროზიას გამოვიწვებთ.

ასევე მზად უნდა გვქონდეს შინაარსი, რაც ცვლილებებმა უნდა შეიძინოს - ჩვენ მზად გვაქვს ახალი რესპუბლიკა, და შეგიძლიათ გაეცნოთ.

წერს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები