ლაზარე გრიგორიადისი

ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო პროცესი 17 ოქტომბერს გაიმართება

ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო პროცესი 17 ოქტომბერს გაიმართება.

დღეს, 10 ოქტომბერს პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე დაკითხეს - პოლიციელები. ერთ-ერთი სამართალდამცველის თქმით, მან დაინახა, რომ პოლიციელების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ლაზარე გრიგორიადისმა ისროლა.

ბრალდების მხარის მოწმე ამტკიცებს, რომ გრიგორიადისი მისგან 5-7 მეტრის რადიუსში იდგა. პოლიციელის თქმით, ლაზარეს ნიღაბი ეკეთა, თუმცა, ის ერთ მომენტში ჩამოწია და სახეზე ხელი მოისვა, რა დროსაც, მისივე განცხადებით, ლაზარეს სახის დანახვა შეძლო.

პოლიციელმა თქვა, რომ იმ დროს, ლაზარე გრიგორიადისს მწვანე ქურთუკი ეცვა და სავარაუდოდ, იასამნისფერი "კაპიუშონი" ეხურა. მოწმის მტკიცებით, მან ლაზარეს ამოცნობა შავი წარბებით, მუქი თმით, თხელი ლოყებითა და ტუჩებით შეძლო.

მისივე თქმით, მოლოტოვის კოქტეილის დავარდნის შემდეგ, ერთ-ერთ პოლიციელს ცეცხლი მოეკიდა. ბრალდების მოწმე აცხადებს, რომ მან ზუსტად არ იცის, თუ ვინ იყო ეს სამართალდამცველი, თუმცა, ამბობს, რომ მას "ფორმა ეცვა".

პოლიციელმა პროცესზე თქვა, რომ მან ლაზარე გრიგორიადისის დაკავება იმ წუთასვე სცადა, მაგრამ ამბობს, რომ ის ხალხის მასას შეერია და შესაბამისად, მისი დაკავება ვეღარ მოახერხა.

ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე პოლიციელის თქმით კი, მან დაინახა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მანქანას ცეცხლი წაუკიდა. ის ამბობს, რომ ამისთვის ლაზარემ, სავარაუდოდ, სანთებელა გამოიყენა. მეორე პოლიციელის მსგავსად, მანაც თქვა, რომ გრიგორიადისმა ნიღაბი მოიხსნა და სახეზე ხელი მოისვა.

აღნიშნული მოწმე ამტკიცებს, რომ მან ლაზარე 10 მეტრის მოშორებით დაინახა.


პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისის ადვოკატებმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართეს. სარჩელის მოტივი ლაზარე გრიგორიადისის შესახებ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების საჯაროდ გავრცელებაა. ადვოკატები ითხოვენ, ღარიბაშვილსა და კობახიძეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულს 15 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ასევე მოითხოვს პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ მოიხადონ ბოდიში საჯაროდ.

"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ლაზარე გრიგორიადისზე მისი დაკავების შემდეგ. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი გრიგორიადისს "ანარქისტი" უწოდა.

კომენტარები