ლაზარე გრიგორიადისი

ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო პროცესი 25 ივლისს გაიმართება

ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო პროცესი 22 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება. 

დღეს, 11 ივლისს, პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე დაკითხეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ქიმიური ექსპერტიზის უფროსი. მან თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისის ქურთუკი, ქუდი და ფეხსაცმელი გამოიკვლიეს, ხოლო ნავთობპროდუქტების, მძიმე და ცხიმოვანი მჟავების კვალი მხოლოდ ქურთუკზე დაფიქსირდა.   

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის სიტყვებით, მოწმემ მათ უთხრა, რომ ქურთუკზე ნავთობპროდუქტების კვალი, შესაძლოა, დაბინძურებული გარემოდანაც გაჩნდეს. ადვოკატის სიტყვებით, იმ შემთხვევაში, თუ გრიგორიადისს მოლოტოვის კოქტეილი ნამდვილად ეჭირა და ისროლა, კვალი, პირველ რიგში, ფეხსაცმელზე იქნებოდა, თუმცა მხოლოდ ქურთუკზე აღმოჩნდა მცირე რაოდენობით. 

"ჩვენ კითხვა დავუსვით, პირდაპირი კონტაქტით რჩება კვალი თუ ზოგადად ისეც შეიძლება დარჩეს, მაგალითად, დაბინძურებული ჰაერიდან და გარემოდან, მან [მოწმემ] გასცა პასუხი, რომ [შეიძლება კვალი დარჩეს] დაბინძურებული ტერიტორიიდანაც. ეს იყო სრულიად საკმარისი დაცვის მხარისთვის. ლაზარე გრიგორიადისის გარდა იქ იმყოფებოდა ასობით ადამიანი, ლოგიკურად, გამოდის, რომ ყველას ქურთუკზე იქნებოდა დარჩენილი ნავთობპროდუქტების კვალი, იმიტომ, რომ დაბინძურებული ტერიტორია იყო". - ამბობს ის. 

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისის ადვოკატებმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართეს. სარჩელის მოტივი ლაზარე გრიგორიადისის შესახებ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების საჯაროდ გავრცელებაა. ადვოკატები ითხოვენ, ღარიბაშვილსა და კობახიძეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულს 15 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ასევე მოითხოვს პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ მოიხადონ ბოდიში საჯაროდ.

"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ლაზარე გრიგორიადისზე მისი დაკავების შემდეგ. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი გრიგორიადისს "ანარქისტი" უწოდა.

კომენტარები